ლიტერატურა

რას ამბობს ქართული პოეზია ქალებზე?

დღეს 8 მარტია. შესაბამისად, ქალთა საერთაშორისო დღეა. შეგახსენებთ, რომ დღესასწაული გერმანული წარმოშობის კომუნისტის, კლარა ცეტკინის ინიციატივით დაფუძნდა. 1917 წლის ოქტომბერში რუსეთში მომხდარი ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ, ბოლშევიკმა ალექსანდრა კოლონტაიმ დაითანხმა ლენინი, რომ ეს დღე – 8 მარტი – დასვენების დღედ გამოცხადებულიყო. იგი, მეტწილად, კომუნისტურ ქვეყნებში აღინიშნებოდა, 1975 წელს კი გაერომაც მიიღო.

ამ დღესთან დაკავშირებით, “არტნიუსი” გთავაზობთ ლექსებს:

მურმან ლებანიძე

მარეკები შლიდნენ ბანაკს,
ქარი ჩამი-ჩუმით ჰქროდა,
ვიწექ, რომელიღაც ბალახს
უცბად ქალის სუნი ჰქონდა.
თითქოს ურო დამკრეს თავში,
თითქოს პაპაჩემი ცხონდა
ათას სურნელოვან შვავში
უცბად ქალის სუნი ჰქონდა.
სუნი ჰქონდა არა დალის,
ლალის, — ცისფრის ანუ თეთრის, —
სუნი — საზოგადოდ ქალის,
სუნი — საზოგადოდ მდედრის…
ღმერთო! ღმერთო! მე სულ ველი
სიკვდილს შენ მაცოცხლო ვინძლო,
სანამ ვიცნო ეს სურნელი,
სანამ ეს სურნელი ვიგრძნო!

ზურაბ გორგილაძე

სიყვარულის მზიანში თუ ნისლიანში,

თურმე რამდენს დავრბოდით და ვცოდავდით,

კაცი?!

ალბათ, ყველა ქალის ღირსი არის,

მაიმუნზე უკეთესი ცოტათი.

ვის უყვარდა სიყვარული სისხლიანი!

თუ ვცოდავდით, ჩვენ ცრემლებთან ვცოდავდით,

კაცი?!

დიახ, ყველა ქალის ღირსი არის,

თქვენც, ქალებო, შეჩოჩქოლდით ცოტათი.

თუმცა სულში იფარვის და ხეტიალობს,

მშვენიერი იდუმალი გენია,

ქალი?

ქალი?

ქალი? – თანაც ულამაზო?

დამკალი და ვერ წარმომიდგენია.

ალექსანდრე ტაბატაძე

ქუჩას ლამაზი ქალი მოსდევდა
და ცალი ხელით ვარდი მოჰქონდა.
ისეთი იყო,როგორ აგიხსნათ?!
მოგონილია მასთან ჯოკონდა.
გაოცებულნი იდგნენ ბიჭები
და ქანდაკებას გავდნენ ყველანი,
ვერ პოულობდნენ სათქმელად სიტყვას
ხმას ვერ იღებდა დიდხანს ვერავინ
და როდის,როდის ერთმა მათგანმა,
ამ გაქვავებულ ყმაევილთა შორის,
ძლივს წამოღერღა ერთმა მათგანმა:
ჩემს მტერს ასეთი ლამაზი ცოლი!

კომენტარები

კომენტარი