კულტურა

თსუ–ს ცნობილმა ენათმეცნიერებმა დედაენის დღესთან დაკავშირებით მილოცვა გააკეთეს

დღეს საქართველო და ქართული საზოგადოება დედაენის დღეს აღნიშნავს, მაგრამ, ძალიან ხშირად, ჩვენი სიმბოლოებისადმი პატივისცემა პირობითია და მხოლოდ და მხოლოდ დეკორაციულ ფუნქციას ასრულებს. ამ მხრივ, პრობლემის საფუძველია როგორც თავად საზოგადოება, ისე სახელმწიფო, კერძოდ, ენის პალატა.

იმისათვის, რომ ენის პალატის ფუნქციები უფრო აშკარა გახდეს, “არტნიუსი” გთავაზობთ კანონით განსაზღრულ ვალდებულებებს, რომლებიც ენის პალატას აკისრია:

ენის სახელმწიფო პალატას აკისრია შემდეგი ფუნქციები:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ყველა სახელმწიფო ორგანოს, უწყების, ქვეყნის ფარგლებს გარეთ არსებული საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებისა და ორგანიზაციის, აგრეთვე, საქართველოს იურისდიქციაში არსებული არასახელმწიფო დაწესებულებების (მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა) საქმიანობაში ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსისა და სალიტერატურო ენის ნორმათა დაცვის უზრუნველყოფა;

ბ) სახელმწიფოს ენობრივი პოლიტიკის განხორციელება;

გ) საქართველოს სახელმწიფო ენის – ქართულის (აფხაზეთის ტერიტორიაზე, აგრეთვე, აფხაზურის) განვითარებისათვის ხელის შეწყობა;

დ) საქართველოს ტერიტორიაზე კომპაქტურად მცხოვრები არაქართულენოვანი მოსახლეობის მშობლიური ენების შენარჩუნებისა და მათი შესაბამისი ინტერესების დაცვის მიზნით სათანადო წინადადებების შემუშავება.

ახლა კი მხოლოდ ის დაგვრჩენია გითხრათ, რომ სტატიის ეს სათაური განზრახ შევარჩიეთ, რათა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ ის, თუ რამდენად არასასიამოვნო მდგომარეობაშია მედიის ენა.

“არტნიუსი” გთავაზობთ ცნობილი ადამიანების ციტატებს, რომლებიც ენის მნიშვნელობის დანახვაში დაგვეხმარება:

“თქვენ ვერასდროს ვერ გაიგებთ ერთ ენას, თუ ორი მაინც არ გესმით” — ჯოფრი უილანსი.

“თუ ადამიანს იმ ენაზე ესაუბრებით, რომელიც ესმის, თქვენ მიმართავთ მის გონებას. თუ კი მის მშობლიურ ენაზე ესაუბრებით, თქვენ მიმართავთ მის გულს”.– ნელსონ მანდელა.

“ენა უმალ ზღვარს ჰგავს, რომლის გადალახვამაც, შესაძლოა, სიტყვის ზებუნებრივი თვისებები აღმოგაჩენინოს; ენა მოედანია, რომელიც წინასწარაა მომზადებული მოქმედებისთვის, ის ერთდროულადაა შეზღუდვაც და შესაძლებლობების დიაპაზონის აღმოჩენაც…“, – როლან ბარტი.

კომენტარები

კომენტარი