კულტურა ლიტერატურა

სენსაციური აღმოჩენა: “ვეფხისტყაოსნის” ავტორად მე–12 საუკუნეში მოღვაწე ვინმე კახაბერ კალასძე დაადგინეს

ოქსფორდის ქართველოლოგიური კათედრისა და საქართველოს ლიტერატურის ეროვნული ინსტიტუტის გვერდით არსებული სამეცნიერო ჯგუფის “სხვა ვეფხისტყაოსანი” ერთობლივი კვლევებით, სენსაციური დასკვა დადგინდა.

მე–12 საუკუნის ლეგენდარული პოემა “ვეფხისტყაოსანი” შოთა რუსთაველის დაწერილი არ აღმოჩნდა. რაც არ უნდა კურიოზულად ჟღერდეს, მეცნიერებმა იგი მე–12 საუკუნეში მოღვაწე ქართველ ქორეპისკოპოსს, კახაბერ კალასძეს მიაწერეს.

“იდეა ოქსფორდის უნივერსიტეტის ქართველოლოგიის დოქტორანტს, ვინფრიდ ბოედერის გაუჩნდა. ჩვენ მალევე დავუკავშირდით ქართული ლიტერატურის ეროვნულ ინსტიტუტსა და მის გვერდით არსებულ სამეცნიერო დაჯგუფებას “სხვა ვეფხისტყაოსანი” და შევთავაზეთ ერთობლივი გამოკვლევა. ქართველებმა იმდენად მალე დაგვიდასტურეს ცნობის სინამდვილე და ავთენტურობა, რომ ვიფიქრეთ, ალბათ, ლიტერატურის ინსტიტუტის წევრებს ამაზე ფიქრიც დაეზარათ” –დასძენს ხუმრობით ოქსფორდის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ბრაიან ო’ყნა.

“არტნიუსი” დაუკავშირდა ლიტერატურის ინსტიტუსის დირექტორს, ქალბატონ ჯამილა მოძღვარაშვილს. ჩვენ მას დავუსვით ის შეკითხვები, რომლებიც “ვეფხისტყაოსნის” ყველა წამკითხველს გაუჩნდებოდა:

ქალბატონო ჯამილა, თუ ვეფხისტყაოსანი მე–12 საუკუნეში მოღვაწე კახაბერ კალასძის დაწერილია, მაშინ რას ნიშნავს სიტყვები, რომლებსაც იქვე ვკითხულბოთ “მე რუსთველი ხელობითა?”

– ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ ორი პასუხი გვაქვს. პირველი, სავარაუდოა, რომ ეს ფრაზა ტექსტი ინტერპოლატორთ მიერ იყოს ჩართული და მეორე, რუსთველი კახაბერ კალასძის გამოგონებული სიტყვაა, რომელიც რუსებთან მეომარს ნიშნავს. “რუსთ” – ეთნოსის აღმნიშნელია, “ველი” კი ტოპოსია, სადაც ბრძოლები იმართება.” – განაცხადა ჯამილა მოძღვარაშვილმა.

დასკვნას არადამაჯერებლად მიიჩნევს არქეოლოგი ლაშა შათირიშვილი და დამოუკიდებელი ფილოლოგი ლექსო ლობჟანიძე, რომელთა თქმითაც, ჯვრის მონასტერში ნაპოვნი ფრესკა, უდავოდ იყო, არის და იქნება იმის დასტური, რომ ტექსტი შოთა რუსთაველს ეკუთვნის. მათ სოციალურ ქსელში უკვე წამოიწყეს კამპანია “#შოთანუშფოთავ, რომლის მიზანიც შოთა რუსთაველის სახელის უკვდავყოფაა.

გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ფაქტს, აგრეთვე, გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე: “როგორც თითოეულ თბილისელსა და ქართველს, ამის გაგების შემდეგ, მეც გამეღიმა. მიხარია, რომ ვარ იმ ადამიანის შთამომავალი, რომელმაც იდენტობასთან ტოლი და სწორი ნაწარმოები გვაჩუქა. ისე, როგორც ჩემამდე მოვიდა, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები უკვე ცდილობენ, რომ სამეცნიერო დასკვნაში ჩემი ხელწერა და ჩემი კულტის შექმნის მცდელობა აღმოაჩინონ, თუმცა, მე ქართველ ხალხს მხოლოდ იმას ვეტყვი, რომ კახაბერ კალასძესავით მათ ტექსტივით არანაკლებ ძლიერ და ლამაზ თბილისს ვაჩუქებ”.

შეგახსენებთ, რომ შუა საუკუნეებშიც და შემდეგ დროშიც ვეფხისტყაოსანი დიდ როლს ასრულებდა ქართველი ერის, განსაკუთრებით კი ქართული ლიტერატურის თვითმყოფადობის საკითხებში; ვეფხისტყაოსანი ქართველთათვის ერთ-ერთ საყვარელ წიგნად რჩებოდა. მიუხედავად ამისა, შუა საუკუნეებში ვეფხისტყაოსანი ხშირად იდევნებოდა ეკლესიის მხრიდან, რადგან იგი ანტიქრისტიანულ, სპარსულ ნაწარმოებად ითვლებოდა. თუმცა პოემის დევნამ ვერ შეასუსტა მისი მნიშვნელობა ქართველ ხალხში, პირიქით, მისი გავლენა უფრო მეტად გაიზარდა ახალი დროის ქართველ მწერლებში. დღეს ვეფხისტყაოსანი მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ შედევრად ითვლება.

და იმასაც შეგახსენებთ, რომ დღეს პირველი აპრილია. მოტყუება კი ასეთი ადვილი თითქმის არასდროს ყოფილა.

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი