კინო

“8 წუთის” შემქმნელების ახალი პროექტი – ანატორის უნიკალური ისტორია

მოკლემეტრაჟიანი ფილმის “8 წუთის” შემქმნელები ახალ პროექტზე მუშაობენ. როგორც თავად ამბობენ, ეს იქნება ფილმი უნიკალურ ისტორიაზე, რომელიც საქართველოში, ხევსურეთის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. ინფორმაციას cinemania.adjara ავრცელებს.

ახალი პროექტის სახელწოდებაა “ანატორი. მკვდრების სოფელი”. ფილმის სცენარისტი მარი ბექაური ამბობს, რომ ანატორში საუკუნეებია აღარავინ ცხოვრობს და იქ მხოლოდ იმ ადამიანების ძვლებია, რომლებიც სრულიად შეგნებულად და გაცნობიერებულად, საკუთარი ნებით წავიდნენ სიკვდილზე. ბექაურის თქმით, ანატორის მოსანახულებლად ბევრი უცხოური ტურისტი ჩამოდის.

როგორც ირკვევა, ანატორში მოსახლეობა შავ ჭირს ესმხვერპლა. იმისთვის, რომ დაავადება დასახლებიდან არ გავრცელებულიყო, მოსახლეობამ სოფელი ჩაკეტა, აკლდამები ააგო და იქ ელოდებოდნენ სიკვდილს.

“აკლდამაში ქალის ჩონჩხი იპოვეს აკვანზე ჩაბღაუჭებული, აკვანში კი – ჩვილის ჩონჩხი. ეს უკვე ერთი ამბავია”, – ამბობს ფილმის რეჟისორი გიორი გოგიჩაიშვილი.

“ანატორის ამბავი ჩვენმა პროდიუსერმა, გეგა ხმალაძემ შემთხვევით მოისმინა ტელევიზორში და ფილმის იდეაც იმწამსვე გაჩნდა. ეს ხომ მზა მოცემულობაა ფილმისთვის, სიუჟეტის, ჟანრის, სტრუქტურის თვალსაზრისით, და თან სრულიად განსხვავებული და საინტერესო მასალა”, – ამბობს რეჟისორი.

სცენარისტის მარი ბექაურის თქმით, ფილმის გმირები და მათი ამბები გამოგონილი იქნება, მაგრამ ისტორია და მთავარი იდეა სინამდვილეს იმეორებს.

ამ ეტაპზე სცენარი კინოცენტრის კონკურსზეა შეტანილი.

კომენტარები

კომენტარი