ლიტერატურა შემოქმედებითი ინდუსტრიები

შვედეთის აკადემიას, რომელიც ნობელის პრემიას გასცემს, სკანდალის გამო წევრები ტოვებენ

უკვე რამდენიმე თვეა, რაც შვედეთის აკადემიაში, რომელიც ლიტერატურაში ყველაზე პრესტიჟულ, ნობელის პრემიის ლაურეატს ირჩევს, ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრის ქმრის გამო, სკანდალია: თავდაპირველად, მას სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდნენ, შემდეგ კი ნობელის პრემიის ლაურეატებზე მონაცემების გამხელაში. მრავალთვიანი გამოძიების შემდეგ აკადემიის რამდენიმე წევრმა ორგანიზაციის დატოვება გადაწყვიტა, – ამის შესახებ imedinews–ი წერს.

ლაპარაკია შვედეთის კულტურული ცხოვრების ცენტრალურ ფიგურაზე, სტოკჰოლმის ლიტერატურული კლუბის არტ-დირექტორ ჟან-კლოდ არნოზე. 71 წლის ფოტოგრაფი და თეატრის რეჟისორი შვედეთის აკადემიის წევრის და პოეტის, კატარინა ფროსტენსონის ქმარია.

2017 წლის ნოემბერში გაზეთმა Dagens Nyheter-მა დაწერა,  რომ შვედეთის აკადემიასთან მჭიდროდ დაკავშირებულ ადამიანს 18 ქალი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდა. გაზეთს არნოს ვინაობა არ გაუმხელია, თუმცა სხვა მედიასაშუალებებმა დაწერეს, რომ სტატიაში ლაპარაკი სწორედ მასზე იყო.

ბრალდებები 1996-2017 წლებში მომხდარს ეხებოდა. ქალები აცხადებდნენ, რომ არნო მათ გენეტალიებით ეხებოდა და სექსის დროს აგრესიული იყო. ფოტოგრაფის წინააღმდეგ ბრალდებები პირდაპირ დაუკავშირდა შვედეთის აკადემიას, რადგან ზოგიერთი ინციდენტი ორგანიზაციის კუთვნილ შენობებში ხდებოდა. ნოემბერში აკადემიამ განიხილა არნოს წინააღმდეგ ბრალდებები და აღმოჩნდა, რომ ის შეუფერებლად იქცეოდა ასევე აკადემიის წევრებთან, მათ ქალიშვილებთან, ცოლებთან და კანცელარიის თანამშრომლებთან.

აკადემიამ არნოსთან ყველა კავშირი გაწყვიტა. სამართალდამცავმა ორგანოებმა კი გამოძიება დაიწყეს, თუმცა მარტში გარკვა, რომ ზოგიერთი ეპიზოდის შემოწმება შეწყდა, რადგან სიმართლის დადგენა შეუძლებელი იყო. თავის მხრივ არნომ ყველა ბრალდება უარყო.

დეკემბერში, Dagens Nyheter-ი იუწყებოდა, რომ ჟან-კლოდ არნომ რამდენჯერმე გაუმხილა უცხო ადამიანებს ნობელის ლაურეატების ვინაობა მათ ოფიციალურ დასახელებამდე. არსებობდა ვარაუდი, რომ ამით ის საკუთარი თავის წარმოჩენას ცდილობდა. აკადემიის ყოფილმა მუდმივმა მდივანმა პეტერ ენგლუნდმა განაცხადა, რომ მსგავსი ეჭვების შესახებ მან 2014 წელს შეიტყო და ამბის გარკვევას შეეცადა, რაზეც არნოს ცოლს, კატარინა ფროსტენსონს უკიდურესად აგრესიული რეაქცია ჰქონდა, რის შემდეგაც ენგლუნდმა საკითხის გარკვევა შეწყვიტა.

9 აპრილს Dagens Nyheter-მა ახალი გამოძიება გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, ჟან-კლოდ არნომ (გაზეთი მის სახელს დღემდე არ წერს) უცხო ადამიანებს ნობელის 7 ლაურეატის ვინაობა გაუმხილა, მათ შორის არიან ჰაროლდ პინტერი (2005), ჟან-მარი გუსტავ ლეკლეზიო (2008), სველტლანა ალექსიევიჩი (2015) და ბობ დილანი (2016). ფოტოგრაფის ადვოკატი ამ ბრალდებებსაც უარყოფს.

2017 წლის ნოემბერში აკადემიის მუდმივმა მდივანმა სარა დანიუსმა ორგანიზაციის წევრებთან ჟან-კლოდ არნოს კავშირების და აკადემიაზე მისი შესაძლო გავლენის გამოსაძიებლად იურიდიული ფირმა დაიქირავა. ოფიციალურად შედეგები ჯერ არ გამოქვეყნებულა, მაგრამ როგორც მედიისთვის გახდა ცნობილი, იურისტებმა ყურადღება მიაქციეს იმას, რომ არნოს და მისი ცოლის საკუთრებაში არსებული პრესტიჟული კლუბი Forum-ი ფინანსურ მხარდაჭერას იღებდა აკადემიიდან მიუხედავად საგადასახადო დარღვევებთან დაკავშირებული ეჭვებისა. გარდა ამისა, კლუბის სპონსორობით, აკადემია ფაქტობრივად სპონსორობას უწევდა თავის წევრ კატარინა ფროსტენსონს, რაც ორგანიზაციის წესებით აკრძალულია. ფირმამ აკადემიას ურჩია კლუბ Forum-ისთვის პოლიციაში ეჩივლა, მარამ წევრებმა ხმათა უმრავლესობით ამ ნაბიჯზე უარი თქვეს.

6 აპრილს, შვედეთის აკადემიის სამმა წევრმა განაცხადა, რომ ორგანიზაციას ტოვებენ. ესენი არიან ყოფილი მუდმივი მდივანი პეტერ ენგლუნდი, მწერალი კლას ესტერგრენი და პოეტი ჩელ ესპმარკი. მათ გადაწყვეტილება იმით ახსენს, რომ აკადემიის სხვა წევრები მეგობრობას და „ბუნდოვან მოსაზრებებს“ არსებულ წესებზე მაღლა აყენებენ. გარდა იმისა, რომ ორგანიზაციამ პოლიციას არ მიმართა, კატარინა ფროსტენსონისთვის წევრობის უფლების ჩამორთმევას აკადემიის წევრების უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა, რის შემდეგაც ორგანიზაციის შიდა კონფლიქტმა საჯარო სივრცეში გადაინაცვლა.

შვედეთის აკადემია 18 მუდმივი წევრისაგან შედგება. რამდენჯერმე წევრებმა პროტესტის ნიშნად ორგანიზაციის დატოვების შესახებ განაცხადეს. მათ შორის ყველაზე ხმაურიანი იყო აკადემიის სამი წევრის წასვლა 1989 წელს. მაშინ პროტესტის მიზეზი გახდა ის, რომ ორგანიზაციამ არ დაგმო სასიკვდილო განაჩენი, რომელიც ირანში მწერალ სალმან რუშდის გამოუტანეს რომანისთვის „სატანური ლექსები“. თუმცა, მათ წევრობა არ დაუკარგავთ, უბრალოდ ისინი სხვა წევრებით არ ჩაანაცვლეს. აკადემიიდან წევრები სულ ორჯერ გარიცხეს. ორივე შემთხვევაში ეს ორგანიზაციის პირველი მდივანი გუსტავ მორიც არმფელტი (1757-1814) იყო, რომელსაც სახელმწიფოს ღალატში ადანაშაულებდნენ. აკადემიის დღევანდელი მდივნის სარა დანიუსის თქმით, ორგანიზაციის წესდებაში შეიძლება ცვლილებები შევიდეს, რომელიც წევრებს აკადემიის დატოვების საშუალებას მისცემს.

ახლა 18 წევრიდან აკადემიის მუშაობაში 13 მონაწილეობს. ახალი წვრების მისაღებად აუცილებელია 12-კაციანი კვორუმი, მაგრამ ნობელის პრემიის მინიჭებაზე კენჭისყრისთვის საკმარისია 8 ადამიანის ხმა და უბრალო უმრავლესობა.

 

კომენტარები

კომენტარი