ბლოგი კულტურა

რა გადაგვხვდა წუხელ, თბილისში?

უმჯობესი იქნება, დეტალურად, ფაქტების აღწერით დავიწყო ჩემი ნაჩქარევად დაწერილი ბლოგი.

დამღლელი სამუშაო კვირისა და საქმისთვის ღამის თენებების შემდეგ, პარასკევი გიხარია ადამიანს, რომ დაისვენებ, მეგობრებთან ერთად გაერთობი და ამით შეივსებ თუნდაც იმ დანაკლისს ადამიანებთან ურთიერთობების და თვითგამოხატვის, რომელიც კვირიდან კვირამდე გვიჩნდება დღევანდელ სტრესულ ცხოვრებაში.

ღამე 12 საათისკენ გადავწყვიტეთ მეგობრებმა კლუბში წასვლა და უკვე მანქანაში ვნახეთ პოსტი, რომ ბასიანზე სპეცნაზი შეიჭრა და გვთხოვდნენ იქ მისვლასა და მხარდაჭერას. მაშინვე გადავუხვიეთ.

სიტუაცია კლუბ ბასიანთან ძალოვანების გააქტიურებამდე

თავიდან ორასამდე პატრულის და შსს-ს თანამშრომლები შესასვლელთან იდგნენ და ჩვენც იქ ვიდექით. არავინ არაფერს ამბობდა საერთოდ, ყველა გაურკვევლობაში იყო. ძალოვანებმა ცოტა ხანში გვთხოვეს გადავსულიყავით შესასვლელი ტერიტორიიდან, რასაც აბსოლუტურად ყველა იქ მყოფი დაემორჩილა. ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და შემდეგ გზაზე გვთხოვეს გადასვლა, შემდეგ კი გზის მეორე მხარეს და, ამავდროულად, ძალოვანების რაოდენობა მინიმუმ გაორმაგდა! კი ბატონო, არც ერთი ახალგაზრდა არ იყო კანონის რაიმე ფორმით დარღვევის მსურველი და გადავინაცვლეთ მეორე ტროტუარზე.

ძალოვანების თხოვნით გადავდივართ მშვიდობიანად ტროტუარებზე

დგახარ და გიჩნდება კითხვა შსს-ს განცხადების შემდეგ: „3 თვეა იციან, რომ 8 ადამიანია “ბარიგა” და ეს 8 ადამიანი კლუბიდან არასდროს გამოდის, რომ დაიჭირონ?“ ან „თუ კლუბი “ბარიგების” ბუდე ჰგონიათ, ათასობით ადამიანს რატომ უშვებენ გარეთ გაჩხრეკვის გარეშე?“.

ზოგადად, კლუბის შინაარსი რომ არც ჩვენ ხელისუფლებას და არც ჩვენ მშობლებს არ ესმით ამაში ახალი არაფერია, მაგრამ შსს-ს დღევანდელი მოქმედებები ყველაფერია, გარდა ნარკოგამსაღებლებთან ბრძოლისა და ბლოგის ბოლოს შევეცდები დავწერო რას ებრძოდნენ დღეს.

სიტუაციის დაძაბვა და ძალოვანების მომრავლება ტერიტორიაზე

ტროტუარზე ავლისას გაიგებდი ახალგაზრდები როგორ ელაპარაკებოდნენ ძალოვანებს ვინმე დაგველაპარაკოს პასუხისმგებელი რომ ვიცოდეთ რა ხდება და რატომ გვიზღუდავთ თუნდაც მოძრაობასო, მაგრამ არასდროს, არავინ არ გამოსულა და დალაპარაკებია ახალგაზრდობას. წერეთლის გამზირზე პოლიციამ უკვე ისე შორს გადაგვიყვანა, რომ სხვაგან წასასვლელი უბრალოდ არ იყო. უცებ, სრულ სიწყნარეში ადამიანები ტროტუარებიდან პირდაპირი გაგებით იხსნებოდნენ, იტენებოდნენ მანქანებში და გაჰყავდათ. ამას მოყვა ჩოჩქოლი ალაგ-ალაგ, პროტესტი და შეძახილები ახალგაზრდების მხრიდან.

სულ ცოტა ხანში გამოჩნდნენ ჩვენი ვაჟკაცი ნიღბიანი ბიჭები. წვევამდელებიც კი წამოიყვანეს, რაოდენობრივად იქ მყოფ ახალგაზრდებზე მეტი ნამდვილად იქნებოდნენ. არ დააყოვნეს ხელკეტებიანმა და ფარებიანმა ძალოვანებმაც და პირველი გაზი, აირი თუ რაც გინდათ ის დაარქვით, იქვე, გაჩერებასთან ზედ თავზე დაგვცეს. გემრიელად მოგვაწვნენ, გვაგინეს და გვაძახეს: ბარიგები, პიჟონები, ნარკომანები და სხვა ლამაზი ეპითეტები და დაგვშალეს ყველა მხრივ.

ვიდეო: პოლიცია

ახალგაზრდები ცდილობენ                                  გოგონა ცდილობს ძალოვანების
ძალოვანებთან საუბარს                                                                            დამშვიდებას

ახალგაზრდები დავიძარით რუსთაველისკენ და გადავწყვიტეთ, პროტესტი პარლამენტთან გამოგვეხატა. გზადაგზა მედია მოდიოდა, ზოგი პირდაპირ ეთერში იყო ფეისბუქზე და ყველა ხვდებოდა, რომ დღევანდელი ბრძოლა და, საბოლოო ჯამში, ასამდე ძალოვანის მობილიზება ნარკოტიკების გამსაღებლებთან ბრძოლაზე მეტად შსს-ს მიზანი ჩვენკენ უფრო იყო, ვიდრე რამდენიმე კინკილა ადამიანის აყვანისკენ.

კმაყოფილი მზერები შსს-ს შავი მანქანებიდან.

გზადაგზა სხვა ახალგაზრდები გვიერთდებოდნენ, ზოგი ახალგაზრდა მანქანით ნელ-ნელა გამოგვყვა და დილის 4 საათზე აღმაშენებლის ქუჩა მთლიანად გადაჭედილი იყო ახალგაზრდებით, სადაც კრიტიკა ძირითადად ისმოდა სისტემის ხარვეზებსა და თავისუფლების შეზღუდვაზე.

ახალგაზრდები მიდიან რუსთაველზე, პარლამენტის წინ

აღმაშენებლის გამზირი მთლიანად სავსე იყო ახალგაზრდებით

პარლამენტის წინ მოედანი სულ გაივსო, ახალგაზრდები უკვე გვერდებიდან გვიერთდებოდნენ. პატრული და შსს აქაც მოვიდა, აქავებული ხელები და დაგროვილი აგრესია აშკარად აწუხებდათ, როგორც უკვე მათი ღიათ გამოთქმული კომენტარებით ვხვდებოდით.

ახალგაზრდობა შევიკრიბეთ პარლამენტის წინ

აქაც გაგვიმწკრივდნენ და მოგვთხოვეს გზაზე ნუ დგახართო. ახალგაზრდების რეაქცია იგივე – გადავედით უკან. უცებ კიდე გადაქაჩეს ერთი ადამიანი, მეორე ადამიანი და დაიწყო დაძაბულობა. პატრულმა უმოწყალოდ ურტყა წიხლები როგორც ბიჭებს, ისე გოგოებს. ზოგ მანქანაში რამდენიმე შეტენეს. ბოლოს იმდენი ძალოვანი მოიყვანეს, რომ პირველი სკოლის კუთხიდან მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლემდე ორ მწკრივად იგნენ ჯაჭვში. სწორედ ძალის ეს დემონსტრირებაც არის უცნაური შსს-ს მხრიდან იმ ახალგაზრდების მიმართ, რომლებიც პროტესტს სანიმუშოდ გამოხატავენ და ვისგანაც ჩვენ საზოგადოებას ბევრი აქვს სასწავლი.

ძალოვანები რამდენიმე მწკრივად გვივლებენ ზოლს

ოდნავ რომ მიწყნარდა ხალხის შეტენვები და მორიგ დავალებას ელოდებოდნენ, მივედი ახლოს და ვთხოვე, იქნებ ვინმე მოვიდეს, დაგველაპარაკოს, გვითხრას რა გინდათ, გაიგოთ ჩვენ რა გვინდა და საკუთარი შვილები მთელი ღამე არ ცემოთ მეთქი. პასუხად ცივ სახეებს ვიღებდი. გავაგრძელე თხოვნა და ზუსტად ხუთ სხვადასხვა ძალოვანს ვთხოვე – პასუხი იგივე. ტროტუარზე დგომისას კიდევ უკან მოგვთხოვეს გადასვლა და კიდევ შეგვავიწროვეს. იგივე მეორდებოდა, დან ვის დაითრევდნენ და გახევდნენ ცემაში – ხან ვის.

შემდეგ გამოჩნდნენ პოლიტიკოსები, რომლებიც ჩემთვის ამ ეტაპზე ნაკლებად მნიშვნელოვანი ხალხია სახსენებლად და სახალხო დამცველი, ცნობადი სახეები და მეტი ჟურნალისტი. ალბათ ამან შეაკავა უფრო სიტუაცია და ძალადობა მინელდა. დილის 5 საათისთვის, როცა ჯერ კიდევ ბნელოდა ქუჩაში შუქიც ჩააქრეს, ვითომ მზე იყო ამოსული (ცოტა კი გამიკვირდა ცოტა ადრე როგორ არ მიმართეს ამ ხერხს). ახალგაზრდებში კი უკვე გაჩნდა ხმამაღალი შეძახილები, როგორებიცაა „ნეტა საზღვარს იცავდეთ ასე“, „როცა რუსეთის საზღვარზე მივდივართ ნეტა იქ გვედგეთ ესე მხარში“ და ა.შ. დილის ექვსი საათი ხდებოდა უკვე, როცა დაღლილობამ დამძლია და წამოვედი სახლში, აქ მოსულს კი რა დამაძინებდა ეს რომ არ დამეწერა.

ბევრი ვიფიქრე, რას ებრძოდა შსს დღეს? რატომ გამოიყენა უამრავი ძალოსანი ქალაქში სხვადასხვა ადგილზე რამდენიმე კაცის დასაჭერად? რატომ იძალადა ახალგაზრდა თაობაზე? რატომ არ მისცა მშვიდობიანად შეკრების და აზრის გამოხატვის უფლება? და საერთოდ, რატომ არ ებრძვის ნარკოტიკების გამსაღებლებს იქ, სადაც მართლა არიან და ჩვენზე კარგად იციან ეს ადგილებიც და ადამიანებიც? ნარკოტიკების საყიდლად დღემდე არსებობს საიტები ინტერნეტში, საიდანაც შეიძენ ნარკოტიკს და ამ უკანასკნელს, სადაც ყველანაირი შხამი იყიდება შსს არ ებრძვის.

ძალოვანების გამაგრებული მწკრივები შეკრებიდან ჩემი წამოსვლის წინ

ის, რომ სისტემა შესაცვლელია ამაზე ყველა ვთანხმდებით. ზემოთ ჩამოთვლილ კითხვებზე პასუხი არ მაქვს, თუმცა დანამდვილებით მხოლოდ ეს ვიცი: ჩვენ, თავისუფალმა ახალგაზრდობამ, რომელმაც ვისწავლეთ რა არის თავისუფლება მთელი თავისი პასუხისმგებლობებით და შევქმენით მიმზიდველი კულტურა: თბილისის კლუბების, თბილისური გართობის, ღამის ცხოვრების, თავისუფლებისა და თვითგამოხატვის კულტურა, რომელიც მიუღებელია ჩვენი „მამებისთვის“, მათთვის რთულია თავისუფლების გაგება და იმ პასუხისმგებლობების შეგრძნება, რასაც თავისუფლება ჰქვია. დღეს იყო ბრძოლა იმ კულტურებს შორის თბილისში, სადაც ყანწებით თვითგამოხატვის კულტურას არ ესმის ცეკვით, სიგიჟით და ადამიანებთან ურთიერთობებით თვითგამოხატვის კულტურა. კლუბი ჩვენთვის სივრცეა, სადაც სწორედაც რომ გვაქვს საშუალება გამოვხატოთ საკუთარი თავი მაშინ, როცა არ გვინდა ღორებივით დათრობა, როცა არ გვინდა სხვების ცემა და სხვისი ცემით აგრესიის გამოხატვა.

დღევანდელი დღის შემდეგ ძალიან კარგად მესმის იმ თითოეული ნიჭიერი ახალგაზრდის, ვისაც საქართველოში ცხოვრება უბრალოდ არ უნდა. არა იმიტომ, რომ მათ თვითრეალიზაციის პრობლემა აქვთ, არამედ იმიტომ, რომ ამ ადამიანებს საკუთარი თავისა და ემოციების გამოხატვას უკრძალავენ და სწორედაც რომ, უვარდებიან იმ შემოქმედებით სივრცეებში (კლუბებში), რომლებიც მათ შექმნეს!

და მაინც, დღეს მე ვარ ბედნიერი, რომ მომავალ თაობას მოვუყვებით, ბევრი გინების და მხარდაჭერის გარეშე როგორ ვიბრძოდით თვითგამოხატვის უფლების შენარჩუნებისთვის, რომელიც არც იმდროინდელ საზოგადოებას და არც სისტემას არ ესმოდა.

ავტორი: დათო ნადირაძე

პატრულის მანქანაში ჩატენილი ორი ახალგაზრდას დარჩენილი ფეხსაცმელი.

კომენტარები

კომენტარი