კულტურა

თსუ–ში ქართული ენის კვირეული-გამოფენა გაიხსნა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის კვირეულის ფარგლებში კ.კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გამოფენა „დედაენის“ შექმნის სათავეებთან“ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ენის სახელმწიფო დეპარტამენტის ერთობლივი კონფერენცია გაიხსნა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო “დედაენისთვის” შექმნილი ლექსებისა და მოთხრობების ავტოგრაფები, გოგებაშვილის სახელმძღვანელოებისათვის შემქნილი ოსკარ შმერლინგისეული ილუსტრაციების ორიგინალები, იაკობისა და მისი თანამედროვე მოღვაწეების მიმოწერა “დედაენის” შექმნის პროცესთან დაკავშირებით, პირველნაბეჭდი “დედაენა”, აფხაზური „დედაენა“ – რეპრესირებული წიგნი, რომელიც ივანე ჯავახიშვილის არქივს შემორჩა, ანბანის პირველი ბეჭდური გამოცემა – 1629 წელს რომში დაბეჭდილი “ქართულ-იტალიური ლექსიკონი”, მიძღვნითი წარწერით გამომცემელთაგან, “დედაენის” 1920 წლის გამოცემის სტამბური კლიშეები და სხვ.

ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ენის სახელმწიფო დეპარტამენტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია ერთობლივი საგანმანათებლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელება ქართული და ქართველური ენების კვლევის, დოკუმენტაციის, შესწავლის, დაცვისა და პოპულარიზაციის, აგრეთვე, საარქივო, სამუზემო, ბიბლიოგრაფიული და სამეცნიერო მემკვიდრეობის შესწავლის, კვლევისა და დაცვის სფეროებში. მემორანდუმის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სახელმწიფო ენის დეპარტამენტი ერთობლივ კონფერენციებს, სამეცნიერო და სასწავლო სემინარებს გამართავენ.

ღონისძიებებს თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, ენის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ალიბეგაშვილი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი მანანა მიქაბერიძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნანა გაფრინდაშვილი, სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხელნაწერების ძალიან საინტერესო ექსპოზიციაა წარმოდგენილი.  „14 აპრილი მნიშვნელოვანი დღეა ეროვნული აზროვნების ჩამოყალიბების საქმეში. 40 წლის წინანდელი მოვლენები სამაგალითო იყო არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ საბჭოთა იმპერიაში შემავალი სხვა ქვეყნებისთვისაც. საამაყოა, რომ მოვლენების ეპიცენტრი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პროფესურით, სტუდენტობით, ახალგაზრდობით. გამოფენის შემდეგ ჩატარდება სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც ასევე ენის საკითხებს მიეძღვნება,“ – აღნიშნა თსუ რექტორმა.

“14 აპრილი უახლესი ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული დღეა. „ეს არის ეროვნული ცნობიერების გამოღვიძების დღე. მე არ ვთვლი, რომ პათეტიკა არის „მამული, ენა, სარწმუნოება“. იმ პერიოდისათვის მამული წართმეული გვქონდა, სარწმუნოება მინავლებული გახლდათ და ერთადერთი რაც გვქონდა ქართველ ხალხს – ეს იყო ენა და იმის წართმევაც დააპირა საბჭოთა იმპერიამ. თითქოს რაღაც უხილავი ხელი მართავდა დედა ენის დღეს და ეს უხილავი ხელი გახლდათ ერთსულოვნება და ჩვენი ერის ძალიან მტკიცე ნება,“ – განაცხადა ენის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმაგიორგი ალიბეგაშვილმა.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გამოფენისა და განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ნესტან ბაგაურისთქმით, „უნივერსიტეტში იაკობ გოგებაშვილის პირადი ორიგინალი ხელნაწერების წარდგენით, ჩვენ კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს, რამდენად მნიშვნელოვანი იყო სახელმწიფოებრივად მოაზროვნე გოგებაშვილისთვის ქართულზე, ქართულად მეტყველებასა თუ წერაზე ზრუნვა.“

ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენციისთვის შეირჩა მოხსენებები, რომლებიც ეხებოდა ქართულ და ქართველურ ენებს, მათ ისტორიულ და დღევანდელ კონტაქტებს სხვა ენებთან, იმ პრობლემებს, რომლებიც ქართული ენის გავრცელებასა და სწავლებას ხვდება საზღვრისპირა რეგიონებში. კონფერენციის ერთ-ერთი სამსჯელო საკითხი იყო აფხაზური ენის თანამედროვე მდგომარეობა – მისი გავრცელება, სწავლება და ფუნქციონირება. ამის გარდა, სპეციალური მოხსენებები მიეძღვნა ენობრივი ეტიკეტისა და ენობრივ ნორმათა დადგენის პრობლემებს, ქართულად სწორად წერისა და სწორად მეტყველების, აგრეთვე ქართული ენის ფონეტიკის, მორფოლოგიისა და სინტაქსის კვლევისა და სწავლების კონკრეტულ პრობლემებს.

კონფერენციის ფარგლებში ასევე გაიმართა ენის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მომზადებული „გავრცელებულ ენობრივ შეცდომათა ლექსიკონის“ პრეზენტაცია.  ლექსიკონი სასარგებლო იქნება მომხმარებელთა ფართო წრისთვის. ხშირი ენობრივი შეცდომებიდან ლექსიკონში შესულია ორთოგრაფიული, მორფოლოგიური, სინტაქსური და სტილისტიკური შეცდომები.

ღონისძიების დასასრულს დოკუმენტური ფილმის „აკაკი შანიძე“ ჩვენება გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი