კულტურა შემოქმედებითი ინდუსტრიები

კახა ბენდუქიძის კამპუსში “თავისუფალი სკოლა” იხსნება

კახა ბენდუქიძის კამპუსში „თავისუფალი სკოლა“ იხსნება, ამის შესახებ თავისუფალი უნივერსიტეტის წარმომადგენლება დღეს განაცხადეს.

ეს გახლავთ საშუალო სკოლა, რომელიც 2018 წელს დაიწყებს პირველიდან მეექვსე კლასამდე მოსწავლეების მიღებას. 2019 წლიდან სკოლას დაემატება მეშვიდე-მეცხრე კლასებიც.

სკოლაში, როგორც წარმომადგენლები აცხადებენ, მოსწავლეებს ექნებათ ოთხი საგანი (მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერებები, ინგლისური, ქართული ენა და ლიტერატურა) გაძლიერებულად ისწავლონ. ამ დისციპლინებში, კლასში მოსწავლეების მაქსიმალური რაოდენობა იქნება 12, დანარჩენებში კი – 18.

სასწავლო პროცესი 9:00 -ზე დაიწყება და 17:00 საათზე დამთავრდება.

სკოლაში იქნება კლუბები, რომელიც მოიცავს, როგორც დამატებით სასწავლო პროგრამებს, ისე სპორტულ და კულტურულ აქტივობებს. მოსწავლეებს საშუალება მიეცემათ შეისწავლონ დამატებითი სასწავლო პროგრამები და ისეთი დისციპლინები როგორიცაა – კულინარია, რობოტიკა, მევენახეობა და სხვა.

მოსწავლეებს უკვე მესამე კლასიდან ყველა დისციპლინაში გაკვეთილს ჩაუტარებს კონკრეტული საგნის მასწავლებელი, ხოლო ინგლისურ ენასა და კომპიუტერულ მეცნიერებაში პირველივე კლასიდან.

თავისუფალი სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილების მნიშვნელოვან ნაწილს ჩაუტარებენ თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების პროფესორები. მოსწავლეებს წვდომა ექნებათ კამპუსის ყველა რესურსთან, მათ შორის: ბიბლიოთეკასთან, სასწავლო ლაბორატორიებთან, მუზეუმთან, სპორტულ კომპლექსთან, კულინარიისა და მევენახეობა-მეღვინეობის აკადემიებთან, ვეტერინარულ კლინიკასთან და თეატრალურ კლუბთან.

სკოლის მიზანია აბიტურიენტობის პერიოდში მოსწავლეებს არ დაჭირდეთ ეროვნული გამოცდებისთვის დამატებით მომზადება რეპეტიტორებთან და სკოლაში შეძენილი ცოდნით წარმატებას მიაღწიონ ერთიან ეროვნულ თუ სხვა მნიშვნელოვან გამოცდებზე.

თბილისის თავისუფალი სკოლა მოსწავლეებს მიიღებს ტესტირება/გასაუბრების საფუძველზე.სკოლას უხელმძღვანელებს პროფესორი ამირან ამბროლაძე, თავისუფალი უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების (MACS) სკოლის დეკანი, რომელსაც აქვს სწავლების მრავალწლიანი გამოცდილება შვედეთისა და ინგლისის საუკეთესო უნივერსიტეტებში, სადაც მრავალჯერ იყო აღიარებული წლის საუკეთესო ლექტორად.

სკოლის დამფუძნებლები იმედოვნებენ, რომ „თავისუფალი უნივერსიტეტი“ ახალ სიტყვას იტყვის საქართველოს განათლების სისტემაში.

კომენტარები

კომენტარი