არქიტექტურა, არქეოლოგია ვიდეოები კულტურა

მუცოს აღდგენისა და გადარჩენის პროექტი ისევ გრძელდება

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და ფონდ „ქართუს“ ფინანსური თანადგომით, გრძელდება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ ინიცირებული, საქართველოს რესტავრაციის ისტორიაში ერთ-ერთი ურთულესი და მასშტაბური ძეგლის, მუცოს აღდგენისა და გადარჩენის პროექტი.

ამ დროისთვის დასრულებულია რეაბილიტაციის მე-4 ეტაპი, რომლის ფარგლებშიც რეაბილიტირდა შუა და ქვედა უბნის ციხე კოშკები და შენობა-ნაგებობები. ფიქალის ქვის ტრადიციული მშრალი წყობით აღდგა ჩამოშლილი და დაზიანებული ფასადები, ავთენტური ფორმით და სათანადო ჰიდროიზოლაციით მოეწყო მათი გადახურვის კონსტრუქციები. სარეაბილიტაციო ეტაპის ფარგლებში, აღდგა 20-მდე ციხე-კოშკი.

პროექტის მიმდინარეობისას, ასევე აღდგენილია ქვის კიბეები, გადახურვის კოჭები და აივნების სვეტები; დამზადდა მუხის ხის კარ-სარკმელები, მოწყობილია თიხატკეპნილი; დასრულებულია ციხე-კოშკების გადახურვის მოწყობაც. ფიქალის ქვების სახით, სამუშაო პროცესში გამოყენებულია ტრადიციული მასალა, რომელიც რეგიონში მოიპოვება.

კლდეზე ნაგები კომპლექსის კრიტიკული მდგომარეობის მიუხედავად, ძეგლის მდებარეობის, მისი სტრუქტურის, არქიტექტურული მდგომარეობისა და რეგიონის კლიმატური პირობების გათვალისწინებით, მუცოს კონსერვაცია წლების განმავლობაში ვერ ხერხდებოდა, რაც ძეგლის არქიტექტურის სტრუქტურული რღვევის პროცესს იწვევდა. 2014 წელს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფინანსური მხარდაჭერით, დაიწყო და გრძელდება მუცოს აღდგენისა და გადარჩენის მასშტაბური პროექტი, რომლის დასკვნითი ეტაპი ფონდი „ქართუს“ ფინასური დონორობით წარიმართა. 2018 წლისთვის იგეგმება სოფლის ზედა უბნის სრული რეაბილიტაცია და ინფრასტრუქტურული მოწყობა.

მუცო უძველესი დროიდან წარმოადგენდა ერთ მთლიან საფორთიფიკაციო, სათავდაცვო სისტემას და ჩრდილოეთიდან საქართველოში მომავალი გზების დამცველ ავანპოსტს. ეს არის მიუვალი სიმაგრე და უანალოგო კომპლექსი, რომელიც განვითარებულია გვიან შუა საუკუნეებში.

სოფელი მუცო მდებარეობს მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ პირიქითა ხევსურეთში, მდინარე არდოტის (არდოტისწყალი) მარჯვენა ნაპირზე.

 

კომენტარები

კომენტარი