კინო

ზაზა ხალვაშის ფილმი “ნამე” საერთაშორისო კინოფესტივალებზე

ამჟამად ესპანეთში საერთაშორისო კინოფესტივალი Las Palmas de Gran Canaria მიმდინარეობს, რომლის მთავარ საკონკურსო პროგრამაში ზაზა ხალვაშის ფილმი “ნამე” იღებს მონაწილეობას, – ამის შესახებ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს ინფორმაციას.

პარალელურად ფილმი სტამბულის საერთაშორისო კინოფესტივალზეც არის წარმოდგენილი პროგრამაში Best of Best.

“ნამე” ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია, რომელიც საქართველო-ლიტვა-საფრანგეთის კოპროდუქციაა.

ფილმის პრემიერა ტოკიოს საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში შედგა, შემდეგ კი იგი ვილნიუსის და სოფიას კინოფესტივალებზეც აჩვენეს.

აღსანიშნავია, რომ სოფიას კინოფესტივალზე ზაზა ხალვაში ჟიურის წევრიც იყო (ბალკანური ფილმების პროგრამა).

“ნამე” სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მთებში, ერთ პატარა, ტრადიციულ სოფელში მცხოვრები მოხუცი მამის, მისი ქალიშვილი ნამეს და სამი ვაჟის შესახებ მოგვითხრობს. ძმებიდან ერთი მასწავლებელია, მეორე – მოლა, ხოლო მესამე – მღვდელი. სოფელში მაჰმადიანები და მართმადიდებლები ერთად ცხოვრობენ. სოფლის ერთ ბოლოში ეკლესია დგას, მეორე ბოლოში კი მეჩეთია.

კომენტარები

კომენტარი