კულტურა ლიტერატურა

პოეტი ზვიად რატიანი პოლიციელთა მხრიდან ჩაგვრას ისევ განიცდის

პოეტი ზვიად რატიანი პოლიციელთა მხრიდან ჩაგვრას ისევ განიცდის, – ამის შესახებ მან საკუთარ სოციალურ ქსელში განაცხადა.

“არტნიუსი” გთავაზობთ ზვიადის სტატუსს, რომლის ადრესატიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროა:

რამდენიმე დღის წინ, აღმაშენებელზე, მარჯანიშვილის მოედნამდე არმისული, გადავეყარე ერთ პოლიციელ ბიჭს, რომელიც ყველაზე სასტიკად მომექცა 23 დეკემბერს. პრინციპში, ერთადერთი სიფათი იყო, რომელიც მკაფიოდ დამამახსოვრდა; და ერთადერთი, ვინც კი არ მეცნო, ვიცანი „ამოცნობად“ წოდებული გულისამრევი რიტუალისას. მეწყვილესთან ერთად მილაქლაქებდა ნელა, მე მეჩქარებოდა, გვერდი ავუარე და გადავუსწარი. მაგ დროს შემნიშნა და მომაყოლა, „ეს ნახე, ბიჭო, ეს საცოდავი, ამის (დანარჩენს წარმოიდგენთ)…“

სხვებიც გადამყრნიან ქუჩაში. აღმაშენებლის პოლიციასთან ვცხოვრობ და ყოველდღე მიწევს მათ „სამოძრაო კვადრატებში“ სიარული. ისინი, როგორც წესი, თვალს მარიდებენ ან მართლა ვერ მცნობენ. მეც იგივეთი ვპასუხობ. მე ხომ, სინამდვილეში, მათ არ ვემართლები. მაგრამ ეს ბიჭი მართლა ყველაზე სასტიკად იქცეოდა იმ დღეს და მისი გინება კი არ მეწყინა, მისმა თავხედობამ გამაბრაზა. გამოდის, თავზე ხელი გადაუსვეს და წააქეზეს კიდეც. ჰოდა მივხვდი, რომ, როგორც არ უნდა მეზარებოდეს, უნდა მოვინდომო და ავლაპარაკდე. მინიმუმ, დავწერო ეს ამბავი. იმ უნიჭო, რუსეთებში გამოწრთობილ გახარიაზეც მოვყვე კულუარულობანი, კომკავშირის ფარას ჩამორჩენილ ციკანზე, რომელიც „გერაინის“ ნაცვლად „ქეისს“ ხმარობს ოსტატურად და კარგი ტიპი ჰგონია ყველას. მე არ მიხარია, რომ ჩემი სახელმწიფო, თუნდაც სიბინძურეში, ასეთი უნიჭოა. არც ის მიხარია, რომ სწორედ მე მომიწია გინების ნაციონალური წინასაახალწლო კვირეულის დაგვირგვინება, რომელიც, გეხსომებათ, ვინც გახსნა და დაიწყო. ჰოდა ახლა, როცა აღარაფრის იმედი მაქვს, არც ხელფასი, არც ილუზია, ამოვიქოქები და ბოლომდე მივიყვან ამ ამბავს, ბოლომდე მოვისაქმებ მათ თავზე. და, რაც მთავრია, დავწერ ყველაფერს, რაც და როგორც მოხდა. ერთადერთი, რამაც შეიძლება შემაჩეროს, იმ ორი ბაინდერის საზეიმო გადმოცემაა, რომელიც პროკურატურაშია დაუნჯებული. ესაა კრეტინიზმისა და უნიჭობის საგანძური, ამ წყალწაღებული მთავრობის კარდიოგრამა. დიახაც, იმ ერთი უტვინო პოლიციელი ბიჭის გინებამ შემიტრიალა განწყობა. არ ვარ ის კაცი, არ მიცხოვრია ისე, რომ ქუჩაში მივდიოდე და ზურგში გინებას მადევნებდნენ. მე, სამწუხაროდ, შემიძლია შევეგუო ნებისმიერ სიბინძურეს, მაგრამ ვერ შევეგუები ისეთ უნიჭობას და ჩანჩურობას, რომელსაც ავლენს სახელმწიფო, სადაც
ჩემმა შვილებმა უნდა აიწყონ ცხოვრება. ჰოდა მოგეძღვნებით. მე შაირი არ მინდოდა..

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 24 დეკემბერს პოეტი და მთარგმნელი ზვიად რატიანი საპოლიცო კონტროლის ფარგლებში გააჩერეს და სცემეს.

3 დღის შემდეგ, 27 დეკემბერს, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გააშუქა შსს მიერ მიწოდებული ვიდეომასალა, რომელშიც პოეტი ბილწსიტყვაობს.

აღსანიშნავია, პოეტის ადვოკატის შეფასება. ანა ნასრაშვილი აცხადებს, რომ ვიდეო, რომელიც შსს-მ სასამართლოზე საქმის მტკიცებულებად წარადგინა, შესაძლოა, უწყვეტი არ იყოს.

საბოლოო ჯამში, სამართლომ პოეტი ზვიად რატიანი დამნაშავედ სცნო მას წვრილმანი ხულიგნობისა და დაუმორჩილებლობისთვის 2 ათას ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

 

კომენტარები

კომენტარი