კინო

ჩეხეთში სტალინის ანტისემიტური სასამართლო პროცესის დღემდე უცნობი ჩანაწერები აღმოაჩინეს

ჩეხოსლოვაკეთის წამყვანი კომუნისტის, რუდოლფ სლანსკის სასამართლო პროცესი მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქეისი გახლდათ.

ათწლეულების განმავლობაში არ წყდებოდა მითქმა-მოთქმა რევოლუციური ტრიბუნალის გარშემო, რომელიც რუდოლფ სლანსკის, ჩეხოსლოვაკეთის პარტიის მთავარი მდივანის სიკვდილით დასჯით დამთავრდა. თუმცა პროცესის მნიშვნელოვანი მონაცემები და ვიზუალური მასალა დღემდე უცნობი გახლდათ შთამომავლობისთვის.

მოვლენა, რომელმაც ასე გააოცა და დააინტერესა ისტორიკოსები და არა მხოლოდ ისტორიკოსები, ახლო მომავალში გრაფიკული და აუდიო სახით იქნება ხელმისაწვდომი, რადგან სულ ახლახან 1952 წლის სასამართლო პროცესის ჩანაწერები, ხანგრძლივი ვიდეო და აუდიომასალა აღმოაჩინეს პრაღის მახლობლად ერთ-ერთი გაკოტრებული მეტალის ქარხნის სარდაფში. მასალა, ჩეხოსლოვაკეთის პარტიის სხვა მრავალ ჩანაწერთან ერთად, ხისა და მეტალის ყუთებში იყო ჩაკეტილი, ისინი ობისგან იყო დაზიანებული, თუმცა არა განადგურებული.

მკვლევარები ფიქრობენ, რომ ეს ჩანაწერები 1989 წლის „ხავერდის რევოლუციის“ შემდეგ კომუნისტური პარტიის წარმომადგენლებმა გადამალეს.

აღმოჩენილი ფირები მოიცავს 60 საათიან ვიდეომასალას, რომლებიც 35 მმ-იანი შავ-თეთრი კამერითაა გადაღებული და, ასევე, 80 საათიან აუდიო ჩანაწერებს.

ამ დრომდე ისინი ჩეხეთის ეროვნული ფილმის არქივში ინახება. ფილმის არქივი მთავრობას 410 ათას ფუნტს სთხოვს, რომ შეძლონ რესტავრაცია ჩაუტარონ მასალას და მოამზადონ საზოგადოებისათვის წარსადგენად.

„ამჯერად პრიორიტეტი არის ფირების უსაფრთხოება“ – ამბობს ჩეხეთის ეროვნული ფილმის არქივის წარმომადგენელი. „თუმცა, ასევე, მნიშვნელოვანია ჩანაწერების გასაჯაროება. ჯერჯერობით, საკმარისად მასალა შესწავლილი არაა. რაც უფრო მეტი ადამიანი იხილავს და გაიგებს ამ ჩანაწერების შესახებ, მით უფრო უსაფრთხო იქნება ინფორმაცია“.

სლანსკი, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის დიდი პერიოდი მოსკოვში, გადასახლებაში გაატარა, 13 მაღალი წოდების კომუნისტთან ერთად, 1952 წლის ნოემბერში გაასამართლეს ტიტოიზმისა და ზიონიზმის ბრალდებით.

საბოლოოდ, ისინი სტალინის განაჩენით სიკვდილით დასაჯეს.

კომენტარები

კომენტარი