კულტურა

რა მიმართებაა კომპიუტერსა და კაცობრიობას შორის?

იტალიელი ფილოსოფოსი უმბერტო ეკო თავის ესეში „ინტერნეტიდან გუტენბერგამდე“ წერს, რომ ჩვენი საზოგადოება ძალიან მალე გაიხლიჩება (ან უკვე გაიხლიჩა) ორ კლასად. ერთი, რომელიც მხოლოდ ტელევიზორს უყურებს, მეორე კი კომპიუტერის ეკრანს. პირველ შემთხვევაში, სამყაროს შესახებ მზა განსჯას იღებს და მეორე შემთხვევა, როცა ინდივიდს შეუძლია შეარჩიოს და გადაამუშავოს ინფორმაცია. კარგად თუ დავაკვირდებით, ამ ნათქვამში ეკო მომავალს წიგნებთან საერთოდაც არ აკავშირებს, არამედ  იგი გვესაუბრება რეალობის სხვა ალტერნატივაზე. თანამედროვე ეპოქამ კი ერთი აქტუალური საკითხი გამოკვეთა, რომელიც, ვფიქრობ, არ არსებობს ოჯახი, რომელშიც ერთხელ მაინც არ განხილულა. ეს საკითხი გულისხმობს კომპიუტერის ფენომენზე კამათს და მისი დადებითი თუ უარყოფითი თვისებების ანალიზს. ჩემი აზრით, კომპიუტერმა  სწორედაც რომ ამ რეალობის სხვა ალტერნატივაში გადაგვიშვა, რომელიც არც თუ ისეთი ცუდია, როგორადაც ჟღერს.

ტრანსჰუმანიზმის ერთ–ერთი მიმდევარი ტერენს მაკენა საუბრობს ტექნოლოგიურ სინგულარობაზე და ამბობს, რომ დღეს ამ ეპოქაში იმდენ ინფორმაციას ვცვლით, რაც არ გაცვლილა მთელი გასული 20 საუკუნის განმავლობაში. ეს ინფორმაციები იცვლება, პირობითად,  Messanger–ით, Facebook–ით და სხვა სოციალური ქსელებით თუ საშუალებებით. ამ თეზას თუ გავყვებით, ადვილად შევამჩნევთ, რომ ეს ინფორმაცია გაიცვლება უფრო და უფრო მოკლე დროში და მივაღწევთ იმ წერტილს, როდესაც გაუკონტროლებელი იქნება ამ ინფორმაციათა გაცვლა, რაც  გამოიწვევს „ინფორმაციულ ოვერდოზს“. ინფორმაციული ოვერდოზი იმოქმედებს გლობალურად და კლასი, რომელსაც ჩვენ პლორეტარიატს ვუწოდებთ, შეიცვლება კოგნიტარიატით. ეს კი მემარცხენე პოლიტიკაზე კარგად იმოქმედებს. გვეყოლება უფრო მეტი გენიოსი და სამყარო უფრო ჩქარი ტემპით განვითარდება.

არსებობს სხვა, რადიკალური დისკურსი, რომელიც ამ საკითხს განსხვავებული ჭრილიდან განიხილავს. კინემატოგრაფიაში ამ თემატიკას ერთ–ერთი ტელეარხი „არხი 4“ შეეხო. მათ გადაიღეს სერიალი „შავი სარკე“. სათაურიც სიმბოლურადაა შერჩეული, რადგან გამორთული პლაზმური ტელევიზორი ან ტელეფონი გვიჩვენებს ჩვენსავე შავ ანარეკლს. სერიალი გადაღებულია იმ დროში, როცა ტექნოლოგიები ძალიან განვითარდნენ და ამან უკუპროპორციული დამოკიდებულება გამოკვეთა სოციალური ფონისადმი. მოკლედ რომ ვთქვათ, რაც უფრო ვითარდება ტექნოლოგია, მით უფრო უფასურდება ადამიანთა ურთიერთობა, თუმცა აქ აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ეს ყველაფერი  დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გამოიყენებს ადამიანი ამ რესურსს. ასე რომ, ამ კონტრარგუმენტს ადვილად გავაბათილებთ, თუ ტექნოლოგიურ პროდუქტთან ადეკვატურ მომხმარებელს მივუშვებთ.

მე ვფიქრობ, რომ მოცემულ შემთხვევაში უნდა დავჯერდეთ ანდაზას: „ჩათრევას ჩაყოლა სჯობს“ და ხელი არ შევუშალოთ ალტერნატიულ რეალობაში გადასვლას, რადგან ეს მეტად საინტერესოს, სახალისოს და პროდუქტიულს გახდის ჩვენს ცხოვრებას.

ლექსო ლობჟანიძე

კომენტარები

კომენტარი