კულტურა

გრიგოლ რობაქიძე საქართველოში ჯერ კიდევ არაა გადმოსვენებული

ქართველი მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, თანამედროვე ქართული და გერმანული ფსიქოლოგიური რომანის ერთ-ერთი ფუძემდებელი გრიგოლ რობაქიძე იმ ადამიანთა კატეგორიაში შედის, რომლებსაც საქართველოში დაბრუნება ვერ ეღირსათ. იგი 1931 წლიდან გარდაცვალებამდე იყო პოლიტიკური ემიგრანტი: 1946 წლამდე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა გერმანიაში, ხოლო 1946 წლიდა— შვეიცარიაში. იგი იყო ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ერთ-ერთი უთვალსაჩინოესი მოღვაწე. 1941 წელს, მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, თბილისში საფუძველი ჩაეყარა ანტისაბჭოთა შეთქმულებას, რომლის ორგანიზატორთა შორის ახალგაზრდა მწერლები, გიორგი ძიგვაშვილი და კოტე ხიმშიაშვილი იყვნენ, შეთქმულება გაიცა, გამოძიებამ კი მისი მონაწილეები გრიგოლ რობაქიძესთან კავშირში და მისგან ფაშისტური დირექტივების მიღებაში დაადანაშაულა.

მწერალი 1962 წლის 19 ნოემბერს გარდაიცვალა ქალაქ ჟენევაში და იქვე დაიკრძალა. 1976 წელს ქართველი ემიგრანტების ნინო და კალისტრატე სალიების თაოსნობით საფრანგეთში, ლევილის სასაფლაოზე გადაასვენეს. საზოგადოების ერთი ნაწილისთვის ის ფაქტი, რომ იგი სამშობლოში არაა დაკრძალული, მიუღებელია. ამ პრობლემის მოსაგვარებლად პარტიზანული პროტესტები აქა–იქ თუ მიმდინარეობს.

“არტნიუსი” ამ საკითხის ირგვლივ დავით კვიტატიანს ესაუბრა და გთავაზობთ ინტერვიუს:

– როგორც ვიცით, გრიგოლ რობაქიძე ლევილის ქართველთა სასაფლაოზეა დაკრძალული. რატომაა პრობლემა ეს?

– პირველ რიგში, მადლობას გიხდით ინტერვიუსთვის! თავად ფაქტი, რომ რობაქიძე ლევილის სასაფლაოზეა დაკრძალული, რა თქმა უნდა, პრობლემას არ წარმოადგენს. უბრალოდ, მინდა ამ უდიდესი ავტორის ხსოვნას პატივი მივაგო და მისი საფლავი არა საფრანგეთში, არამედ სამშობლოში იყოს. გრიგოლის შემოქმედებაზე, ალბათ, ქვემოთ ვისაუბრებთ და უფრო გაშლილად შევეცდები განვმარტო მისი ნეშთის გადმოსვენების აუცილებლობა.

– ოფიციალურად თუ მიგიმართავთ კულტურის სამინისტროსთვის და რა პასუხი მიიღეთ მათგან?

– არ ვიცი, კულტურის სამინისტროს ფეისბუკგვერდის მონიშვნა თუ ითვლება ოფიციალურ მიმართვად… უბრალოდ, დაახლოებით უკვე ორი კვირაა, რაც ყოველდღიურად ვაქვეყნებთ შეტყობინებას, მაგრამ, მათი მხრიდან, არანაირი რეაქცია ჯერჯერობით არ ყოფილა.

– რა ღონისძიებების განხორციელება იგეგმება ამ პრობლემის აქტუალიზებისთვის?

– ვფიქრობ, ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობებიდან გამომდინარე, საკითხის აქტუალიზაცია ნამდვილად არ იქნება ადვილი. თუმცა, გარკვეული გეგმა არსებობს და ვეცდები, თანმიმდევრულად მივყვე. პირველ რიგში, ფეისბუკაქტიურობის შეწყვეტას არ ვაპირებ. სწორედ ამის შედეგია ეს ინტერვიუც და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დროთა განმავლობაში, უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდება ზემოხსენებული საკითხით.

– ჩვენ პოსტსაბჭოთა ქვეყანა ვართ, გრიგოლ რობაქიძე კი ის ავტორია, რომელსაც საბჭოთა სისტემა ებრძოდა. როგორ ფიქრობ, იმ შემთხვევაში თუ მოხერხდა გადმოსვენება, რამდენად დადებითად შეხვდება ქართველი ერი ამ ფაქტს?

– დიახ, ჩვენ პოსტსაბჭოთა ქვეყანა ვართ, მაგრამ საქართველოს მოსახლების აბსოლუტურმა უმრავლესობამ, ჯერ კიდევ, 1989 წლის 9 აპრილს გააკეთა არჩევანი და დასავლურ რელსებზე გადავეწყვეთ. რა თქმა უნდა, არ მაქვს ზიზღი რუსი ხალხის მიმართ, არც რადიკალური დამოკიდებულბა მაქვს ქვეყანასთან მიმართებაში.  ვფიქრობ, უნდა გამოვიყენოთ მისი ბაზარი ეკონომიკის განვითარებისათვის,  მაგრამ ცალსახად  ვაღიარებ, რომ ჩვენი მეზობელი ოკუპანტია! სამაჩაბლოსა და აფხაზეთის საკითხების გარდა, არანაკლებ მნიშვნელოვანია საუკუნეების განმავლობაში ჩრდილოეთიდან შემოსული ფსევდოფასეულობები, რომლებიც იმდენად ღრმად დაილექა ქართველი კაცის ცნობიერებაში, რომ აგერ უკვე სამი ათწლეულია ვებრძვით ამ მენტალიტეტს და შესამჩნევ წარმატებას ჯერ ვერ მივაღწიეთ. მაგალითისთვის, ცნობილია, რომ ქართველი ადამიანისთვის, საუკუნეების განმავლობაში, დედის კულტი უდიდეს ფასეულობას წარმოადგენდა და ზოგადად, დედის შეურაცხყოფა დაუშვებელად მიიჩნეოდა. საბჭოთა წყობილებაში აღმოცენებულმა კრიმინალურმა მენტალიტეტმა ისე ღრმად გაიდგა ფესვები ჩვენს ცნობიერებაში, რომ დღესდღეობით დედის გინება ჩვეულებრივ, სალაპარაკო ენად გვექცა. ესეც არ კმაროდა და საკუთარ დედასაც ვაგინებთ ისე, თითქოს სასაუბრო ენის განუყოფელი ნაწილი იყოს. ამ და უამრავ სხვა მარგინალურ მოვლენაზე შეგვიძლია ვისაუბროთ, თუმცა შორს წაგვიყვანს… მხოლოდ იმას აღვნიშნავ, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა განვთავისუფლდეთ საბჭოური მენტალიტეტისგან. კარგად მესმის, ჩვენს ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებიც მისტირიან საბჭოთა წყობილების დროს არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ პირობებს. მაშინ, მართლაც რომ, თითო-ოროლა მათხოვარი თუ შეგხვდებოდა ქვეყანაში და მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ბინის, კვების, კომუნალური გადასახადის და ა.შ. პრობლემა არ ჰქონდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მაშინდელი ეკონომიკური წყობა, ფაქტობრივად, უტოპიური იყო, რადგან სახელმწიფო ბუნებრივი რესურსებით იკვებებოდა, ფასებს კი თვითღირებულებაზე დაბალს ადგენდა. იყო შეზღუდვა ე.წ. ფუფუნების საგნების შეძენაზე. ხელფასები სახელმწიფოს მხრიდან რეგულირდებოდა. შედეგად, კორუფცია გამეფდა, რამაც საბოლოო ჯამში, დაშლა გამოიწვია. დღესდღეობით რუსეთში შეიძლება, საქართველოზე უკეთესი სოციალურ-ეკონომიკური პირობებია, მაგრამ რეგიონებში იქაც საკმაოდ სერიოზული პრობლემებია და არამგონია, მათი ერთ-ერთი პერიფერია თუ გავხდებით, ეკონომიკური მდგომარეობა გამოსწორეს. თუმცა, ალბათ, არც ღირს საუბარი ამაზე, რადგან 1991 წლის დამოუკიდებლობა ქართველებს ძალიან ძვირად დაგვიჯდა და რა უნდა მოხდეს, ეს მონაპოვარი რომ დავთმოთ?!

ამასწინათ, 9 აპრილის ბაღში ვიყავი (ქაშუეთის უკანა მხარე, ყოფილი ალექსანდრეს ბაღი). იქ ხეებზე რკინის დაფებია მიმაგრებული, სადაც 9 აპრილს დაღუპულთა სახელები წერია. მანამდე, ვაკის პარკში, შემთხვევით გადავაწყდი ადგილს, სადაც 1923 წელს ბოლშევიკებმა კოტე აფხაზი და მისი თანამებრძოლები დახვრიტეს… ამ ადგილებიდან ძალიან დიდი, სევდიანი ემოციები წამომყვა და სიმართლე გითხრათ, არ მესმის იმ ადამიანების, ვინც რუსეთს ოკუპანტად არ აღიქვამს და შესაძლოა, გრიგოლ რობაქიძის გადმოსვენებაზეც პროტესტი გამოხატოს. დიახ, გრიგოლი იყო ერთ-ერთი იმ მოაზროვნეთაგანი, ვინც დაუპირისპირდა რუსეთს და ღიად დაგმო საბჭოთა წყობილება. მისი რომანი „ჩაკლული სული“ ნათლად გადმოსცემს ავტორისეულ დამოკიდებულებას დამპყრობლის მიმართ, ხოლო სხვადასხვა ესეებში პირდაპირ აკრიტიკებს: „ხალხის ალაგს მასაა გამეფებული, რომელშიც პიროვნება, ეს უხვთიერესი მოვლენა, სრულიად ითქვიფება. არავითარი სახე აქ არაა და მაშასადამე არავითარი სახიერი.“  გრიგოლ რობაქიძის შემოქმედების ღერძი, ჩემი აზრით, აგებულია ისეთ უმნიშვნელოვანეს ფასეულობაზე, როგორიცაა პატრიოტიზმი და საკუთარი წარსულის სიყვარული, შესაბამისად – საკუთარი თავის სიყვარული. რომანში „გველის პერანგი“, რომელმაც უდიდესი აღიარება მოიპოვა ევროპაში, ვფიქრობ, უმაღლესი ლიტერატურული ხერხებით არის გადმოცემული პატრიოტიზმის იდეა: „აქ იშვა. ამ ადგილზე. ამ სახლში. აქ მოსჭრა მას ბებიაქალმა ჭიპი. ეს ჭიპი ამ მიწას შეერთო. ნეტავ სადაა მისი ნაწილები?! დაიკარგენ?! გაჰქრენ?! არა. აქ არის: მიწაშია. ვაჟი იქით-აქეთ იხედება: არავინაა – (ევროპელს ეშინია სხვისი თვალის). ნიგვზის ფესვს უცქერს ამოგდებულს. დავარდება მოსხლეტით. აკოცებს მიწას. ფესვში თავს გაჰყოფს და გაძვრება. წამოდგება ახლა ხერხემალმაგარი. ერთი კიდევ დახედავს მიწას და ფესვს.“

თანამედროვე საქართველოში, სამწუხაროდ, პატრიოტიზმის ცნება არაპოპულარული და ხშირ შემთხვევაში, დაცინვის საგანიც ხდება, არადა ამ სიტყვის არსი სამშობლოს სიყვარულს გულისხმობს, ხოლო სამშობლო პირველ რიგში გულისხმობს ხალხს, ჩვენს თანამოქალაქეებს. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, რამდენიმე მთავრობა გამოვიცვალეთ, შედეგად, განვითარების ტემპები, რბილად რომ ვთქვათ, არასახარბიელოა. საზოგადოება მუდმივად უკმაყოფილოა პოლიტიკოსებით და წლებია უკვე მუსირებს აზრი, რომ პროფესიონალი კადრები გვჭირდება, არადა, ჩემი აზრით, მხოლოდ პროფესიონალიზმი არ არის იმის გარანტი, რომ მაღალჩინოსანი ხალხის კეთილდღეობაზე ფიქრის ნაცვლად საკუთარი ჯიბის გასქელებაზე არ იფიქრებს და რეალურად ასეც ხდება. არცერთ პოლიტიკოსს მორალური კონტრაქტი არ აკავშირებს საზოგადოებასთან, რადგან თავად საზოგადოებაშია გაუფასურებული ისეთი მნიშვნელოვანი ცნება, როგორიც პატრიოტიზმი და ხალხის სიყვარულია. არ მინდა რადიკალიზმში და ფანატიზმში ჩამეთვალოს ეს ინტერვიუ, ამიტომ მკითხველს შევახსენებ დასავლური მენტალური მწვრთნელების იდეოლოგიის ძირითად ასპექტებს. ნაპოლეონ ჰილი, დეილ კარნეგი… მათი წარმატების თეორია დგას ორ ძირითად პრინციპზე – უნდა გიყვარდეს და რწმენა გქონდეს საკუთარი თავის, დადებითი ემოციით განიმსჭვალო ადამიანების მიმართ, რომელთან ერთადაც „ოცნებების ასრულებას“ აპირებ. ჩვენ შემთხვევაში, განვიხილავთ არა ცალკეულ ადამიანს, არამედ ერს, ქართველ ერს, რომელიც გაეროს მონაცემებით, არსებული შობადობისა და მიგრაციის პირობებში, გადაშენების პირასაა მისული. ჩვენ სასწრაფოდ გვჭირდება შევიყვაროთ ქვეყანა, ხალხი, რომ საზოგადოების წევრების უმრავლესობას საკუთარი თავისა და ქვეყნის ანუ ხალხის რწმენა გაუჩნდეს. ჩვენ უნდა მოვახერხოთ დასავლეთიდან შემოვიტანოთ ჭეშმარიტად სარგებლის მომტანი მოვლენები, მაგალითად ზემოხსენებული მენტალური მწვრთნელების ინსიტუტი და ამ ყოველივეს სიღრმისეული ანალიზი გავუკეთოთ, საქმეში გამოვიყენოთ. გრიგოლ რობაქიძე, თავისი ცხოვრებითა და მოღვაწეობით, წარმოადგენს დასავლური კულტურის ნაწილს და მისი პოპულარიზაცია დაეხმარება ქართველ ხალხს, ფსევდოფასეულობები ჩაანაცვლოს ქვეყნის განვითარებისათვის საჭირო ღირებულებებით.

– თქვენი აზრით, სად უნდა დაიკრძალოს გრიგოლ რობაქიძე?

– არსებობს გრიგოლის ანდერძი, მცირე მონაკვეთსაც მოვიყვან – „ როცა მე ამ სოფლად აღარ ვიქნები, მოდიოდეს ვინმე ქართველი დედა ყოველ წელს მცხეთას, წიფობის, ჩემი დაბადების თვეში, სანთელს აანთებდეს და პაწა სალოცავის წინ და ლოცვით ახსენებდეს ჩემს სახელს, მეტს არასა ვთხოვ საქართველოს!“ და კარგი იქნება, თუ მცხეთაში დაიკრძალება, მაგრამ თბილისშიც რომ იყოს, არ იქნება ურიგო. მთავარია, მოსახლეობას საშუალება მიეცეს, მის ხსოვნას პატივი მიაგოს, საფლავთან სანთელი აანთოს.

– სხვა რა უარყოფითი მხარე აქვს ამ პრობლემას?

– 1934 წელს გამოცემულ კათოლიკურ ჟურნალში “HOCHLAND” ამ გენიალურ ავტორზე წერენ: “იგი ჭეშმარიტად სახალხო პოეტია, როგორც ესქილე, სოფოკლე და ჰომეროსია საბერძნეთისათვის, როგორც დანტეა იტალიისათვის, დოსტოევსკი – რუსეთისათვის, ჰოლდერლინი და კლაისტი – გერმანიისათვის…” ვფიქრობ, ქვეყანამ, რომელიც დასავლურ რელსებზე გადავიდა და რომლის განვითარებისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საბჭოური ფსევდოფასეულობებისგან გათავისუფლება, ასევე ფსევდოლიბერალური მოძღვრების არიდება – უნდა მოახდინოს ასეთი დონისა და შემოქმედების მქონე მოაზროვნის პოპულარიზაცია იმ ჭეშმარიტი ფასეულობების დასანერგად, რომელსაც რობაქიძე ქადაგებდა წლების განმავლობაში. რა თქმა უნდა, გრიგოლს ეროტიკული პოეზიაც აქვს, შეიძლება ჰქონდეს პროზაული მონაკვეთები, რომლებიც ცალკე, ამოჭრილად, ვიღაცისთვის მიუღებელი იყოს, მაგრამ მთლიანობაში, ის არის ეთნიკურად ქართველი, ევროპაში აღიარებული მწერალი, რომლის შემოქმედებაც უდიდეს ყურადღებას იმსახურებს.

კომენტარები

კომენტარი