შემოქმედებითი ინდუსტრიები

ჰოლანდიის ჩასაბერ ინსტრუმენტთა ანსამბლი საქართველოში კონცერტებს გამართავს

საქართველოში საერთაშორისო მუსიკალური პროექტი Made in Georgia განხორციელდება, რომელშიც ცნობილი ჰოლანდილი და ქართველი მუსიკოსები და შემსრულებლები არიან ჩართული. პროექტის ფარგლებში, ჰოლანდიის ჩასაბერ ინსტრუმენტთა ანსამბლი ქართველ შემსრულებლებთან ერთად საქართველოში კონცერტებს გამართავს.

„Netherlands Wind Ensemble (ჰოლანდიის ჩასაბერ ინსტრუმენტთა ანსამბლი) ჰოლანდიელი მუსიკოსებისგან შემდგარი ორკესტრია, რომელიც მსმენელს მდიდარ რეპერტუარს სთავაზობს სხვადასხვა ჟანრის მუსიკის ორიგინალური ინტერპრეტაციებითა და მრავალფეროვანი კულტურული თავისებურებებით“, – აცხადებენ საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენლები.

მათივე ინფორმაციით, NBE თანამშრომლობს არაერთ მუსიკოსთან, კომპოზიტორთან, პოეტთან თუ შემსრულებელთან მთელი მსოფლიოდან, რათა მუდმივად საინტერესო და განახლებადი პროგრამა შესთავაზოს მსმენელს. მათი საერთაშორისო პროექტი Made in… ამჯერად საქართველოში ჩამოდის და ქართველ მუსიკოსებს აერთიანებს. ნიაზ დიასამიძე, ლევან ცხადაძე, გორის ქალთა გუნდი, ანჩისხატის გუნდი და ფოლკლორული ანსამბლი ადილეი NBE-სთან ქართველ მსმენელს სპეციალურ საკონცერტო პროგრამას შესთავაზებენ.

კონცერტები საქართველოში რამდენიმე ადგილას ჩატარდება. კერძოდ, 26 მაისს, 21:15 საათზე, ვაკის პარკში, კლუბი 33 ა (დასწრება თავისუფალია) კონცერტს გამართავს; 27 მაისს, 20.00 საათზე, ლოპოტას ტბის დასასვენებელ კომპლექსში (დასწრება თავისუფალია) და 28 მაისს, 19.00 საათზე, თელავის თეატრში (დასწრება თავისუფალია).

„საკონცერტო ტურნეს დასრულების შემდეგ NBE-ის შემოქმედებითი ჯგუფი სპეციალურ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს საქართველოში მათი მოგზაურობის შესახებ, რომლის პრემიერაც ჰოლანდიაში შემოდგომაზე გაიმართება. შემოდგომაზე, ასევე, დაგეგმილია საკონცერტო ტურნე ჰოლანდიის რამდენიმე ქალაქში, რომელშიც ქართველი მუსიკოსები და შემსრულებლებიც მიიღებენ მონაწილეობას. 5-19 ოქტომბერს ჰოლანდიის რამდენიმე ქალაქში 10 კონცერტი ჩატარდება, მათ შორის, ამსტერდამში, უტრეხტში, ედეში, ჰარლემში, ჰააგაში და ტილბურგში“, – აცხადებენ საორგანიზაციო ჯგუფის წევრები.

მათივე ინფორმაციით, Netherlands Wind Ensemble 1961 წელს დაარსდა. 1988 წლიდან ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი ცნობილი ჰოლანდიელი მუსიკოსი, ჰობოისტი ბარტ შნეენმანია, რომელმაც NBE-ის ტრანსფორმაციაში განსაკუთრებული როლი ითამაშა და მისი პროგრამები მულტიკულტურული და მრავალფეროვანი გახადა. სცენაზე NBE-ის მუსიკოსები გამოირჩევიან განსაკუთრებული ვირტუოზულობითა და იმპროვიზაციით, რაც მათ მსმენელს აღაფრთოვანებს. გარდა საკონცერტო მოღვაწეობისა, NBE-ის აქვს სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამები, ანსამბლის წევრები ახალგაზრდა ტალანტებს წარმატების მიღწევაში ეხმარებიან. NBE-ის განსაკუთრებული კავშირები აქვს ჰოლანდიის სამეფო ოჯახთან.

პროექტის Made in Georgia მხარდამჭერები არიან ჰოლანდიის საელჩო საქართველოში, კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, “თიბისი ბანკი”, სასტუმრო Grove Design Hotel, ჟურნალი Georgia To See და ლოპოტას ტბის დასასვენელი კომპლექსი.

კომენტარები

კომენტარი