შემოქმედებითი ინდუსტრიები

მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიის მონაწილეები უკვე ცნობილია

მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიის ( MISA ) მონაწილეები უკვე ცნობილია. ყოველწლიურ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად 17 ახალგაზრდა შეირჩა.

ვასიკო პაპუნაშვილი, მერაბ სეფაშვილი, ბარბარე თათარაძე, მარიამ სარჯველაძე, ზურა ჯეგნარაძე, კონსტანტინე ეროიანი, ილია ლომთათიძე, ლუკა თოთაძე, ანა ხოფერია, დავით წივწივაძე, დავით აზნაურიანი, ნინო ტყეშელაშვილი, ქეთი ვანიევა, თამარ ტყაბლაძე, მარიამ იასეშვილი, საბა კახიძე, საბა მიქელაძე – ასეთია 17 ახალგაზრდის  ჩამონათვალი, რომლებიც მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიაში მიიღებენ მონაწილეობას.

აკადემიის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი, შორენა ცინცაბაძე აცხადებს, რომ საბოლოო ეტაპისთვის ახალგაზრდები სპეციალური მოსმენების შედეგად შეირჩნენ და თითოეულმა მონაწილემ სხვადასხვა კლასიკური ნაწარმოებები შეასრულა.

„აკადემიაში მონაწილეობის სურვილი უამრავმა ახალგაზრდამ გამოთქვა, თუმცა მხოლოდ 17 ნიჭიერ მუსიკოსს/ახალგაზრდას მიეცა  შემდეგ ეტაპზე გადასვლის შანსი. საბოლოოდ შევარჩიეთ ძალიან ნიჭიერი და პერსპექტიული ახალგაზრდები, რომლებსაც ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვან პროფესიულ გამოცდილებას მისცემს აკადემიაში გატარებული დღეები“,- განუცხადა „არტნიუსს“ შორენა ცინცაბაძემ.

აკადემიის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი ამბობს, რომ  წელს აკადემია სამ მუსიკალურ საკრავს – ფორტეპიანოს, კლარნეტს და ვიოლინოს წარმოაჩენს. მოწვეულ პროფესორებს შორის არიან ამერიკის ერთ-ერთი გამორჩეული პიანისტი ჯერომ როუზი, მოსკოვის ფილარმონიის სოლისტი არტურ ნაზიულინი და  მევიოლინე ნანა იაშვილი.

„საბოლოო ეტაპზე გადასულები თბილისსა და ბათუმში 2-კვირიან მასტერკლასებში მიიღებენ მონაწილეობას. 13-დან 25 წლამდე ახალგაზრდა მუსიკოსებს შესაძლებლობა მიეცათ სრულიად უფასოდ ჩაერთონ პროექტში და მიიღონ მნიშვნელოვანი ინფორმაცია კარიერული ზრდის თვალსაზრისით. აკადემიის მონაწილე გამორჩეულ კურსანტებს საინტერესო საინტერესო სიურპრიზები, საჩუქრები და ჯილდოები ელით. მათ შორის სპივაკოვის ფონდის სტიპენდია – 300 დოლარი 4 თვის განმავლობაში. ასევე გამგზავრება საზღვარგარეთ და კლასიკური მუსიკის კონცერტზე დასწრება და პროფესიონალ მუსიკოსებთან ერთად საკონცერტო კომპოზიციის შესრულება“,- განაცხადა შორენა ცინცაბაძემ.

მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემია ( MISA ) 16 ივნისს საზეიმოდ, გალა კონცერტით თბილისში  გაიხსნება, 20  ივნისიდან კი მოწვეული პროფესორები და მონაწილეები ბათუმში გადაინაცვლებენ. ზღვისპირა ქალაქში ანალოგიური გახსნითი კონცერტი დაგეგმილია 21 ივნისს, ხელოვნების ცენტრის დიდ საკონცერტო დარბაზში.  ამის შემდეგ  ინტენსიური მასტერკლასები დაიწყება და  28 ივნისს დასკვნითი კონცერტითა და დაჯილდოების ცერემონიით აკადემია მუშაობას  დაასრულებს.

MISA –  2017  ბათუმის მერიის ნაწილობრივი დაფინანსებით   ტარდება. ღონისძიების ფარგლებში მოწვეული პროფესორებისთვის სპეციალურ პრიზს აწესებს საქართველოში ყველაზე ძველი ბრენდის, გამორჩეული ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია „სარაჯიშვილი“. ასევე, უცხოელ პროფესორებს და აკადემიის მონაწილეებს ეკოლოგიურად სუფთა ქართული სოფლის ნაწარმის მაღაზია „ხურჯინი“ გადასცემს ტკბილეულს, სასმელებს და სხვა სახის ნუგბარს. ღონისძიების მონაწილე ახალგაზრდებს დააჯილდოვებს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაც.  მოწვეული პროფესორებისთვის საფირმო ჩამოსხმის პროდუქციას გამოყოფს კომპანია „ბორჯომიც“.

კომენტარები

კომენტარი