ლიტერატურა შემოქმედებითი ინდუსტრიები

უნიკალური შემთხვევა ქართული საგამომცემლო საქმის ისტორიაში

გერმანული გამომცემლობა “ზურკამპი” სერგეი ჟადანის წიგნს “მესოპოტამია” გამომცემლობა “ინტელექტის” მიერ ქართულად თარგმნილი და გამოცემული იგივე წიგნის ქართული დიზაინით გამოსცემს.

შეგახსენებთ, რომ სერგეი ჟადანის გამოცემის უფლება, კოპირაიტი “ინტელექტმა” “ზურკამპისგან” შეისყიდა, მას შემდეგ კი, რაც ჩვენ მათ ჩვენი ქართული გამოცემა, ე.წ. სავალდებულო ეკზემპლარები გავუგზავნეთ პირადი არქივისთვის, გერმანულმა გამომცემლობამ გადაწყვიტა, რომ ჟადანის გერმანული გამოცემის რეპრინტი სწორედ ქართული, თეონა ჭანიშვილის მიერ შესრულებული გარეკანით გაეკეთებინა.

ამ ფაქტის შესახებ პოეტი და მთარგმნელი გვანცა ჯობავა წერს:

“სამუშაო კვირას წარმოუდგენლად გადასარევი ამბით ვასრულებ!

ამ ფოტოზე გამოსახულია სრულიად უნიკალური შემთხვევა ქართული საგამომცემლო საქმის ისტორიაში, კონკრეტულად კი ქართული წიგნის დიზაინის ისტორიაში, როდესაც უდიდესი გერმანული გამომცემლობა “ზურკამპი” სერგეი ჟადანის წიგნს “მესოპოტამია” გამომცემლობა “ინტელექტის” მიერ ქართულად თარგმნილი და გამოცემული იგივე წიგნის ქართული დიზაინით გამოსცემს.

“წიგნები სულ ახლახან მივიღე სულ ცხელ-ცხელი გერმანიიდან, ეს თეონასთვისაც სიურპრიზია და მას და გამომცემლობა “ინტელექტს” მთელი სულით და გულით ვულოცავ. იმედია, სამომავლოდ ბევრი ასეთი შემთხვევა გვექნება ქართულ საგამომცემლო სივრცეში.
საზღვრები ცალსახად ირღვევა და იშლება. ზუსტად ვიცი, კიდევ ბევრი დიდი ამბავი გვაქვს წინ!”

 

კომენტარები

კომენტარი