არქიტექტურა, არქეოლოგია კულტურა

“მესტია–ჭალა ჰესის”ერთ–ერთი არქიტექტორი: “წარმოდგენები იმის შესახებ, რომ შესაძლოა სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანოს ამ ქანებზე ჰესის აშენებამ, კომპეტენციას მოკლებულია”

სვანეთში მოსახლეობა აგრძელებს პროტესტს “მესტია-ჭალა ჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ.  ჰესების მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით მესტიაში საპროტესტო აქცია არაერთხელ გაიმართა. ბოლო შეკრება სეტის მოედანზე 4 მარტს შედგა. აქციის მონაწილეების თქმით, ჰესები სვანეთს ეკოლოგიური თვალსაზრისით პრობლემებს შეუქმნის. აქციას მოგვიანებით მესტიის მერია გამოეხმაურა და მოსახლეობა გააფრთხილა, რათა პოლიტიკურმა პარტიებმა არ გამოიყენონ ისინი საკუთარი მიზნებისთვის. განსაკუთრებით აღსანიშნავია აქციის ერთ-ერთი მონაწილე, შვიდი თვის ორსული ქალი, რომელიც, პროტესტის ნიშნად, რამდენიმე საათის განმავლობაში გზაზე იწვა, სადაც ტექნიკას უნდა გაევლო. პროტესტის სხვადასხვა ფორმის გამო, დიდი ხანია სამშენებლო პროცესი ჭიანურდება.

“არტნიუსი” ესაუბრა ჰესის სამშენებლო საქმიანობაში ჩართულ ერთ-ერთ არქიტექტორს, რომელიც ამ აქციასთან დაკავშირებით აცხადებს:

“უამრავი გაბურღვითი სამუშაო და კვლევა ჩატარდა ქანებთან დაკავშირებით. შესაბამისად, წარმოდგენები იმის შესახებ, რომ შესაძლოა სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანოს ამ ქანებზე ჰესის აშენებამ, კომპეტენციას მოკლებულია. მსგავსი საშიშროების 1 პროცენტიც კი არ არსებობს, რადგან ამ ჰესის მშენებლობაზე მუშაობს კომპანია, რომელსაც ეკუთვნის მსოფლიოში უამრავი ჰესი. გარდა ამისა, კომპანია საუკეთესოა თავის სფეროში და 100 წელზე მეტია მოღვაწეობს ამ სფეროში. საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისთვის ამ პროექტის მნიშვნელობას თავად ეს სიტყვაც “ენერგოდამოუკიდებლობა” ძალიან კარგად ხსნის. არის კიდევ ერთი საყვედური, რასაც კომპანიის მიმართ ვისმენთ, რომ ადგილობრივი მუშახელი არ საქმდება ამ პროექტში. ეს გამოწვეულია იმით, რომ გაბურღვითი სამუშაოები და მშენებლობა ძალიან სპეციფიური საქმეა და მოითხოვს ისეთ ცოდნას, როგორიც უბრალოდ ერთ თვიანი გადამზადებითა და ახსნით ვერ მიიღწევა. ადგილობრივი მუშახელი ამ სტანდარტებს, სამწუხაროდ, ვერ აკმაყოფილებს. და ბოლოს, ამ პროექტის დაწყება და მიმდინარეობა მშვენივრად ხსნის იმას, რომ არავითარი საშიშროება ქანების დაშლის არ არსებობს, რადგან ამ დაფინანსების მოპოვება საფრთხის ქვეშ მყოფი პროექტისთვის შეუძლებელი იქნებოდა.”

“სალინი იმპრეჯილო” გახლავთ ინდუსტრიული ჯგუფი, რომელიც ახორციელებს მსხვილ და მრავალმხრივ პროექტებს ჰიდროელექტროსადგურებისა და ინფრასტრუქტურის მშენებლობის სფეროში.
ჯგუფი მუშაობს 50-ზე მეტ ქვეყანაში და ჰყავს 34 400 თანამშრომელი. კომპანიის წლიური ბრუნვა შეადგენს 4,2 მილიარდ ევროს, გარიგებების მოცულობა კი 32,4 მილიარდს.ჰიდგოენერგეტიკულ სფეროში “სალინი-იმპრეჯილოს” მოიხსენიებენ, როგორც “ინფრასტრუქტურულ გიგანტს”.

“სალინი იმპრეჯილოს” ისტორია და საქმიანობა უკვე 100 წელიწადზე მეტს ითვლის. ჯგუფის პორტფელი მოიცავს 240-მდე ჰიდროელექტროსადგურს და 1350 კმ მიწისქვეშა სამუშაოს.

ჯგუფის ხელმძღვანელობა და მთლიანად მისი პერსონალი მუშაობს გარემოს დაცვისა და ეთიკის ისეთი პრინციპებით, რომლებიც შეესაბამება მოქალაქეობის უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს.

საქართველოში (სვანეთში, ენგურის შენაკადზე) დაგეგმილი პროექტის განხორციელება ჯამურად 1 მლრდ. აშშ დოლარი ჯდება. ეს იქნება 280 მგვტ. სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური. მისი პოტენციური გამომუშავება კი 1.2 მლრდ. კვტ/სთ იქნება.

 

კომენტარები

კომენტარი