კინო

კარლოვი ვარის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წელს 2 ქართული ფილმი იქნება წარმოდგენილი

ჩეხეთი კარლოვი ვარის კინოფესტივალს უმასპინძლებს, სადაც 2 ქართული სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი იქნება წარმოდგენილი.

ფესტივალის მთავარ კონკურსშია გიორგი ოვაშვილის ახალი ფილმი „ხიბულა”, რომელიც მშობლიური ქვეყნის მიუვალ მთებში გახიზნული პრეზიდენტის შესახებ მოგვითხრობს. პრეზიდენტი ძალაუფლების დაბრუნებას ცდილობს, თუმცა უხილავი მდევარი აიძულებს მას, თვითონ აირჩიოს გზა საკუთარი დასასრულისკენ. “ხიბულას” სცენარს საფუძვლად უდევს 1991 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ქვეყანაში განვითარებული რეალური მოვლენები.

გიორგი ოვაშვილი კარლოვი ვარის კინოფესტივალზე 2014 წელსაც მონაწილეობდა. მისმა ფილმმა „სიმინდის კუნძული” კინოფესტივალის გრან პრი აიღო, მოგვიანებით კი თავად რეჟისორი კინოფესივალის ჟიურის წევრად მიიწვიეს.

კარლოვი ვარის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში East of the West წარმოდგენილი კიდევ ერთი ქართული ფილმი ახალგაზრდა რეჟისორს, მარიამ ხაჭვანს ეკუთვნის. „დედე” რეჟისორისთვის პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია. იგი სვან გოგონაზე მოგვითხრობს, რომელიც სიყვარულისთვის იბრძვის და იმარჯვებს.

„დედეს” გადაღებები სვანეთში, ყაზბეგსა და კასპში მიმდინარეობდა. ფილმის უმეტესი ნაწილი სვანურ ენაზეა, ასევე სვანია ფილმის ყველა მსახიობი.

ამასგარდა, EFP (European Film Promotion) 10 ყველაზე იმედისმომცემ ახალგაზრდა რეჟისორს Future Frames ფარგლებში კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე წარადგენს.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან შერჩეულ 10 რეჟისორს შორის მოხვდა საქართველოს წარმომადგენელი გიორგი მუხაძე, რომელიც ფესტივალზე ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით მიიღებს მონაწილეობას.

მისი სადიპლომო ფილმი „ანას მოლოდინში” 2 დედმამიშვილის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც ცდილობენ აღადგინონ კონტაქტი დედის გარდაცვალების შემდეგ.

კარლოვი ვარის კინოფესტივალი უმაღლესი, A კლასის კინოფესტივალების კატეგორიას მიეკუთვნება, რომელსაც ყოველწლიურად 1500 სტუმარი ესწრება, მათ შორის მსოფლიო კინოინდუსტრიის ცნობილი და გავლენიანი წარმომადგენლები.

ფესტივალი ჩეხეთში 30 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი