სტილი, დიზაინი შემოქმედებითი ინდუსტრიები

ახალი ქართული ბრენდი “ANTENERO” მოდის ინდუსტრიაში

ქართული მოდის ბაზარზე ახალი ბრენდი “ANTENERO” გამოჩნდა, რომელიც თავისი კრეატიულობითა და ორიგინალურობით გამოირჩევა. მისი დამფუძნებელიც ანა ნიკოლაიშვილია.

“არტნიუსი” გაესაუბრა ანას და გთავაზობთ ინტერვიუს:

– ანა, როდის დაინტერესდით მოდის ინდუსტრიით და რამ განაპირობა ეს?

– მოდის ინდუსტრიით ბავშვობიდანვე ვიყავი დაინტერესებული, ალბათ, ეს ყველაფერი იმან განაპირობა, რომ ბებია კერავდა და სახლში სულ იყო მოდის ჟურნალები. აგრეთვე, ბავშობიდანვე ვხატავ და ამ ყველაფერმა მიმიყვანა მოდამდე. სამწუხაროდ, ჩემი პირველი პროფესია არ უკავშირდება მოდას, მაგრამ საბოლოოდ მაინც იმით დავკავდი, რაც ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს.

როგორც ცნობილია, პარიზში სწავლობდით. რა არის მთავარი განსხვავება ქართულ და ფრანგულ სწავლებას შორის?

– ყველაზე დიდი განსხვავება, ალბათ, არის ის, რომ საფრანგეთში ამ პროფესიას უფრო სერიოზულად აღიქვამენ და ლექტორებიც, შესაბამისად, არიან უფრო გამოცდილები, მაგრამ სათანადოდ ვერ შევადარებ, რადგან არ მქონია შეხება ქართულ მოდის სასწავლებელთან.

– რამდენად მარტივია დაიმკვიდრო თავი მოდის ინდუსტრიაში?

მოდის ინდუსტრიაში თავის დამკვიდრება არც თუ ისე იოლია. უნდა გქონდეს ინდივიდუალურობა და, ამავდროულად, უნდა შექმნა ისეთი პროდუქცია, რომელიც იქნება მოთხოვნადი ქართულ და ინტერნაციონალურ ბაზარზე.

– რა ფაზაშია დღეს ქართული მოდა, რა სისუსტეები ახლავს თან?

– ჩემი აზრით, ქართულმა მოდამ სერიოზული წინსვლა განიცადა ინტერნაციონალურ ბაზარზე ამ ბოლო პერიოდში, რაც ძალიან საამაყოა. რაც შეეხება სუსტ მხარეს, მოთხოვნა ქართველი დიზაინერების პროდუქციაზე მაღალი არ არის თვითონ საქართველოში. ქართველები უპირატესობას ანიჭებენ უცხოეთიდან შემოტანილ ბრენდებს, ეს კი არ აძლევს სათანადოდ გასაქანს ქართველ დიზაინერებს.

– რით განგასხვავებენ სხვა დიზაინერებისგან?

– ვფიქრობ, ინდივიდუალიზმით. რა თქმა უნდა, ყველას თავისი განმასხვავებელი ნიშანი აქვს, როგორც სტილით, ისე ბრენდის მთავარი კონცეპციით, მაგრამ მე ვფიქრობ, ჩემში ეს უფრო დიდი ოდენობითაა.

 

– რა ხდება თქვენი შთაგონების წყარო, რამდენად მნიშელოვანია ინსპირაცია, შეიძლება არაფრიდან პროდუქტის შექმნა?

– პირველ რიგში, ინსპირაციის წყარო ჩვენი ცხოვრების სტილია, რომელშიც ყოველდღიურად ვპოულობთ შთაგონებას, რაც, რაღა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია კოლექციის შექმნისთვის. მოდის სფეროც სწორედ ეს არის – არაფრიდან შექმნა ყველაფერი.

– რამდენად საინტერესო პროცესია, აკეთებდე მოდას?

– მოდა – ინდივიდუალური ტერმინია. ბევრისთვის ეს უბრალოდ ტრენდულად ჩაცმაა, ზოგისთვის ცხოვრების ნაწილი და ზოგისთვის კი ხელოვნებაა, აქედან გამომდინარე კოლექციის შექმნის პროცესი ძალიან სანტერესოა, რადგან გარდა ჩემი ხედვისა გასათვალისწინებელია კოლექციის პროდუქტიულობა.

– სად შეიძლება თქვენი პროდუქციის შეძენა?

– ჩემი პროდუქციის შეძენა შესაძლებელია საიტისა და სოციულური ქსელების მეშვეობით. აგრეთვე, გახსნის პროცესშია ჩემი პირველი შოურუმი, რომელიც სულ მალე გაიხსნება.

– სამომავლო გეგმები თუ გაქვთ?

– რა თქმა უნდა, როგორც ყველა ბრენდს მე და ANTENERO-ს შემოქმედებით გუნდს დიდი გეგმები გვაქვს. ამ ყველაფერს კი ბრენდის წინსვლასთან ერთად იხილავთ.

კომენტარები

კომენტარი