ლიტერატურა

რეცენზია ალეკო შუღლაძის “გადამალვაზე”

ფოტო: რადიოთავისუფლება

ალეკო შუღლაძე, როგორც მწერალი, 90–იან წლებში გამოჩნდა, თუმცა ეს ის პერიოდია, როცა ლიტერატურისთვის არავის სცხელა. ამ გამოჩენის შემდეგ კი ალეკო 15 წლით გადაიმალა. 15 წლის შემდეგ კი ქართველ მკითხველს ძალიან საინტერესო რომანი „გადამალვა“ აჩუქა.

წიგნი გამომცემლობა „დიოგენემ“ 2016 წელს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოსცა.

ლიტერატორი შოთა იათაშვილი ამბობს, რომ  ეს წიგნი კონტრასტების წიგნია. შოთას აზრით, ალეკო შუღლაძე ინარჩუნებს თავის სტილს, რომლითაც ლიტერატურაში მოვიდა და ახალ ტონალობებს სძენს მას. ესაა რომანი, სადაც სიკვდილს და ავადმყოფობას ებრძვიან, სადაც ადამიანები ურთიერთთანადგომას სწავლობენ ამ ბრძოლაში, სადაც სტერეოტიპებისა და კომპლექსებისგან თავისუფლდებიან.

ჩემთან საუბრისას, კითხვაზე თუ რატომ დაბრუნდა ალეკო შუღლაძე 15 წლის მერე, მან განაცხადა, რომ ეს განაპირობა რამდენიმე ფაქტორმა: სულიერმა პრაქტიკამ, ბჰაკტის–იოგას შესუსტებამ, მასწავლების გარდაცვალებამ და დედის ავადმყოფობამ. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ეს ტრანსფორმირდა „გადამალვის“ მთავარ ფაბულად, რომელიც 3 თავად (თანმდევი წარსული, ტკივილით შეცნობილი და ირაციონალურის შემოშვეაბ) დაიყო.

რომანის პირველი გვერდი დედაზე ცნობიერებააშლილი ნარატივით იწყება, რაც პოსტმოდერნისტული რომანისთვის დამახასიათებელია. ინტერტექსტუალურად თუ შევხედავთ, რა უნდა გაგვახსენდეს თუ არა სემუელ ბეკეტის „მოლოი“, სადაც პერსონაჟი მოლოი, ისევე, როგორც ალეკო შუღლაძე, დედის მიმართ არაესთეტიკურ და არაეთიკურ დამოკიდებულებას ამჟღავნებს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოლოისთან ეს დამოკიდებულება ექსპლიციტურია, ხოლო ალეკო შუღლაძესთან ამას სწრაფი, პერიპეტიული დისონანსი გამოხატავს. ამის ერთ–ერთი მაგალითი კი შემდეგია: „გადამალვის“ პერსონაჟი გაიგებს, რომ დედამისი ავადაა და საავადმყოფოში წევს. იგი ამით რეპრესიულ ქრონოტოპოსს ქმნის, სივრცე მკითხველთან ერთად იძაბება, პერსონაჟის მოქმედება ნელდება და ჩნდება ჰიპოთეზა, რომ ავტორის ეს ძალიან მტკივნეული მომენტი უნდა იყოს, როცა კარს შეაღებს და პალატაში მწოლიარე დედას დაინახავს, თუმცა ნარატივი სხვაგვარად ვითარდება, მწოლიარე დედას პალატაში შესული ალეკო შუღლაძე შემდეგი სიტყვებით მიმართავს: – ჰა, დე, ხომ არ ჩაიჯვი?“

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიგა ზედანიამ დაწერა ანალიტიკური წერილი „სპილოს გადამალვა“. რთული მისახვედრი არაა, რომ აქ ერთი მხრივ არჩილ ქიქოძის სამხრეთული სპილო, მეორე მხრივ კი ალეკო შუღლაძის გადამალვა იგულისხმება. გიგა ზედანია ამ ორ ტექსტს სოციოლოგიურად განიხილავს და თან კვეთს ლიტერატურათმცოდნეობით ხაზებსაც. მიუხედავად იმისა, რომ ეს გიგა ზედანიას კომპეტენცია საერთოდ არაა, მისი შეხედულება რომანის პერსონაჟზე მაინც აღსანიშნავია: „შუღლაძის მთავარი პერსონაჟი კი დოსტოევსკის “იატაკქვეშა ადამიანისგან” იღებს სათავეს. ეს არის მარგინალიზებული ადამიანი, რომელსაც პოტენციურად ყველაფერი აღიზიანებს, თითქოს კანი არ ჰქონდეს. ეს რესენტიმენტის ადამიანია, რომელსაც დიდი ბოღმა და ჯავრი დაუგუბებია თავის თავში, რაც აგრესიის სიურრეალისტურად შეფერილ სცენებში ვლინდება. გაუსაძლისი ყოფიდან თავის დახსნის ერთადერთ გზად მას გაქცევა მიაჩნია, რადგან ადგილზე პრობლემებისათვის თავის გართმევის შესაძლებლობა – ან, როგორც დღეს იტყვიან, რესურსები – არ აქვს.“

ის, რომ ინტერპრეტაციათა სამყაროში ვცხოვრობთ და თავად სამყაროც გარკვეული სახის ინტერპრეტაციათა პროდუქტია, ახალი არაა, თუმცა პროტესტანტი თეოლოგი და ფილოსოფოსი ფრიდრიჰ შლაიერმახერის შეხედულება ბოლოდროინდელ ეპოქას ერთი ერთში ერგება, რომ ტექსტებს თავისთავში არ აქვთ აზრი, ისინი სუბსტანციურად აზრსმოკლებულნი არიან, ხოლო ინტერპრეტაცია ცდილობს, სუბიექტრი აზრი მიანიჭოს ტექსტს. დღეს დგას რეალობა, სადაც მწერალი წყვეტს ისტორიულ განვითარებას, პროგრესს და ორიენტირებულია გადავიდეს წარსულის განსხვავებულ ინტერპრეტაციაზე, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, ნაწარმოების შინაარსი ჰპოვებს ადგილს, ნაკლებად ხშირ შემთხვევაში კი ნაწარმოების ფორმაში. მიუხედავად იმისა, რომ რომანი ესკაპისტურია, თავად მწერალი ალეკო შუღლაძე არ ცდილობს გაექცეს 90–იანების ესთეტიკას. აგრეთვე, არ ცდილობს გაექცეს პოსტმოდერნიზმს, რაც ჭკვიანური სვლაა და დასაზრახი საერთოდ არაა, თუმცა ცდილობს ახალი ფორმების შემოღებას ქართულ ლიტერატურაში. ვგულისხმობ იმას, რომ ნარატივისთვის იგი ეპისტოლარული რომანის ხერხებს მიმართავს და თავის შვილის დღიურს გვაკითხებს. მცდელობა თავისთავად დასაფასებელია, მაგრამ აშკარად შესამჩნევია, რომ თხრობის ეს ფორმა ძალიან მოუქნელია.

უმბერტო ეკო წერილში „მხატვრულ უწყებათა წარმოშობა ედემურ ენაში“ წერს, რომ საიდან მოყოლებულიც არსებობს ენა, იქედან მოყოლებული არსებობს კულტურაც. ენა მოედანია, შინაგანად პლასტიკურია და სხვადასხვა დისციპლინაში ინსტიტუციონალიზდება. ტექსტი ლიტერატურულია იმით, რომ ეკუთვნის ენას და ენის თვისებიდან გამომდინარეობს. ალეკო შუღლაძის ლიტერატურული ენა მთლიანად ჰკარგავს ლიტერატურულ კულტურას თავისი იაფფასიანი და პრიმიტიული შედარებებით, რომლებიც ისეთ განცდას გვიტოვებს, რომ ავტორი მაღალი კლასის ინტელექტუალური გემოვნების დემონსტრირებას ცდილობს. „ისეთი თავბრუ დამეხვა, ჰიჩკოკს შეშურდებოდა“; „ასეთ რამეს მარტო ბერგმანის ფილმებში თუ ნახავ“, მაგრამ ჩემი გაოცება გამოიწვია ერთ–ერთმა პოსტმოდერნისტულმა ჩანართმა: მოდი ნიცშე, გაუჩხირე დედაჩემს მორფინი“. არ არის ახალი, რომ დღეს პოსტმოდერნიზმით ყველა კაიფობს. პოსტმოდერნიზმიც ოპიუმია, თუმცა ეს ჩანართი მეტ–ნაკლებად ბასიანზე შემოსულ ახალ კლუბურ ნარკოტიკს „მეფედრონს“ იგივე „მკვლელ მარილს“ ჰგავს, რომელსაც არც თუ ისე სასიამოვნო ზემოქმედება უნდა ჰქონდეს, გამომდინარე იქიდან, რომ პირდაპირი რეისით მიჰყავხარ სამარისკენ.

ესკაპისტური რომანის საწინააღმდეგო არავის არაფერი აქვს. იგი ყოველთვის ემსახურება გაგვაქციოს იქ, სადაც ჩვენთვის უკეთესია, თუმცა ალეკო შუღლაძის „გადამალვამ’ ამ მისიას თავი კარგად ვერ გაართვა. გაქცევის დანიშნულების ადგილი აქ სრულიად რეალური ინდოეთია, გოვარდჰანას მთით (რომელიც კრიშნას მთად ითვლება) და ინდუისტი გურუებით. ამიტომ, სანამ ავტორს 5000 ლარს ვაჩუქებთ, დავფიქრდეთ, 5000 ლარად რა გვირჩევნია ლუვრის დათვალიერება თუ ბოლივუდური სიმღერებით და ცეკვებით აჭრელებული ქვეყანა. ავტორი თვითონაც ხვდება, რომ მკითხველისთვის ეს გზა დამღლელია. ის სვამს კითხვას, რომ თუ გაქცევა არ არის გამოსავალი, იქნებ გადამალვა ვცადოთ? გადამალვა ყველაფერი იმის, რაც ჩვენთვის ძვირფასია.

შენ რას ფიქრობ მკითხველო, გაქცევა თუ გადამალვა?

ლექსო ლობჟანიძე

კომენტარები

კომენტარი