ვიზუალური ხელოვნება

ბადრი ვადაჭკორიას მეოცე საუკუნე “ქოლგა თბილისი ფოტო”-ზე

საერთაშორისო ფოტოკონკურსი “ქოლგა” თბილისში 17 წელია იმართება, ადგილობრივი თუ საერთაშორისო ფოტოგრაფების ნამუშევრებს მასპინძლობს. პროექტის ფარგლებში ტარდება უფასო ვორქშოფები, სემინარები და პორტფოლიოების განხილვები.

“ქოლგა თბილისი ფოტო”- საზეიმოდ გაიხსნა 2018 წლის 4 მაისს. მის ფარგლებში, კონკურსში გამარჯვებული ფოტოების გამოფენასთან ერთად, საქართველოს დედაქალაქი სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივ გამოფენას მასპინძლობს, რომლებზეც წარმოდგენილია როგორც ისტორიულად მნიშვნელოვანი ფოტოები, ისე თანამედროვე ფოტოგრაფიის სხვადასხვა პოზიციის ამსახველი ფოტონამუშევრები.

8 მაისს გაიმართა ცნობილი ქართველი ფოტოგრაფის, ბადრი ვადაჭკორიას ფოტო-გამოფენა, სახელად “ბადრი ვადაჭკორიას მეოცე საუკუნე”.

ქართველი ფოტოგრაფი დაიბადა 1947 წლის 29 მაისს. 1977 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება. სხვადასხვა წლებში არაერთ ქართულ გამოცემასთან თანამშრომლობდა. მათ შორის იყო საქტელერადიოკორპორაციისა და „ახალი ქართული გაზეთის“ კორესპონდენტი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.

გადაღებული აქვს არაერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა საქართველოში. საქართველოს თემაზე არაერთი წიგნი გამოსცა, რისთვისაც სხვადასხვა ჯილდო და პრემია დაიმსახურა. ფოტოგამოფენები მსოფლიოს მრავალ ქალაქში აქვს მოწყობილი. წარდგენილია პირველი ქართველი ფოტოგრაფის, ალექსანდრე როინაშვილის სახელობის პრემიაზე.

კომენტარები

კომენტარი