არტ მენეჯმენტი კულტურა

გიორგი კეკელიძე წერა-კითხვის გამავრცელებელთა საზოგადოების ელექტრონულ ნუსხასთან დაკავშირებით საუბრობს

ეროვნული არქივისა და პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლობით “ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ წევრების ელექტრონული საძიებელი შეიქმნა, რომელიც აერთიანებს წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში, მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე, 1879-1927 წლებში, გაწევრიანებული 15 ათასზე მეტი ადამიანის ბიოგრაფიულ მონაცემს.

ამ თემასთან დაკავშირებით “არტნიუსთან” საუბარში ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ განაცხადა: “ეს საიტი გახლავთ ჩვენი ციფრული ბაზების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც დღესაც დამუშავების პროცესშია. მასზე მუშაობენ ჩვენი თანამშრომელი რუსუდან სტურუა და დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლევან თაქთაქიშვილი. სწორედ ამ ადამიანებს დაებადათ ასეთი ვებგვერდის შექმნის იდეა.

რაც შეეხება საიტის ფორმატს, ბუნებრივია ეს არის ღია მოცემულობა, რაც გულისხმობს მუდმივი განახლების პროცესს.

როდესაც ჩვენ ამ პროექტზე მუშაობას ვიწყებდით, ვფიქრობდით, რომ ეს იყო მალე ამოწურვადი რესურსი, თუმცა აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი იყო ჩართული ამ უაღრესად მნიშვნელოვან პროცესში, რომელსაც წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმიანობა ჰქვია.

საიტის მიზანია, წარმოაჩინოს და საზოგადოებას გააცნოს ადამიანები, რომლებმაც, თუნდაც, სულ მცირე წვლილი მაინც შეიტანეს ამ პროცესში, რადგან ყველა მათგანი იყო მოწადინებული ერთი მიზნის მისაღწევად – საქართველო ყოფილიყო განათლებული ქვეყანა.

საქართველოს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება გახლდათ ფუნდანენტურად გადამწყვეტი მნიშვნელობის მატარებელი მოძრაობა, რადგან სწორედ მათზე დაშენდა ახალი საქართველო, რომელმაც გაუძლო ისეთ სირთულეებს, როგორიც გახლდათ, მაგალითად, საბჭოთა კავშირი.

ვებგვერდს საკმაოდ სერიოზული გამოხმაურება მოჰყვა, რაც ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ გვახარებს. მოხარულნი ვართ, რომ გვაქვს ისეთი პროდუქტი, რომელიც მკითხველის აქტიურობას იწვევს.” – განაცხადა გიორგი კეკელიძემ

 

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.

ბიოგრაფიის შემოთავაზება

კომენტარები

კომენტარი