კინო

ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმი „8 წუთი” ლილის კინოფესტივალისთვის შეირჩა

ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმი „8 წუთი”, რომელიც არაერთი საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულია, ლილის კინოფესტივალისთვის შერჩეულ ფილმებს შორის მოხვდა, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებელი წერს.

თავისი მნიშვნელობითა და მასშტაბურობით „ლილი” მოკლემეტრაჟიანი ფილმების  რიგით მესამე ფესტივალია საფრანგეთში.

ლილის ფესტივალი  უკვე 34-ედ იმართება, ის 6 აპრილს დაიწყო, გამარჯვებულთა ვინაობა კი 13 აპრილს გახდება ცნობილი.

ახალგაზრდა რეჟისორების, გიორგი გოგიჩაიშვილისა და დათო აბრამიშვილის ფილმი „8 წუთი” სამეცნიერო ფანტასტიკაა. „ ეს სიმართლეა – მზე ჩაქრა”, – გვესმის ფილმის პირველივე წუთში და ვიგებთ, რომ თბილისის დროით 12:36 საათზე დედამიწაზე სიბნელე დაისადგურებს…

დანარჩენი მსოფლიოს მსგავსად, თბილისიც პანიკაშია. ხალხი უმისამართოდ დარბის, ზოგი თავს იკლავს, ზოგი ისტერიულად ყვირის. ტრაგედიამდე კი სულ უფრო ცოტა დრო რჩება.

სწორედ ამ დროს კადრში ჩნდება ფილმის მთავარი პერსონაჟი (მსახიობი სლავა ნათენაძე), რომელიც ოთხ კედელშია გამოკეტილი და საყოველთაო პანიკისა და ალიაქოთის ფონზე, შესაშური სიმშვიდით გამოირჩევა. მალევე ირკვევა, რომ მისი შვილი ექსპედიციაშია და დრამაც სწორედ აქ იწყება – ერთადერთმა შვილმა არ იცის , რომ სულ რამდენიმე წუთში სინათლე სამუდამოდ გაქრება.

ფილმის სცენარი მარი ბექაურს და ზაზა კოშკაძეს ეკუთვნის.

 

კომენტარები

კომენტარი