კინო

ინტერვიუ მარი ბექაურთან “ანატორი. მკვდრების სოფელის” შესახებ

მოკლემეტრაჟიანი ფილმის “8 წუთის” შემქმნელები ახალ პროექტზე მუშაობენ. როგორც თავად ამბობენ, ეს იქნება ფილმი უნიკალურ ისტორიაზე, რომელიც საქართველოში, ხევსურეთის ერთ-ერთ სოფელში მოხდა.

ახალი პროექტის სახელწოდებაა “ანატორი. მკვდრების სოფელი”. ფილმის სცენარისტი მარი ბექაური ამბობს, რომ ანატორში საუკუნეებია აღარავინ ცხოვრობს და იქ მხოლოდ იმ ადამიანების ძვლებია, რომლებიც სრულიად შეგნებულად და გაცნობიერებულად, საკუთარი ნებით წავიდნენ სიკვდილზე.

“არტნიუსი” გაესაუბრა ახალი პროექტის ერთ-ერთ შემქმნელს, მარი ბექაურს და გთავაზობთ ინტერვიუს:

– როდის გაჩნდა ფილმის გადაღების იდეა და რამ განაპირობა ეს? 

– პროდიუსერმა, გეგა ხმალაძემ შემთხვევით მოისმინა ტელევიზორში ანატორის ისტორია და ფილმის იდეაც მაშინვე გაუჩნდა. ეს მართლა მზა მოცემულობაა ფილმისთვის. გაქვს აბსოლუტურად უნიკალური ისტორია, უნიკალური პერსონაჟებით, რომლებიც მზად არიან, ცოცხლად დაიმარხონ სხვა ადამიანების გადასარჩენად.

რა არის თავად ფილმის იდეა და თუ გაქვთ რამე კონკრეტული სათქმელი?

– ყველაზე მთავარი აქ ისაა, რომ ფილმი ნამდვილ ამბავს ეფუძნება – სოფელ ანატორში დაავადება, ე.წ. „ჟამი“ გაჩნდა და მიუხედავად იმისა, რომ ყველა იქ მაცხოვრებელს არ ჰქონდა დაავადების ნიშნები, ისინი მისი პოტენციური მატარებლები იყვნენ. ამიტომ ანატორელებმა გადაწყვიტეს, სოფელი ჩაეკეტათ, რათა დაავადება სხვაგანაც არ გავრცელებულიყო. აკლდამები ააგეს და როცა წყლულები უჩნდებოდათ, აკლდამაში მიდიოდნენ და იქ სიკვდილს მარტოები ელოდნენ. ეს ისტორია და შესაბამისად, ჩვენი ფილმიც საოცარი სიმამაცის, ნებისყოფის და მაღალსაკაცობრიო ღირებულებების გამომხატველია.

– რითი იქნება ეს ფილმი გამორჩეული ამ ჟანრის სხვა ფილმებისგან?  

– ფილმის იდეა და ამბავი ისეთია, რომ თავისთავადაა განსხვავებული და უნიკალური. თუმცა, არსებობს სცენარის სტრუქტურა და წესები, რომელიც უნდა დაიცვა, თუ გინდა, რომ მაყურებელი დააინტერესო. შესაბამისად, ჩვენ რეალურად მომხდარი ისტორიის შიგნით კიდევ ბევრი ისტორია გამოვიგონეთ.

 – რას გვეტყვით მსახიობებზე, ვინ ითამაშებს მთავარ როლს? 

– ძალიან გაგვიჭირდა მსახიობების შერჩევა, რადგან ჩვენ ვქმნით კონკრეტულ ეპოქას და ამ შემთხვევაში მხოლოდ ნიჭი არ არის საკმარისი. უნდა აგვერჩია მთის ტიპაჟები, კონკრეტული ვიზუალური მონაცემებით, ხმით და ა.შ. მთავარ როლებზე მსახიობები შერჩეულები არიან, მაგრამ არაფერია გადაწყვეტილი. ორ მათგანს ქართული საზოგადოება კარგად იცნობს. თუმცა, იმის გამო, რომ კასტინგამდე დიდი დროა და თან, ჯერჯერობით, არც თვითონ ამ მსახიობებმა იციან არაფერი, მათი დასახელებისგან თავს შევიკავებ.

კომენტარები

კომენტარი