კინო

ინტერნეტში სამეფო კარის თამაშების უკანასკნელი სეზონის სპოილერები ვრცელდება

ინტერნეტში გავრცელდა “სამეფო კარის თამაშების”  ყველაზე ეპიკური და, სავარაუდოდ, უკანასკნელი ორთაბრძოლის სპოილერები, რომელშიც ადამიანები თეთრ მოსიარულეებს უპირისპირდებიან.

რამდენიმე დეტალი რეჟისორის ასისტენტის, ჯონათან კინლანის Instagram პოსტებიდან გახდა ცნობილი, რომელიც მოგვიანებით წაიშალა.

პოსტიდან ირკვეოდა, რომ გადამღები ჯგუფი ამ სცენის გადასაღებად 55 ღამეს მუშაობდა. ხოლო ფინალური ეპიზოდების გადასაღებად ჯგუფი სამ სხვადასხვა ლოკაციას შორის გადაადგილდებოდა 11 კვირის განმავლობაში. ლოკაციები კი ჩრდილოეთ ირლანდიაში, სოფელ მეგერამორნთან მდებარეობდა.

ცნობილია, რომ ამ რეგიონებში ვესტეროსის ჩრდილოეთს იღებენ, კედელსა და ღამის გუშაგების შავ კოშკს. როგორც ჩანს, უკანასკნელი ბრძოლა აქ შედგება.

გარდა ამისა, გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ უკანასკნელ კადრებს დიდი მწვანე ეკრანის ფონზე იღებენ, რაც, დიდი ალბათობით, ჩრდილოეთის კედელია.

ლოკაციებიდან გამომდინარე,  The New York Post თვლის, რომ უკანასკნელ ბრძოლაში ღამის გუშაგები, თავისუფალი ხალხი და თეთრი მოსიარულეები მიიღებენ მონაწილეობას.

ფინალური სეზონის თითოეული ეპიზოდის გადაღება 20 მილიონ აშშ დოლარზე მეტი დაჯდება. ასევე ცნობილია, რომ სეზონის ბოლოს მთავარი გმირების უმეტესობა იღუპება, რაც ნამდვილად ვერ გახდება მოულოდნელობა ჯორჯ მარტინის შემოქმედების მოყვარულებისთვის.

წყარო: agora.ge

კომენტარები

კომენტარი