არქიტექტურა, არქეოლოგია

გორში სამხატვრო სკოლის ექსტერიერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გორის სამხატვრო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. იცვლება შენობის გარე ფასადი და სამხატვრო სკოლის ექსტერიერი თანამედროვე დიზაინის იქნება.

სამხატვრო სკოლის შენობა, რომელიც თავისი არქიტექტურით უნიკალური ნაგებობაა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი, გორში 1974 წელს გაიხსნა. მას შემდეგ მას კაპიტალური რემონტი არ ჩასტარებია, გარდა ინტერიერისა, რომელიც საფუძვლიანად მხოლოდ 2015 წელს შეკეთდა. გასული  ოთხი ათეული წლის მანძილზე შენობის ექსტერიერი მნიშვნელოვნად დაზიანდა.

არსებული პროექტის მიხედვით, დაგეგმილია შენობის მთლიანი ფასადის მოპირკეთება  ეკლარის  ახალი ქვის ფილებით, ფასადის შიდა სივრცის ჭერზე დაზიანებული ნალესის მოხსნა და ახლად შელესვა, ტერასაზე არსებული პერგოლის წყალგამძლე მასალებით დამუშავება.

სკოლის რეაბილიტაციის  პროექტი  ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტების წილობრივი მონაწილეობით 219 000 ლარით ფინანსდება.

სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი