საშემსრულებლო ხელოვნება

ლაშა ჩხარტიშვილი – “სარდაფის” TOP სამეული

 

მარჯანიშვილის თეატრი ერთადერთი არაა, რომელსაც სამი სცენა აქვს, მაგრამ სივრცეთა მრავალფეროვნებაში კი მას ბადალი არ ჰყავს. ფაქტი სახეზეა: – ე.წ. „დიდი“, ანუ მთავარი სცენის გარდა, თეატრში გაჩნდა „სხვენი“, ოდნავ მოგვიანებით კი თეატრის გარეთ „სარდაფი“, რომელსაც თავდაპირველად შემქნელებმა „ახალი სცენა“ დაარქვეს. „ახალი სცენის“ შესასვლელი კარი ძველი თეატრიდან „თეატრალური სარდაფი რუსთაველზე“ არის გადმოტანილი. მარჯანიშვილის თეატრის სარდაფი პირველი სათეატრო სივრცეა ქართულ სათეატრო ბაზარზე, რომელიც მთავარი შენობის გარეთ მდებარეობს.

„ახალი სცენა“ 2013 წელს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ლევან წულაძის სპექტაკლით ჟან ბატისტ მოლიერის კომედიით „ტარტიუფი, ანუ ფარისეველი“ გაიხსნა. ლევან წულაძემ ამ სივრცეში თემატურად და ფორმის თვალსაზრისით ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული სპექტაკლები დადგა. მათ შორის, მაყურებლისთვის ასე საყვარელი „მთვრალი ალუბალი“ და „შეშლილის წერილები“ (მარჯანიშვილის თეატრისა და კომპანია Emilia Romagna Teatro Fondazione-ის კოპროდუქცია), რომელმაც ყველაზე პრესტიჟული ქართული სათეატრო პრემია „დურუჯის“ მთავარი პრიზი – წლის საუკეთესო სპექტაკლი –მოიპივა. „სარდაფშივე“ „გადმოვიდა“ ლევან წულაძის ძველი, მაგრამ დღემდე ცოცხალი სპექტაკლები: „ქალი ძაღლით“ (პრემია „დურუჯის“ მფლობელი) და „ფაუსტი“ (რომელიც მე–20 საუკუნის 20 საუკეთესო ქართული თეატრის სპექტაკლების სიაში მოხვდა).

სარდაფში წარმატებული სპექტაკლი დადგა არა ერთმა ახალგაზრდა რეჟისორმა, რომელთაც მაყურებლის და კრიტიკოსების ერთობლივი მოწონება დაიმსახურეს. ამ სივრცეში მუშაობენ არა მხოლოდ ახალგაზრდები, არამედ მარჯანიშვილის თეატრის ვარსკვლავები, ისეთი მსახიობები, რომელთაც მხოლოდ დიდი სცენიდან ვიცნობდით აქამდე.

მარჯანიშვილის თეატრის სარდაფის კარი მალევე გაიღო ახალგაზრდებისთვის და ეს სივრცე ექსპერიმენტების განხორციელების საუკეთესო საშუალებად იქცა. მცირე დროის მანძილზე აქ უკვე განახორციელეს თავისი პროექტები ახალგაზრდა რეჟისორებმა: სანდრო ელოშვილმა, ანი ხიდაშელმა, ნიკა საბაშვილმა, მიხეილ ჩარკვიანმა, ავთანდილ დიასამიძემ…

2013 წლიდან დღემდე „სარდაფში“ 15–მდე სპექტაკლი დაიდგა. ყველაზე მეტი მაყურებელი კი ამ დადგმებიდან სამ სპექტაკლს ჰყავს: ლევან წულაძის „მთვრალი ალუბალი“; მიხეილ ჩარკვიანის „კატარინა ბლუმის შელახული ღირსება“ და სანდრო ელოშვილის „მოხუცი ქალის ვიზიტი“…

„მთვრალი ალუბალი“ წლებია უკვე ანშლაგებით მიმდინარეობს. ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ სპექტაკლის დანიშვნის შემდეგ, ზუსტად რამდენიმე საათში ყველა ბილეთი გაყიდულია. თეატრი ცდილობს მაყურებლის მოთხოვნის დაკმაყოფილებას, მაგრამ წლების მანძილზე ეს შეუძლებელია, რადგან მაყურებლის ინტერესი არ იკლებს, პირიით იმატებს. ლევან წულაძის მიერ გადმოქართულებული კომედია სახელწოდებით „მთვრალი ალუბალი“ ხიბლავს და იზიდავს მაყურებელს მსუბუქი და ცხოვრებისუელი სიუჟეტით. მაყურებლის ასეთი ინტერესი ალბათ იმითაც არის განპირობებული, რომ მასში სცენისა და ეკრანის ვარსკვლავები მონაწილეობენ: ეკა ჩხეიძე,ბარბარე დვალიშვილი, ზურა ბერიკაშვილი, პაატა ინაური, ნინო გაჩეჩილაძე,  ონისე ონიანი, დათო ხურცილავა, მანანა კოზაკოვა, ქეთი ცხაკაია, ზაზა გოგუაძე,  მალხაზ აბულაძე, ნოდარ დოღონაძე, ნინო წულაძე, ზაზა სალია მონაწილეობენ.

სპექტაკლის ანოტაციაში ვკითხულობთ: „მათი ყოველდღიური შეხვედრის ადგილი კაფე – ბარი „მთვრალი ალუბალია.“ აქ ადამიანებს ტკბილეულით უმასპინძლდებიან. ერთმანეთს ხან ეფერებიან, ხან ეჩხუბებიან, რაღაცის ეშინიათ და დაუსრულებელ მოლოდინში იმყოფებიან. ეს სპექტაკლი კი არა – ცხოვრებაა. ოღონდ ლამაზად მოთხრობილი ცხოვრება, ადამიანების პრობლემებით და ტრაგედიებით, უფრო ხშირად სულელური და უცნაური, ზოგჯერ შემზარავი, მაგრამ გულწრფელი და ნამდვილი. ისინი ხშირად იბრძვიან მხოლოდ იმიტომ, რომ ბრძოლას მიეჩვივნენ. ასეთი შეხვედრა ცხოვრებაში ერთხელაა, ერთხელ ,  განსაკუთრებულად და სამუდამოდ. და აი… „მთვრალ ალუბალში“  შეხვდნენ.. ორი  მარტოსული…ასეთი  განსხვავებული და ასეთი ერთნაირი…“

თავად რეჟისორი ლევან წულაძე კი, კითხვაზე, რამდენად გაამართლა სარდაფმა გვპასუხობს:

ლევან წულაძე: „სარდაფი, რა თქმა უნდა, ისაა, რაც ჩავიფირეთ. ბოძები რომ არ ყოფილიყო გაცილებით ბედნიერი ვიქნებოდით, ეს ტექნიკური მხარეა, თორე ისე შემოქმედებითად დაიბადა ბევრი კარგი სპექტაკლი და არა მხოლოდ ჩემი ავტორობით. ეს სივრცე უფრო ახალგაზრდებისა და მათი ექსპერიმენტებისთვისაა, ერთგვარი ლაბორატორია, სადაც კამერულ სივრცეში დამწყები არტისტები ცდილობენ მათი შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენას. ამიტომაც, მგონია, რომ სწორი სივრცეა მსგავსი პროექტებისთვის. მეც გამოგიტყდებით და ტყუილს არ გეტყვით, შინაგანად ამ სივრცისკენ მივილტვი უფრო“…

„მოხუცი ქალის ვიზიტი“ სანდრო ელოშვილის სპექტაკლია, რომელიც დამსწრეებს არ უჩივის. მისი რეიტინგში მოხვედრა სწორედ მაყურებლის ინტერესმა განაპირობა, რაც ალბათ, ორი წამყვანი მსახიობის ქეთი ცხაკაიას და გია როინიშვილის მაღალპროფესიულმა საშემსრულებლო დუეტმა განაპირობა. მაყურებელი სცენაზე მონატრებულ საყვარელ მსახიობს გია როინიშვილს სწორედ ამ სპექტაკლში იხილავს. სპექტაკლში ასევე მონაწილეობენ: ვალერი კორშია, გურამ ჯაში, ნინო დუმბაძე, ზაზა გოგუაძე, ზაზა სალია, ანა სანაია,  ბექა გოდერძიშვილი, ირაკლი ჩხიკვაძე, თენგიზ პაპიძე, გვანცა კორშია, გიორგი კიკნაძე, ნოდარ დოღონაძე.

სანდრო ელოშვილი: როდესაც არჩევანი დადგა თუ სად იქნებოდა უკეთესი “მოხუცი ქალის ვიზიტის” დადგმა, ბევრი ფიქრის მერე, უპირატესობა მარჯანიშვილის თეატრის სარდაფს მივანიჭეთ. მიზეზი რამოდენიმე იყო: სოციალური პიესისთვის ისეთი უშუალო გარემო, როგორიცაა სარდაფი მეტად მომგებიანად მიმაჩნია, ვიდრე კლასიკური სცენა, დიდი მასშტაბებით და მრავალ ადგილიანი პარტერით და ვფიქრობდით, რომ ამ გარემოში მილიარდერი კლარა ცახანასიანის და უკიდურესი გაჭირვების ფსკერზე მყოფი ადამიანების კონტრასტი მეტად გამოჩნდებოდა. სპექტაკლის ფორმა, რომელიც ერთგვარ ჩაკეტილ სივრცეს ქმნის ე.წ “ანდერგრაუნდში” მეტად ადვილად განსახორციელებელი იყო. ამასთანავე, ვფიქრობდით, რომ პიესაში, რომელშიც პერსონაჟთა გრძნობათა ბუნებას და მათ ემოციურ ხაზებს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა უკეთესი იქნებოდა თუკი მაყურებელი მათ სიახლოვეს იქნებოდა, რათა ნებისმიერი შეფასება მსახიობების მხრიდან, მცირე გამომხატველობითაც კი ყოფილიყო ადვილად აღსათქმელი და არ ყოფილიყო გროტესკული.

სარდაფში დადგმული სპექტაკლების ფორმაც ნაწილობრივ სივრციდან მომდინარეობს, რამოდენიმე ვარიანტზე ვმუშაობდით სცენოგრაფთან ერთად, საბოლოო ვერსია, რომელიც არსებითად განსხვავებული იყო წინა ვერსიისგან, რეპეტიციების დროს გაჩნდა, თუმცა  გარემოზე ერთხმად ვთანხმდებოდით, მიგვაჩნდა რომ თვითონ პიესამ მოითხოვა სარდაფის სივრცე.

მარჯანიშვილის სარდაფი ვფიქრობ, ერთგვარი ნაზავია აკადემიურობასა და ექსპერიმენტულ თეატრს შორის. ერთი მხრივ, მაყურებელს შეუძლია იხილოს გოეთე, ჩეხოვი, მოლიერი, მეორე დღეს კი მოხვდეს აბსოლუტურად უცხო გარემოში და თუნდაც გადაადგილებული პარტერიდან ნახოს თანამედროვე დრამატურგია, ახალგაზრდა შემომქმედების ექსპერიმენტალურ ნამუშევარში. ასე რომ, მარჯანიშვილის სარდაფს ნაკლებად შეიძლება ეწოდოს ასე ცალსახად ექსპერიმენტალური სივრცე, ის თავისუფალი სივრცეა ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით.

მაყურებლის Top სამეულს მიხეილ ჩარკვიანის სპეტაკლი „კატარინა ბლუმის შელახული ღირსება“ კრავს. მაყურებელს და მათ შორის, სათეატრო კრიტიკასაც, სპექტაკლი თავისი უჩვეულო ფორმის გამო იხილავს, ვინაიდან ისინი უშუალო მონაწილეები ხდებიან წარმოდგენის და მსახობებთან ერთად ისინიც გადაადგილდებიან. ამ სპექტაკლზე მაყურებელი ყველაზე თავისუფლად გრძნობს თავს, რადგან მათ საშუალება აქვთ მოდუნების ან პირიქით, გააქტიურების. აქ არ ვხდებით „ძალადობრივ ინტერაქტივს“, როცა იძულებული ხარ მიიღო მსახიობთა მიერ შემოთავაზებული ამოცანა. 

სპექტაკლში ახალგაზრდა მსახიობები: ნატუკა კახიძე, თეონა ლეჟავა, პაატა ინაური, ქეთა შათირიშვილი, გიორგი ხურცილავა, ანანო მახარაძე, ბიჭკა ჭეიშვილი მონაწილეობენ

მიხეილ ჩარკვიანი: ნებისმიერი სივრცე შეილება იქცეს ექსპერიმენტული კვლევების ადგილად, იმდენად რამდენადაც ყველაზე მნიშვნელოვანია არა ის, თუ სად ხდება, არამედ ის პროცესები, რომლებიც საინტერესო და ახალია, როგორც არტისტისთვის ასევე მაყურებლისთვის. „კატარინა ბლუმის შელახული ღირსების“ დასადგმელად ეს სივრცე თვითონ ავირჩიე, რადგან სპექტაკლის გადაწყვეტა შესანინავად ერგებოდა  მას. მაყურებელი მოძრაობს, განუწყვეტლივ გდაადგილდება სპექტაკლთან ერთად, ამ გარემომ ჩემი აზრით, სპექტაკლი უფრო საინტრესო გახადა. მარჯანიშვილის თეატრის სარდაფი კარგი ადგილია ასეთი კვლევისთვის. სრულიად თავისუფალი სივრცეა და ბევრი შესაძლებლობა აქვს, ხშირად იყენებენ როგორც კლასიკურ თეატრალურ სივრცეს. თან დამწყები რეჟისორები. ძალიან მიკვირს ეს. მარჯანიშვილის თეატრს ორი სხვა სივრცე აქვს მსგავსი პროცესებისთვის, მგონია რომ სარდაფი სულ სხვა სივრცეა და ამაზე სულ ცოტა იქაური გარემო, ბეტონის კედლები და კოლონები ჭერზე გამავალი მილები მეტყველებს.

ნატუკა კახიძე: ორ სპეტაკლში – „ქალი ძაღლით“ და „კატარინა ბლუმის შელხული ღირსება“ ვთამაშობდი ამ სცენაზე. პირველში დიდად არ განსხვავდება თამაშის სტრუქტურა, ვინაიდან მაინც გამიჯნულია პარტერი და სცენა, ყოველ შემთხვევაში, დიდად ვერ გრძნობ სხვაობას. თამაში დროს, ერთადერთი, რა განსხვავებაც არის, ისაა, რომ მსახიობს გიწევს მოზომო ხმა, რადგან სივრცეა კამერული.

რაც შეეხება მიხეილ ჩარკვიანის ამ სივრცეში განხორციელებულ სპექტაკლს  „კატარინა ბლუმის შელახული ღირსება“:  ის, რაც გაკეთდა შეიძლებოდა დიდ და ტრადიციულ სცენაზეც გაკეთებულიყო, მაგრამ ამ სივრცემ მოგვცა საშუალება შეგვექმნა სხვა ეფექტი. ვინაიდან, მოგეხსნებათ, იქ ვიყენებთ არა მხოლოდ პირობით სცენას და პარტერს, არამედ საგრიმიოროებს, როგორც ოთახებს, შევქმენით ბინის ატმოსფერო. ჩემთვის, ამ მხრივ, საინტერესო იყო სარდაფში მუშაობა, რადგან ასე ახლოს არასდროს ვყოფილვარ მაყრებელთან, სამეფო უნის თეატრშიც კი, სადაც, მოგეხსენებათ, ძალიან ხშირად გვიწევს მაყურებელთა ახლოს ყოფნა და კონტაქტი, სადაც მაყურებელიც ისეთივე მონაწილეა სპექტაკლის, როგორც ჩვენ, მაგრამ უშუალოდ „კატარინა ბლუმში“, მართლაც მილიმეტრები გვაშორებს მაყურებელთან. ამ სივრცეში მსახიობი გრძნობ  უფრო მეტად დინამიკას. გრძნობ მას გვერდით, შენს უკან, წინ… ეს ხელს არ მიშლის, რადგანაც ვინრჩუნებ „მეოთხე კედლის“ პრინციპს.

ვფიქრობ, რომ მარჯანიშვილის სარდაფი იქცა ექსპერიმენტების სივრცედ. ძალიან ბევრმა ახალგაზრდა რეჟისორმა დადგა სპექტაკლი და ბევრი ახალბედა არტისტისთვის ხელმისაწვდომი გახდა მისი პროექტების განხორციელება. ამ სივრცეს გარკვეული ადგილი უჭირავს დღევანდელ ქართულ თეატრში.

მარჯანიშვილის თეატრის სარდაფი მაყურებელს კვლავ არაერთ სიურპრიზს პირდება. ამ სივრცის კარი კი ყველა ექსპერიმენტის მოყვარული რეჟისორისთვის (და არა მხოლოდ) მუდმივად ღიაა.

კომენტარები

კომენტარი