ლიტერატურა

2016 წელს გამოქვეყნებული საუკეთესო ქართული რომანის ავტორი გამოვლინდა

ილიაუნის ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული – 2016 წელს გამოქვეყნებული საუკეთესო ქართული რომანის ავტორი გამოვლინდა.

კონკურსის გამარჯვებული გახდა არჩილ ქიქოძე რომანით ”სამხრეთული სპილო” (”ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”), რომელსაც 10 000 ლარიანი  ჯილდო გადაეცა.

ილიაუნის ლიტერატურულ კონკურსზე წელს წარდგენილი იყო 12 ქართული რომანი. როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიგა ზედანიამ განაცხადა, უკვე რამდენიმე წელია, რაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აჯილდოებს საუკეთესო რომანის ავტორს.

”ჩვენთვის რომანი მნიშვნელოვანი ჟანრია, რადგან ვფიქრობთ, რომ ეს ჟანრი იძლევა საშუალებას რეფლექსია მოხდეს თანამედროვე საზოგადოებაზე, თანამედროვე კულტურაზე. წელს იყო ძალიან საინტერესო კონკურსი, ბევრი დავისა და კამათის შემდეგ ჟიურიმ ერთხმად გამოავლინა გამარჯვებული. იმედი გვაქვს, რომ ამ კონკურსს თავის წვლილი შეაქვს ქართული ლიტერატურის განვითარების საქმეში”, – განაცხადა გიგა ზედანიამ.

რომანებიდან საუკეთესო  ილიაუნის ლიტერატურული კონკურსის ჟიურიმ შეარჩია, რომლის  წევრებიც  იყვნენ  უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები.

აღნიშნული   ლიტერატურული კონკურსი უკვე 7 წელია, ტარდება.

კომენტარები

კომენტარი