საშემსრულებლო ხელოვნება შემოქმედებითი ინდუსტრიები

რომელი ქვეყნებიდან შეგიძლიათ მისცეთ ხმა „ირიაოს“ დღეს „ევროვიზია 2018“-ზე?

„ევროვიზია 2018“-ის მეორე ნახევარფინალში დღეს საქართველოს წარმომადგენელი ჯგუფი „ირიაო“ წარდგება, სიმღერით – „შენი გულისთვის“.

„ირიაოსთვის“ ხმის მიცემა შეუძლიათ საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებს. თუ ცხოვრობთ საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, ჰოლანდიაში, ავსტრალიაში, პოლონეთში, მალტაში, უნგრეთში, ლატვიაში, შვედეთში, მონტენეგროში, სლოვენიაში, ნორვეგიაში, რუმინეთში, სერბეთში, სან მარინოში, დანიაში, რუსეთში, მოლდოვასა და უკრაინაში, უნდა გადართოთ იმ ქვეყნის საზოგადოებრივ მაუწყებელზე, სადაც იმყოფებით, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებელი წერს.

ამის შემდეგ, საქართველოსთვის ხმის მისაცემად უნდა დარეკოთ ან გაგზავნოთ „ირიაოს“ გამოსვლის ნომერი – 10 ეკრანზე მითითებულ ნომერზე.

ევროვიზიის წესების მიხედვით, ქვეყანას თავისი წარმომადგენლებისთვის ხმის მიცემა არ შეუძლია. შესაბამისად, „ირიაოსთვის“ ხმის მიცემას მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნებიდან შეძლებენ. საქართველოდან სხვა ქვეყნების წარმომადგენლებისთვის ხმის მიცემას კი მაყურებელი პირველ არხზე „ევროვიზია 2018-ის“ პირდაპირი ტრანსლირებისას ეკრანზე მითითებული შესაბამისი ნომრების საშუალებით შეძლებს.

პირველ ნახევარფინალში საქართველოს კონკურსანტისთვის ხმის მიცემა არ შეეძლო, ვინაიდან საქართველოს წარმომადგენელი არ მონაწილეობდა. დღეს კი ქვეყანას არჩევანის გაკეთების საშუალება მიეცემა, რადგან ევროვიზიის მეორე ნახევარფინალში „ირიაო“ მღერის.

საქართველოს მოსახლეობას ხმის მიცემა ფინალურ კონცერტზეც შეეძლება.

„ალტის არენას“ სცენაზე მეორე ნახევარფინალში 18 კონკურსანტი მონაწილეობს. მათგან შეირჩევა საუკეთესო ათეული, რომელიც ფინალში 12 მაისს იმღერებს.

ევროვიზიის სიმღერის რიგით 63-ე კონკურსის პირველი ნახევარფინალი 8 მაისს ჩატარდა და ფინალში 10 ქვეყანა გადავიდა: ავსტრია, ესტონეთი, კვიპროსი, ლიტვა, ისრაელი, ჩეხეთი, ბულგარეთი, ალბანეთი, ფინეთი და ირლანდია.

წესების მიხედვით, თითო ნახევარფინალიდან ფინალში 10 ქვეყნის წარმომადგენელი გადადის, სადაც მათ უერთდებიან დიდი ხუთეულის ქვეყნები (დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, საფრანგეთი და ესპანეთი) და გამარჯვებული ქვეყნის წარმომადგენელი, ამ შემთხვევაში, პორტუგალია.

ფინალში ხმის მიცემა შეუძლია 43-ვე ქვეყანას, რომელიც ევროვიზია 2018-ში მონაწილეობს.

„ევროვიზია 2018“-ის ფინალი 12 მაისს გაიმართება. კონკურსის პირდაპირ ტრანსლირებას პირველი არხი 23:00 საათზე შემოგთავაზებთ.

კომენტარები

კომენტარი