ლიტერატურა

ვასო გულეურის ლექსი სახელმძღვანელოს პროექტში შეცვლილი დაბეჭდეს

სახელმძღვანელოს პროექტში პოეტ ვასო გულეურის ლექსი სახეცვლილი დაბეჭდეს.

საქმე ეხება სამინისტროს მიერ საჯარო განხილვისთვის გამოტანილ სახელმძღვანელოს პროექტს, რომელსაც ჯერ გრიფი არ აქვს მინიჭებული. სახელმძღვანელო ჯერჯერობით დაბეჭდილი არ არის და ამ ეტაპზე უცნობია გამომცემლობა, რომელიც აღნიშნულ სახელმძღვანელოს დაბეჭდავს.

როგორც პოეტმა “არტნიუსს” განუცხადა, სამინისტროს მიერ საჯარო განხილვისთვის გამოტანილ სახელმღვანელოებში უამრავი შეცდომა აღმოაჩინა: “ზოგგან ავტორის გარეშე იყო ნაწარმოები, ზოგგან სხვა ავტორიც კი ეწერა. აგრეთვე, იყო ლექსები, საიდანაც ამოკლებული იყო სტროფები ან თვითნებურად შეცვლილი სიტყვები გვხვდებოდა. მაგალითისთვის, ერთი ლექსიდან, რომელიც 14 სტროფიანია, მხოლოდ პირველი 4 სტროფი იყო დაბეჭდილი, მაგრამ მანდ წესით უნდა მიეწერათ, რომ ეს არის ნაწყვეტი, თუმცა ვერც ეს შეასრულეს”

ნაწყვეტი ლექსიდან

კითხვაზე, თუ რა მიზეზით შეიძლებოდა შეეცვალათ ლექსი, პოეტმა გვიპასუხა, რომ, სავარაუდოდ, ამის მიზეზი სამიზნე აუდიტორიისთვის ლექსის გამარტივება იყო.

მართალია სახელმძღვანელო ჯერ არ დაუბეჭდავთ, მაგრამ, წესით, ავტორთან წარდგენამდე უნდა შეეთანხმებინათ.

დაველოდები განხილვის დასრულებას და მერე გაირკვევა, რომელ სახელმძღვანელოს მიენიჭება სამინისტროს გრიფი. იმედი მაქვს, ამის შემდეგ მაინც დამიკავშირდებიან და პრობლემა მოგვარდება”, – განაცხადა პოეტმა.

შეგახსენებთ, რომ ვასილ გულეური ქართველი საბავშვო მწერალია. იგი დაიბადა 1971 წელს, ქალაქ გორში. 1995 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ინსტიტუტი.სხვადასხვა წლებში მუშაობდა კორესპონდენტად გაზეთებში „გორი“, „ახალი ეპოქა“, „ახალი ქართული გაზეთი“, „24 საათი“, 2003–2005 წლებში იყო „ხალხის გაზეთის“ რედაქტორი და ა.შ.

კომენტარები

კომენტარი