კულტურა საშემსრულებლო ხელოვნება

9 მუსიკოსი, რომლებმაც პოსტსაბჭოური ჟღერადობა განსაზღვრეს

Electronicbeats–ი აქვეყნებს ქართველი დიჯეისა და პრომოუტერის, ირაკლი კიზირიას სტატიას, რომელშიც საუბარია აღმოსავლეთ ევროპის პოსტსაბჭოთა მუსიკაზე.

ირაკლი წერს:

„მე დავიბადე საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში, რომელიც ჩემს ახალგაზრდობაში პოსტსაბჭოური საქართველო გახდა. ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ, გაიზარდა ჩვენი კავშირები დასავლეთთან, თუმცა მაინც არ შეგვეძლო მაღაზიებში მუსიკის შეძენა, ამიტომაც, ძირითადად, მუსიკას ერთმანეთს ვუზიარებდით მეგობრები. არსებობდა რამდენიმე მაღაზია, რომლებშიც შეგეძლო ცარიელი კასეტით შესულიყავი და ჩაგეწერა ახალი მუსიკები, მაგალითად, მეტალიკის ბოლო ალბომი.

70-90–იან წლებში ძირითადი მუსიკალური პროდუქტის ჩაწერა და გავრცელება სრულ იზოლაციაში ხდებოდა. 1964 წლიდან მხოლოდ ერთი ჩამწერი სტუდია იყო საბჭოთა კავშირში, სახელად „მელოდია“, რომელიც წერდა და უშვებდა ყველაფერს, დაწყებული ფოლკლორითა და ფილმების საუნდტრეკებით, დამთავრებული როკ–მუსიკით. ის სახელმწიფოს დაქვემდებარებაში იყო, შესაბამისად, საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში შექმნილ ნებისმიერ მუსიკას უნდა გაევლო „ცენზურა“.

ამ პოლიტიკურ-კულტურული შემზღუდველი ურთიერთობის მიუხედავად, იყვნენ ადამიანები, რომლებიც ინოვაციურ მუსიკას ქმნიდნენ.„

სტატიაში დასახელებულია 9 მუსიკოსი, რომლებმაც შექმნეს საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პერიოდის „მიწისქვეშეთი“ და რომლებსაც ექსპერიმენტული ელექტრონიკის სფეროში დიდი წვლილი მიუძღვით. ამ სიაში შედიან მოქმედი და ახალი არტისტებიც.

Sofia Gubaidulina, “Vivente—Non Vivente” (Мелодия 1990)

სოფია გუბაიდულინა მნიშვნელოვანი რუსი მუსიკოსი გახლდათ. ის ექსპერიმენტებს ატარებდა მუსიკაზე და ქმნიდა არატრადიციულ ჟღერადობას. მას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის, ასევე, ფილმების საუნდტრეკების შექმნაში.

Edward Artemyev, “Dedication To Andrei Tarkovskiy” (Electroshock Records 1999)

ედუარდ არტემიევი ცნობილია ანდრეი ტარკოვკის ფილმების გახმოვანებით. ის გახლდათ პირველი ადამიანი საბჭოთა კავშირში ვინც ელექტრო ინსტრუმენტი გამოიყენა.

Oleg Buloshkin, “Sacrament” (Electroshock Records 1999)

ბულოშკინი გუბაიდულინასა და არტემიევის მსგავსად ANS ფოტო-ელექტრონული სინთეზატორის დახმარებით წერდა თავის მუსიკას. მისი მუსიკა „Sacrament” ტექნოლოგიის გამოყენებით მიღებული ჟღერადობის გასაოცარი მაგალითია.

Valentina Goncharova, “Dance Of Shiva” (Leo Records 1989)

ვალენტინა გონჩეროვა დაიბადა უკრაინაში და შემდეგ გადავიდა ესტონეთში. ის დღემდე აქტიურად მოღვაწეობს ამ სფეროში. მას მრავალი ჟანრის შემოქმედება ეკუთვნის, მაგალითად, როგორებიცაა: თავისუფალი ჯაზი, კლასიკა და ა.შ. ამასთან ერთად, იგი ელექტრო-აკუსტიკური ხმის ტექნიკის კარგი მცოდნეა და ხშირადაც იყენებს თავის მუსიკაში.

NSRD, “Tibetiešu Dziesma / Osendovskis / Ķinā Esmu Bijis Es” (Seque 1985)

NSRD გახლავთ მუსიკალური, ვიდეო და საშემსრულებლო ჯგუფი ლატვიიდან, რომლებიც მრავალ საინტერესო პერფორმანსს სთავაზობენ მსმენელსა და მნახველს. მასში ერთიანდებიან მუსიკოსები, ვიზუალური არტისტები, არქიტექტორები და ფოტოგრაფერბი.

Children’s Medicine, “შედიხარ ტყეში” (Unknown 1992)

ჯგუფი გახლავთ ირაკლი ჩარკვიანისა და დადა დადიანის ერთობლივი პროექტი. ისინი არიან მუსიკოსები, რომლებმაც ქართულ მიწისქვეშეთზე დიდი გავლენა მოახდინეს. ახლა ის თითქოს არ ჟღერს, როგორც უცნაური ან ახალი ხმა, თუმცა პოსტ-საბჭოთა პერიოდში განსაკუთრებული ჟღერადობა იყო.

Nikakoi & Nika Kocharov, “Пачка Сигарет (Kino Cover)” (Unknown)

ეს ნაწარმოები გახლავთ რუსული ბენდის „კინო“ და მისი ვოკალისტის, ვიკტორ ცოის სიმღერა. ამ ორმა ადამიანმა, ნიკა მაჩაიძემ და ნიკა კოჩაროვმა ამ სიმღერას სრულიად ახალი ხიბლი შესძინეს.

KP Transmission, “Ranenaya Zmeya” (Klammklang Tapes 2016)

დღესდღეობით საკმაოდ მარტივია სახლის სტუდიის ქონა და ელექტრო მუსიკის კეთება, იშვიათი და ძვირადღირებული აღჭურვილობის გარეშეც კი, ამიტომ უფრო ხშირი და საინტერესოა დღევანდელი ბაზარი. „ქეი-ფი“ ერთ-ერთი ძალზედ საინტერესო არტისტია, რომელიც lo-fi მუსიკას ქმნის.

Chikiss, “Baby, Bye” (Not Not Fun 2017)

„ჩიკისი“ გასაოცარი არტისტია, რომელიც წარმოშობით ბელორუსიიდანაა და ბერლინში მოღვაწეობს. ის გახლავთ საბჭოთა კავშირის სამეცნიერო ფანტასტიკის ბავშვი, ამდენად მნიშვნელოვანია მისი ჟღერადობა.

კომენტარები

კომენტარი