ლიტერატურა

“პირველად რომ დავინახე, ფეხები ამიკანკალდა” – “მოლაყბე კოსმოპოლიტის” ლიტერატურული ჩანახატი სოციალური ცნობიერების ბნელ ასპექტებზე

ინტერნეტში სოციალურ და ადამიანურ ღირებულებებზე სულ უფრო და უფრო მეტს წერენ, გამოხატვის ფორმებიც, რაღა თქმა უნდა, მრავალფეროვანია.

გთავაზობთ ერთ-ერთი ფეისბუქ გვერდის, “მოლაყბე კოსმოპოლიტის”, ლიტერატურულ ჩანახატს, ბევრი ადამიანისთვის საკმაოდ სენსიტიურ და, ამავდროულად, სოციალური ცნობიერებისთვის ძალიან მნიშვნელოვან თემაზე.

“პირველად რომ დავინახე, ფეხები ამიკანკალდა. მთელი ტანი დამიბუჟდა და ადგილიდანაც ვერ ვძვროდი. ეს შეგრძნება მოგაგონებთ სიზმარს, გაქცევა რომ გინდა და მუხლები გეკვეთება, ყვირილი რომ გინდა და ვერ ყვირი.
მე მამა გავხდი, მშობელი.
პატარა ბიჭს რომ შევეხე, იმ წამსვე ვიგრძენი სიახლოვე, ვიგრძენი კავშირი, რომელიც, მხოლოდ და მხოლოდ, საკუთარ სხეულთან თუ გექნება. ყველა ტკივილი, ნებისმიერი სხვა ფიქრი იმ წამსვე გაქრა, როგორც კი თბილ, მოცახცახე სხეულს შევეხე.
ეს ის გრძნობა იყო სიტყვებს თავს რომ ვერ მოუყრი ასახსნელად.
თურმე მხოლოდ მირაჟი ყოფილა.
პალატაში თეთრხალათიანი პილატე შემოვიდა. ჩემს შვილს, ჩემს საკუთარ სხეულსა და სულს განაჩენი გამოუტანა. ქრომოსომებზე და ათას სისულელეზე მოჰყვა საუბარს. იმ წამს ვერ მივხვდი რას ამბობდა, მხოლოდ ის მახსოვდა, რომ მამა ვიყავი, თურმე უბედურზე უბედური მამა.
მეგონა ნორმალური შვილი მეყოლებოდა, მეგონა მოვეფერებოდი, გულში ჩავიკრავდი და ტკბილ სიტყვებს ვეტყოდი. დავარიგებდი, როგორ მოქცეულიყო ადამიანებთან. ვიამაყებდი.
ჩემს შვილს არასდროს ჩავხუტებივარ.
საკუთარი შვილის სიყვარული გაქრა, მხოლოდ სიბრალულიღა შემომრჩა. სული ტკივილით ამევსო და დღემდე ასეა. ვინ მოთვლის რამდენჯერ გავიქეცი მას შემდეგ. გავექეცი ავადმყოფ შვილს, მეუღლეს, საკუთარ თავს და ღმერთსაც. რამდენი ღამე გამითენებია ალკოჰოლში ჩამხრჩვალს. მძინებია უცხო ქალთან. წამალიც კი გამიკეთებია. მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი შვილი ავადმყოფი აღმოჩნდა.
მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი შვილი ავადმყოფი აღმოჩნდა.
ახლა მამა ვარ, რომელსაც ავადმყოფი შვილი მხოლოდ იმიტომ უყვარს, რომ წესია ასეთი. რომელსაც დღემუდამ სტანჯავს საკუთარი შინაგანი ხმა, შვილის თანდაყოლილმა დაავადებამ ხომ ასე გამიცრუა იმედები.
მინდოდა საუკეთესო მამა ვყოფილიყავი.
ახლა მძღნერი ვარ.”

“მოლაყბე კოსმოპოლიტი” – ეს სალაყბო ფურცელია, სადაც საჭირო სიმართლეს წერენ.

კომენტარები

კომენტარი