არქიტექტურა, არქეოლოგია კულტურა

ვინ ანგრევს თანდოიანცის ეკლესიას?

2017 წლის ივლისში საქართველოს მთავრობამ თბილისში, აღმაშენებლის გამზ. #38-ში მდებარე დაზიანებული ეკლესია და მისი მიმდებარე ტერიტორია საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას გადასცა.

გადაცემამდე, სახელმწიფოს არ შეუსწავლია ტაძრის ისტორიული წარმომავლობა და მისი კულტურული და კონფესიური მახასიათებლები. საპატრიარქო ეკლესიის ფუნდამენტზე უკვე სხვადასხვა სახის სამუშაოებს აწარმოებს.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, სადაც წითელი მარკირებით ნაჩვენებია კონტრასტი კულტურულ ძეგლსა და რეაბილიტირებულ ტაძარს შორის. ფოტოებს “არტნიუსი” წინამდებარე ალბომში გთავაზობთ.

როგორც “არტნიუსს” საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ბექა ბარამიძემ განუცხადა, დღეს სააგენტო საკუთარ პოზიციას არ გაასაჯაროებს:

“ერთადერთი, რისი თქმაც დანამდვილებით შეგვიძლია, არის ის, რომ გამოქვეყნებული ფოტომასალა, თუ ის ავთენტურია, იმ ქრონოლოგიას არ ემთხვევა, რომელსაც სოციალურ ქსელში ავტორი მიუთითებს. საბოლოო სახით, განცხადებას ხვალ გავავრცელებთ” – განაცხადა ბექა ბარამიძემ.

არტ მენეჯერი ელენე მეჩითოვა, “არტნიუსთან” საუბრისას, თანდოიანცის ეკლესიის რეაბილიტაციას კულტურული ძეგლის განადგურებას უწოდებს:

გუშინ, 27 მარტს ჩატარდა მრგვალი მაგიდა თანდოინაცის საქმეზე, სადაც წარმოდგენილი იყო დამოუკიდებელი ექსპერტების ისტორიულ-არქიტექტურული კვლევის შედეგები. ამასთან ერთად, პრეზენტაციაზე  ვნახეთ სხვადასხვა დროს გადაღებული ფოტომასალა, მათ შორის, ამა წლის 26 მარტს გადაღებული სურათები, რომლებზეც ნათლად ჩანს ეკლესიის აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ფასადზე ჩამოშლილი კედლის ზედა ნაწილი. სავარაუდოდ, ეს მოხდა ბოლო თვის განმავლობაში, ერთი თვის წინ ეს ჯერ კიდევ ჩანს. არსებობს უამრავი ფოტო და ვიდეომასალა, რადგან ტარდება მონიტორინგი ძეგლის დამცველების მხრიდან. არსებობს, აგრეთვე, ინტერნეტში მოპოვებული ვიდეო, 25 თებერვლით დათარიღებული, სადაც ჩანს, რომ ეს ნაწილები ჯერ კიდევ არ იყო ჩამოშლილი, თუმცა ჩანაწერშიც ჩანს აქტიური სამშენებლო სამუშაოები და ის, თუ როგორ ცვივა აგურები.

ცხადია, რომ ეს არ არის არც რესტავრაცია და არც რეაბილიტაცია, რადგან ინგრევა, ქრება და ნადგურდება ძეგლის ისტორიულ-კულტურული ნიშნები, მისი ფასეულობა, როცა რეაბილიტაცია, ან რესტავრაცია მათ აღდგენას თუ არა, შენარჩუნებას მაინც უნდა გულისხმობდეს. თანდოიანცის შემთხვევაში კი სრულიად საპირისპირო პროცესს ვხედავთ.

რაც შეეხება ქრონოლოგიის საკითხს, რომელზეც ბატონი ბექა საუბრობს, ქრონოლიგიის გარკვევა ძალიან ადვილია, ყველა ორიგინალ ციფრულ სურათს აქვს გადაღების თარიღის ინფორმაცია. ქრონოლოგიაზე აქცენტირება ამ შემთხვევაში გაუგებარია, როდესაც აშკარად ჩანს, რომ კედლის ნაწილი იყო და დღეს ის აღარ არის.

ელენეს აზრით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზანია, პირველ რიგში, კულტურული მემკვიდრეობის სრული მრავალფეროვნებით შენარჩუნება.

“ჩვენ კი ვხედავთ საპირისპირო სურათს. უგულებელყოფილია საზოგადოების ინტერესები და საზოგადოების ხსენებისას ვგულისხმობ ჩვენს საზოგადოებას, მთელი თავისი კულტურული მრავალფეროვნებით. ერთი ტაძრის ისტორიული მნიშვნელობისა და ავთენტურობის გაქრობით იმაზე მეტი ზიანდება, ვიდრე ერთი ძეგლი. აგრეთვე, ზიანდება ჩვენი საზოგადოების ერთსულოვნების განცდა. განცდა, რომ სახელმწიფო იცავს და ზრუნავს თავისი ყოველი მოქალაქის ღირსებისა და იდენტობის შენარჩუნებისთვის. საქართველოს კულტურის პოლიტიკა უნდა ითვალისწინებდეს თანამედროვე საქართველოს კულტურის სრულ სპექტრს. მასში, უნდა იგულსიხმებოდეს ყველა ეროვნული თუ კულტურული უმცირესობების კულტურა და კულტურული განვითარება. მე და ყველას, ვისაც ემოციური კავშირი გვაქვს თანდოიანცის ისტორიასთან, ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ და ამ სახელმწიფოსადმი გვაქვს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის განცდა. ახლა კი მნიშვნელოვანია სახელმწიფომაც იგრძნოს და დაგვანახოს საპასუხო პასუხისმგებლობა ჩვენდამი.

სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული კულტურული მეკვიდრეობის უძრავი ძეგლი 2017 წელს კერძო საკუთრებაში გადავიდა, ამიტომ რაიმე ბერკეტების გამოყენება ძალიან რთულია.  საჰაკ თანდოიანცის მიერ 1860-იან წლებში აშენებული ეკლესიის კედლების გამოყენებით, შენდება სრულიად ახალი, თანამედროვე ეკლესია შუასაუკუნეების სტილში. გამოდის, რომ ამ ძეგლის ისტორიული მნიშვნელობა უგულებელყოფილია. თანდოიანცი კარგავს ავტენტურობას, მიმდინარეობს იერსახის შეცვლა რაც დაუშვებელი უნდა იყოს  თანამედროვე ცივილიზებულ ქვეყანასა და საზოგადოებაში. ძველი უნდა დავიცვათ და ახალი ავაშენოთ და შევქმათ ძველის დაცვის პარალელურად. მალე მთელ ძველ თბილისში გვექნება ახალი ფსევდოისტორიული შენობა-ნაგებობები.” – აცხადებს ელენე მეჩითოვა.

ვრცელი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

navigate_before
navigate_next

 

 

 

კომენტარები

კომენტარი