ლიტერატურა შემოქმედებითი ინდუსტრიები

თბილისის მე-4 საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალაზე მონაწილეობას ანჟეი სოსნოვსკი მიიღებს

თბილისის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალზე პოლონელი პოეტი ანჟეი სოსნოვსკი მიიღებს მონაწილეობას, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ.

მოგეხსენებათ, რომ 2018 წელს, საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყანაა. სწორედ ამ საპასუხისმგებლო მისიის მოსამზადებლად იგეგმება აქტიური თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის. თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი ამ პროგრამის ერთგვარ პლატფორმას წარმოადგენს. იგი წელს მეოთხედ გაიმართება.

ანჟეი სოსნოვსკი  დაიბადა ვარშავაში, 1959 წელს. არის ცამეტი პოეტური კრებულის ავტორი, მათ შორის Nouvelles impressions d’Amérique (1994), Zoom (2000), Taxi (2003), Dom Ran (2015), და Traverse (2017). ინგლისურ ენაზე გამოცემულია მისი რჩეული ლექსების ორი კრებული: Lodgings: Selected Poems 1987–2010 (2011, ბენჯამინ პალოფის თარგმანი) და Speedometry (2014, როდ მენგჰამის თარგმანი). ანჟეი სოსნოვსკი თავადაც თარგმნის ინგლისურენოვან ლიტერატურას პოლონურ ენაზე. მათ შორის არიან: ჯონ ეშბერი, ელიზაბეტ ბიშოპი, ჯეინ ბოულსი, ჯონ კეიჯი, ჰენრი გრინი და ეზრა პაუნდი. პოეტი ამჟამად ცხოვრობს ვარშავაში.

ტაქომეტრია

ამ სახლებშიც ამოვარდება ქარი
ცისარტყელები აიფრქვევა მინებიდან ჩანჩქერებივით
ცივ ოთახებში გავიღვიძებთ
კედლებიდან სურათები ჩამოცვივდება
ხოლო საგნები უარყოფენ ერთიმეორეს
და ხმა ჩაწყდება როცა ციფერბლატზე
რიცხვები ერთმანეთს ადგილს გაუცვლიან
ახლა ასეთი ამბავია ახლა ქარია
და დაე იყოს ქარი სამუდამოდ

დაჩოქილები დავუწყებთ ძებნას
ძველ წერილებს დროის ქსელები
აგვეწებება სახეებზე დაძენძილი სახვევებივით
საღებავები ჩახმებიან შენ ფრჩხილებში ფრთხილად იყავი
არ დაზიანდე ხოლო ობი სასარგებლოა
ჭაღარა პური მზე ქსელები
და მზე ადის საფეხურებზე
და ჩამსხვრეული ფანჯრიდან ხტება
ახლა ასეთი ამბავია ახლა ბრწყინვაა
და დაე იყოს ბრწყინვა სამუდამოდ

ცხოვრება ღამით ჰორიზონტზეა
აალდებიან ნეონური შუქის ბეჭდები
ავტოსტრადები სატურნი ბავშვი
ქოშინით მირბის ბორდიურთან მისი თვალები
ფარების კაშკაშს ირეკლავენ
რომ დაბრუნდეს და გვიმღეროს ჩვენთვის ახალი
ჩვენ კი განვაგრძობთ მინდვრების ჩხრეკას
და ვეფარებით ფოლგის კოცონს
ახლა ასეთი ამბავია ახლა ყინვაა
და დაე იყოს ყინვა სამუდამოდ

თუ გრძნობ სხივებს ლიმფურ ჯირკვალში?
ეს სინაზეა მე არ მახსოვს აღარაფერი
დასავლეთიდან მზე მიგრავს აღმოსავლეთით
რომ თმა ყალყზე დაგვიყენოს და ისე თბება
შეგიძლია მიაფიცხო ხელისგულები
რადგან ბოლოს ამ სახლებშიც შეყრიან ბომბებს
რომ კვამლმა მხრები აიჩეჩოს
და ნაცარმა დაგვიკრას თავი
ახლა ასეთი ამბავია ახლა შიშია
და დაე იყოს შიში სამუდამოდ

თარგმნა ზვიად რატიანმა

კომენტარები

კომენტარი