კულტურა

ჟიუდიტ მიიონი – ფეისბუკი ყველგან

ფეისბუკზე უკვე გვაქვს ძველი სკოლელი დაქალის განწყობები, თანამშრომლის ახალშობილის (ან რესტორანში მირთმეული ბოლო კერძის) ფოტოები, ბმული გვერდისკენ “10 ხერხი, რომლებიც ნამდვილ ჰიპსტერად გაქცევთ” და ფისუნიების ვიდეოები. მალე კი სოციალურ ქსელში უშუალოდ ჩართული New York Times-ის თუ National Geographic-ის სტატიებიც გვექნება. ფეისბუკი ამჟამად გამოქვეყნების ახალი სისტემის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს მედიის სხვადასხვა წარმომადგენელთან. ინფორმაციის მისაღებად, ფეისბუკიდან გასვლა აღარ იქნება საჭირო.

მიზანი, ყველაფრის ერთ ყუთში ჩაყრით, მომხმარებელთათვის ინტერნეტ-ნავიგაციის კიდევ უფრო “გამდინარება” და გარე ვებ-საიტებზე შესასვლელად საჭირო რამდენიმე წამის დაზოგვაა. პარტნიორი საიტებისთვის კი ეს აშკარად ნაკლებ ჯაფას და ახალ სარეკლამო შემოსავლებს ნიშნავს. მოკლედ, ყველა მოგებული რჩება.

თუმცა არა. ფეისბუკი არ არის მხოლოდ ქსელი. იგი ალგორითმიცაა, რომელზეც ამ ფირმის გარდა, ხელი არავის მიუწვდება. მომხმარებლებმა, ხშირად, არ იციან, რომ სწორედ ეს ალგორითმი წყვეტს, თუ რას დაინახავენ ისინი თავიანთ კედლებზე, მათივე გემოვნების, ინტერესის სფეროსა და… ინტერნეტის გიგანტის ბიზნეს-პარტნიორთა სურვილის მიხედვით. თითქოს ყოველდღიურად, ავტომაგისტრალზე ვმოძრაობდეთ და ყველა სხვა გზა გვავიწყდებოდეს, მთელი მათი მრავალფეროვნებით, რაც ქმნის ინტერნეტის სიმდიდრეს.

ფეისბუკი, უშუალოდ თავის პლატფორმაზე უფრო და უფრო მეტი შიგთავსის დაბინავებით, კიდევ უფრო ამცირებს ავტომაგისტრალიდან გასასვლელთა რაოდენობას. სოციალური ქსელი აღარ კმაყოფილდება ვების ერთ-ერთ შესასვლელ კარად ყოფნით: მას სურს, თავად გახდეს მთელი ვები.

თუ საკუთარ სამყაროში ჩაკეტილ, შემორაგულ ციფრულ ყოფაზე არ ოცნებობთ, გარეთ გასვლაზე ფიქრი მოგიწევთ. მით უკეთესი, რადგან გარეთ გაზაფხულია.

ჟიუდიტ მიიონი, “შარლი ებდო”
ფრანგულიდან თარგმნა ბაჩანა ჩაბრაძემ

კომენტარები

კომენტარი