კულტურა შემოქმედებითი ინდუსტრიები

10 მაისიდან “კულტურა საზღვრების გარეშე” განხორციელდება

10 მაისიდან – 28 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით, განხორციელდება ა(ა)იპ „1 ეკვილიბრიუმის“ მიერ ინიცირებული პროექტი ,,კულტურა საზღვრებს გარეშე”, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია რიგი ღონისძიებების გამართვა შიდა ქართლისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში (მეჯვრისხევი – 10 მაისი, ქ. ზუგდიდი/სოფ. ტყაია – 21-22 ივნისი, სოფ.ორსანტია/ანაკლია – 6-7 სექტემბერი და სოფ. მერეთი), სადაც მოხდება ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობა ჩასული სტუმრების მიერ ორგანიზებულ კონცერტებსა თუ შეხვედრებში.

პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში, დაგეგმილი ღონისძიებები გაიმართება ა.წ 10 მაისს სოფ. მეჯვრისხევში და ქ. გორში, სადაც მწერლები და მეცნიერები (გიორგი კეკელიძი, გაგა ლომიძე, ნანა ლატარია) წლევანდელ საიუბილეო თარიღებზე გაამახვილებენ ყურადღებას, მათ შორის – დამოუკიდებლობის 100 წლისთავი, ქართული მწერლობა და ხელოვნება 1918-1921; ალ. ყაზბეგი – 170,ო. ჭილაძე – 85), ასევე ისაუბრებენ კულტურული დიალოგის გაღრმავების მნიშვნელობაზე და ინტერაქციის რეჟიმში გამართავენ მკითხველთან დიალოგს, მოეწყობა სხვადასხვა სახის გამოფენები ადგილობრივი და დევნილი ახლაგარზდა ხელოვანების მონაწილეობით და ბოლო დროის ქართული მოკლემეტრაჟიანი, ფილმის „აპრილის სუსხი“ ჩვენება.

პროექტის დასკვნითი ნაწილი შემაჯამებელ კონცერტს გულისხმობს, რომელიც სსიპ ქ. გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში ჯგუფის „ქიმერა“ მონაწილეობით გაიმართება, რომელსაც დაესწრებიან პროექტის „კულტურა საზღვრებს გარეშე“ ფარგლებში მონაწილე სტუდენტები – სოფ. მეჯვრისხევიდან, ასევე ქ.გორში და მის შემოგარენში მცხოვრები სამაჩაბლოდან დევნილი ახალგაზრდები.

ადგილობრივ სკოლასა და ბიბლიოთეკებს გადაეცემა სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული წიგნები.
პროექტის ფარგლებში დიდი მნიშვნელობა ენიჭება წიგნის ხელმისაწვდომობის საკითხსაც.

ამ ეტაპზე პროექტისთვის შერჩეულ სოფლებში (ტყაია, მეჯვრისხევი, ორსანტია, მერეთი), არ არსებობს ბიბლიოთეკები და თავშეყრის ისეთი ადგილები, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ისარგებლებს წიგნებით და განახორციელებს საგანმანათლებლო აქტივობებს და შემეცნებით ღონისძიებებს.

ქართველი გამომცემლების ჩართულობით, მოხდება ღია სამკითხველოების დაარსება – სივრცის, სადაც ახალგაზრდებს შეეძლებათ იკითხონ წიგნი, განახორციელონ საგანმანათლებლო აქტივობები, რაც ხელს შეუწყობს წიგნის პოპულარიზაციასა და განათლების დონის ამაღლებას.

მეჯვრისხევი – გორი 10.05.2018

13:30 – 13:45 სკვერის ბიბლიოთეკის გახსნა სოფ. მეჯვრისხევის საჯარო სკოლის ეზოში
14:00 – 14:20 ლექცია: ქართული ლიტერატურა 1918 – 1921 (გაგა ლომიძე)
14:20 – 14:30 ინტერაქციის რეჟიმში დიალოგი მსმენელთან
14:30 – 14:50 ლექცია: ალექსანდრე ყაზბეგი – 170 (ნანა ლატარია)
14:50 – 15:00 ინტერაქციის რეჟიმში დიალოგი მსმენელთან
15:00 – 15:20 ლექცია: ოთარ ჭილაძე – 85 (გიორგი კეკელიძე)
15:20 – 15:30 ინტერაქციის რეჟიმში დიალოგი მსმენელთან
15:30 – 15:45 – მოკლემეტრაჟიანი ქართული ფილმი „აპრილის სუსხი“
15:45 – წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოვება (7 საუკეთესო მოსწავლე)
17:00 – 18:30 ქ. გორი გ. ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი – მუსიკალური კონცერტი ჯგუფის „ქიმერა” მონაწილეობით.

კომენტარები

კომენტარი