ლიტერატურა შემოქმედებითი ინდუსტრიები

თბილისის მე-4 საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალზე იტალიელი პოეტი და მთარგმნელი მილო დე ანჯელისი მიიღებს მონაწილეობას

თბილისის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალზე იტალიელი პოეტი და მთარგმნელი მილო დე ანჯელისი  მიიღებს მონაწილეობას, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ.

მოგეხსენებათ, რომ 2018 წელს, საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყანაა. სწორედ ამ საპასუხისმგებლო მისიის მოსამზადებლად იგეგმება აქტიური თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის. თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი ამ პროგრამის ერთგვარ პლატფორმას წარმოადგენს. იგი წელს მეოთხედ გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ მილო დე ანჯელისი პოეტი, მთარგმნელი, კრიტიკოსი და პედაგოგი. დაიბადა 1951 წელს მილანში, სადაც ცხოვრობს და ოც წელზე მეტია ასწავლის მკაცრი რეჟიმის ციხეში. 1976 წელს პირველი პოეტური კრებულის, “მსგავსებანის” გამოსვლისთანავე თანამედროვე იტალიური პოეზიის ლიდერად შერაცხეს და უკვე ორმოცი წელია აღიარებული ერთ-ერთ უპირველეს პოეტად, რომლის შესახებაც უამრავი სტატია, წიგნი, სადიპლომო ნაშრომი იწერება და ისწავლება სკოლებში. სამწერლო ასპარეზზე 70-იან წლებში გამოვიდა და დაუპირისპირდა პოლიტიკურად ანგაჟირებულ ლიტერატურულ მიმდინარეობას, „ჯგუფ 63“-ს, მის იდეოლოგ პოეტებს: ბალესტრინის, ჯულიანის, სანგვინეტის. 1977 წელს თანამოაზრეებთან ერთად დააარსა ლიტერატურული ჟურნალი “ნიებო”, რომელიც იტალიური პოეზიის “ნეოავანგარდისტული თრობის” შემდეგ მიზნად ისახავდა სიმბოლიზმისა და რომანტიზმის ტრადიციებთან ერთგვარ მიბრუნებას.
გარდა „მსგავსებანისა“, იგი ავტორია პოეტური კრებულების: “მილიმეტრები”, “სახის მიწა”, “შორს მყოფი მამა”, “შემოკლებული ბიოგრაფია”, “დამშვიდობების თემა”, “შეხვედრები და ჩასაფრებანი” და სხვ. გამოქვეყნებული აქვს მოთხრობა-ზღაპარი “მოსასხამების რბოლა”, ასევე ფილოსოფიურ-კრიტიკული ნაწარმოები “პოეზია და ბედისწერა”. ფრანგულიდან თარგმნა რასინის, მეტერლინკის, ბოდლერის, ბლანშოს ნაწარმოებები, ხოლო ბერძნულიდან და ლათინურიდან კლასიკოსი ავტორები.
მინიჭებული აქვს არაერთი პრესტიჟული პრემია, მათ შორის, ვიარეჯოს, მონდელოს, სან პელეგრინოს, კატაფის, ლერიჩის და სხვ.

კომენტარები

კომენტარი