ლიტერატურა

მწერალთა სახლი პოეტ ნიკა ჩერქეზიშვილის განცხადებას ეხმიანება

მწერალთა სახლი პოეტ ნიკა ჩერქეზიშვილის განცხადებას ეხმიანება. განცხადებას ისინი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ავრცელებენ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ნიკა ჩერქეზიშვილმა უკმაყოფილება გამოთქვა, რომ მას მწერალთა სახლში ადგილი არ დაუთმეს, რომელსაც წინამდებარე პასუხი მოჰყვა.

“გვსურს გამოვეხმაუროთ ნიკა ჩერქეზიშვილის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას მწერალთა სახლის მიმართ უკმაყოფილების შესახებ. თხოვნა, დაგვეთმო მისთვის მწერალთა სახლის სივრცე შეხვედრის მოსაწყობად, ნიკა ჩერქეზიშვილისგან ფეისბუკ გვერდზე მივიღეთ. ამბავი მისი სასამართლო დავების შესახებ ჩვენთვის ცნობილია, შესაბამისად, გადავწყვიტეთ ტელეფონით დავკავშირებოდით, რათა დაგვეზუსტებინა მისი განზრახული შეხვედრის ფორმატი და შინაარსი. ამ გადაწყვეტილების გამო, არ არსებობს ჩვენს შორის მიმოწერა, რაც საშუალებას მოგვცემდა გაგვექარწყლებინა მის მიერ წამოყენებული ბრალდებები.

გვსურს კიდევ ერთხელ საჯაროდ დავაფიქსიროთ მწერალთა სახლის, როგორც საჯარო ორგანიზაციის პოზიცია, რასაც, შესაძლოა გარკვეული ემოციური ფონის გამო, ბატონმა ნიკამ არასწორი ინტერპრეტაცია მისცა. მწერალთა სახლი არის სალიტერატურო პლატფორმა. ჩვენი სივრცე უფასოდ და დაუნანებლად ეთმობათ ქართველ მწერლებს მათი შემოქმედების გასაჯაროებისა და დემონსტრირებისთვის. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ჩვენი ორგანიზაცია ლიტერატურას და მწერლებს არ ფილტრავს პოლიტიკური და იდეოლოგიური ცენზურის მიხედვით.

იმ შემთხვევაში თუ რომელიმე ავტორი თავისი შემოქმედების გამო შევიწროვების მსხვერპლი ხდება, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და საქართველოში პენ ცენტრის მსგავსი ორგანიზაციები მუშაობენ მათი გამოხატვის თავისუფლებისა და უსაფრთხოების დაცვისთვის. მწერალთა სახლი ამ ფორმატსაც იზიარებს და ჩვენი თანამშრომლების მხრიდან მუდმივად არსებობს მზაობა, ვიშრომოთ იმისთვის რომ ლიტერატურული პროცესები არ შეფერხდეს და არცერთი ავტორი არ გახდეს დისკრიმინაციის თუ ცენზურის მსხვერპლი. არსებობს კიდეც კონკრეტული პრეცედენტი, როდესაც მწერალთა სახლმა ორგანიზება გაუწია ქართველი ავტორის მხარდასაჭერ აქციას როდესაც საკუთარი ტექსტების გამო მას საფრთხე დაემუქრა.

ნიკა ჩერქეზიშვილის შემთხვევა ამ მხრივ განსხვავებულია. მისი სამართლებრივი დავა სახელმწიფოსთან არ არის დაკავშირებული მის შემოქმედებასთან. ჩვენს კითხვაზე, თუ რა ფორმატის შეხვედრის გამართვა სურდა მას მწერალთა სახლში, პასუხად მივიღეთ, რომ მას მსმენელებისთვის თავისი განთავისუფლების მიზეზებზე საუბარი ჰქონდა დაგეგმილი. ჩვენ ვეცადეთ აგვეხსნა მისთვის, რომ არასალიტერატურო საღამოსთვის ვერ დავუთმობდით სივრცეს და არანაირი საუბარი სისტემის ნაწილად ყოფნასა და სისტემასთან დაპირისპირებაზე ჩვენი მხრიდან არ ყოფილა.

მწერალთა სახლი ეთმობა და კვლავაც დაეთმობა ავტორებს ისეთი შეხვედრებისთვის, რაც მათ სამწერლო საქმიანობას და შემოქმედებას უკავშირდება. ჩვენს სივრცეში განიხილებოდა და კვლავაც განიხილება ქვეყანაში მიმდინარე ბევრი მწვავე და საჭირბოროტო პროცესი, ანუ, ყველაფერი, რასაც ლიტერატურა ეხება და ასახავს.

კომენტარები

კომენტარი