არტ მენეჯმენტი ვიზუალური ხელოვნება

ნიკოლოზ ნადირაშვილი: “საგამოფენო პოლიტიკა უპირისპირდება სახელმწიფო სტრუქტურებში დემოკრატიული გადაწყვეტილების მიღების პროცესს.”

არტ მენეჯერი ნიკოლოზ ნადირაშვილი ეროვნული მუზეუმის საგამოფენო პოლიტიკის შესახებ ღია წერილს აქვეყნებს, რომლის ადრესატიც საქართველოს მთავრობა, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, თბილისის მერია და საქართველოს ეროვნული მუზეუმია.

წერილში საუბარია  იმის შესახებ, თუ როგორ უპირისპირდება საგამოფენო პოლიტიკა სახელმწიფო სტრუქტურებში დემოკრატიული გადაწყვეტილების მიღების პროცესს. ნადირაშვილი დასძენს, რომ მისი შეშფოთება გამოწვეულია იმ გარემოებიდან, რომ საქართველოს ეროვნული მუზეუმი და მის დაქვემდებარებაში არსებული სტრუქტურები რიგითი მოქალაქის, მათ შორის, მის ცხოვრებაში, სულ, უფრო და უფრო, უმნიშვნელო როლს ასრულებს, როდესაც მისი ინფრასტრუქტურა და აქტივები იძლევა იმის საშუალებას, რომ საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანეს საგანმანათლებლო და კულტურულ ცენტრებს წარმოადგენდნენ.

“არტნიუსი” უცვლელად გთავაზობთ ღია წერილს:

“ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო მერო, ბატონო მინისტრო,

 ამ წერილში მინდა მოგიყვეთ საქართველოს ეროვნული მუზეუმის ერთი პრობლემური საკითხის შესახებ, რის გამოსწორებასაც, პირველ რიგში, არა ფინანსური დახმარება, არამედ ნება ჭირდება.

მოგეხსენებათ აღნიშნული სსიპ 16 მუზეუმ-გალერეას აერთიანებს საქართველოს მასშტაბით, რომელთაგან ერთ-ერთია დ. შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნული გალერეა. ეს სივრცე თბილისში ერთადერთია, სადაც შესაძლებელია განვითარებული ქვეყნების სტანდარტებს მიახლოებული გამოფენების გაკეთება.

 სამწუხაროდ, უკვე მრავალი წელია, რაც საგამოფენო პოლიტიკა, არათუ, არ ითვალისწინებს, არამედ უპირისპირდება სახელმწიფო სტრუქტურებში დემოკრატიული გადაწყვეტილების მიღების პროცესს.

იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს საჯაროდ ხელმისაწვდომი საგამოფენო გეგმა, ეროვნული მუზეუმის ადმინისტრაციის პასუხი, ნებისმიერი საგამოფენო ინიციატივის შესახებ არის შემდეგი: “სამწუხაროდ, თავისუფალი დრო არ არის”.

თუმცა, აღნიშნული პრობლემის უმთავრესი მიზეზი (არ)არსებული საბჭოს გადაწყვეტილების მიღების პროცესი და სპეციფიკაა – ფართო საზოგადოებისთვის უცნობია რა პერიოდულობით იკრიბება საბჭო, რა არის მათი პრიორიტეტი და ა.შ. ხოლო, ის რაც ჩვენთვის ცნობილია, არის შემდეგი: ეროვნული გალერეის საგამოფენო პოლიტიკას მხოლოდ ერთი ადამიანი განსაზღვრავს, ვინმე ქალბატონი ანანო მელივა. სიტუაციას ამძიმებს ის გარემოება, რომ მას არ უჭირავს დირექტორის პოსტი; ეროვნული გალერეის დირექტორს, ქ-ონ ნინო გედევანიშვილს, წართმეული აქვს უფლებამოსილება.

რამდენადაც ეროვნული გალერეები და ზოგადად, ეროვნული მუზეუმი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია საზოგადოების და ქალაქის განვითარებისთვის, მოგმართავთ თხოვნით, გამოიყენოთ ძალისხმევა, რომ:

1. სახელმწიფო საგამოფენო სივრცეებს დაევალოთ წარმოადგინონ გამოფენების საჯარო გეგმა-გრაფიკი;

2. საგამოფენო პოლიტიკა, განსაკუთრებით, კურატორული შეთავაზებების შერჩევა მოხდეს გადაწყვეტილების მიღების დემოკრატიულ ფორმატში: სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით (კომისიის

2/3-ს უნდა შეადგენდეს დამოუკიდებელი ექსპერტები);

3. ქ-ონ ნინო გედევანიშვილს აღუდგეს ოფიციალური უფლებამოსილება, რომ განახორციელოს აღნიშული ცვლილებები.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ჩემი შეშფოთება გამოწვეულია იმ გარემოებიდან, რომ საქართველოს ეროვნული მუზეუმი და მის დაქვემდებარებაში არსებული სტრუქტურები რიგითი მოქალაქის, მათ შორის, ჩემს ცხოვრებაში, სულ, უფრო და უფრო, უმნიშვნელო როლს ასრულებს, როდესაც მისი ინფრასტრუქტურა და აქტივები იძლევა იმის საშუალებას, რომ საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანეს

საგანმანათლებლო და კულტურულ ცენტრებს წარმოადგენდნენ.

 პატივისცემით, ნიკოლოზ ნადირაშვილი”

კომენტარები

კომენტარი