ვიზუალური ხელოვნება კულტურა

ქალის სახე ფიროსმანის შემოქმედებაში

მირზაანელი მხატვრის კინო ფიროსმანის შემოქმედება მშვენიერი საშუალებაა წარმოვიდგინოთ საერთო სურათი მე-19 საუკუნის მიწურულის ქალაქურ-სოფლური ცხოვრების. ქართველი პრიმიტივისტი მხატვარი გლეხის ოჯახში დაიბადა და მშობლების გარდაცვალების შემდეგ  თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. მისი ცხოვრება, თვითნასწავლ ხელოვანს, საშუალებას აძლევდა გელხურ-თავადური ყოფა თანაბრად მრავალფეროვნად აესახა საკუთარ ტილოებზე. მედუქნეებთან და მიკიტნებთან გატარებული ყოველდღიურობის პარალელურად, მხატვარს განსაკუთრებული ტრფობა ჰქონდა ქალების მიმართ. მაშინ, როცა სარეკლამო აბრების შეკვეთები არ ჰქონდა, უფრო მეტ დროს უთმობდა იმის ხატვას, რაც მის გონებაში ღრმად იყო დალექილი. ქალის სახე ფიროსმანის შემოქმედების განუყოფელი ნაწილია.

განსაკუთრებულად დიდი მკერდი, მუქი წითელი ტუჩები, ფერმკრთალი, მრგვალი სახე და მრავალფეროვანი სამოსი – ეს არის ის, რაც ფიროსმანის თითქმის ყველა ქალს ახასიათებს… თუმცა იყვნენ გამორჩეულებიც ”აქტრისა მარგარიტა”- ქალი, რომლისადმი ფიროსმანის დამოკიდებულებაზე უამრავი ლეგენდა არსებობს. მარგარიტა ნიკომ მთლიანად ერთ, თეთრ ფერში დახატა, თუ არ ჩავთვლით მცირე დეტალებს. თეთრია მისი კაბაც, სახეც და ყვავილებიც.

ეს მცირე დასტურია იმის, რომ ნიკო ყველა ქალს მისთვის დამახასიათებელ სტილში არ ხატავდა. ეს, თითქოს, უფრო ქალაქელი მანდილოსნების ტიპური სახე იყო. სხვა, უფრო დრამატულ, სევდიან და პრობლემებით სავსე ქალებს ქმნიდა მაშინ, როცა საქმე სოფელს და გლეხებს ეხებოდა – შვილებზე და ოჯახზე მზრუნველი ქალბატონების სახე, აბსოლუტურად განსხვავებული უდარდელი ქალაქელებისგან.

ქალის სახე ფიროსმანის შემოქმედებაში მრავალფეროვანია. მანდილოსანს ნიკოს ტილოებზე ხან დაირა, ხან ყვავილი, ხან ბუშტი, ხან კი სააღდგომო კვერცხები უჭირავს. თუ რისი თქმა უნდოდა თითოეული მათგანით მხატვარს, ამის შესახებ ნახატები უკეთ მოგითხრობენ.

 

 

კომენტარები

კომენტარი