კულტურა

ლეგენდარული ავთო მახარაძე ქართველი სტუდენტებისთვის მასტერკლასს ჩაატარებს

თენგიზ აბულაძის ფილმში „მონანიება“ აბელ და ვარლამ არავიძეების როლის შემსრულებელი ავთო მახარაძე ხანგძლივი პასიურობის შემდეგ სცენას დაუბრუნდება და ქართველი სტუდენტებისთვის მასტერკლასს ჩაატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე ავრცელებს.

“უნიკალური შესაძლებლობა სტუდენტებისთვის, მსახიობი რომელიც ასე მიუწვდომელია ყველასთვის, პირველად 25 წლიანი პაუზის შემდეგ ავთო მახარაძე სცენაზე ავა და მსატერკლასს ჩაატარებს სტრუდენტებისთვის (მხოლოდ სტუდენტებისთვის). მადლობა მას ნდობისთვის. იმედია ამ შანსს არცერთი ჩემი სტუდენთი არ გაუშვებთ ხელიდან,”-წერს წულუკიძე.

შეხვედრა 15 მარტს 19:00 საათზე, შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის, დიმიტრი ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრის სცენაზეა დაგეგმილი.

ავთანდილ მახარაძემ 1965 წელს დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი, რის შემდეგაც წარმატებული სამსახიობო კარიერა ჯერ ზუგდიდის, შემდეგ კი რუსთაველის თეატრებში დაიწყო.

ფილმში „მონანიება“ შესრულებული ლეგენდარული როლისთვის 1987 წელს მას ჩიკაგოს საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური ჯილდო და ჯილდო საუკეთესო მსახიობი კაცისთვის, ასევე პრემია „ნიკა“ საუკეთესო მსახიობი კაცისთვის მიენიჭა.

მისი უკანასკნელი გახმაურებული როლი 2005 წელს შეასრულებული იოსებ სტალინია, რომელიც მსახიობმა BBC-ის სატელევიზიო ფილმში „არხანგელი“ შეასრულა, სადაც მასთან ერთად ითამაშა დენიელ კრეიგმა.

მახარაძეს თეატრსა და კინოში უამრავი ცნობილი როლი აქვს შესრულებული. 74 წლის მსახიობი 1988 წელს, მის მიერ შესრულებულ ვარლამ არავიძის როლის შემდეგ, საქართველოს სსრ სახალხო არტისტის წოდებით დაჯილდოვდა.

ღონისძიება ნიკოლოზ წულუკიძის ორგანიზებით ციკლის, სახელწოდებით “შეხვედრები თეატრალურში”-ს ფარგლებში გაიმართება და მასზე დასწრება სტუდენტთათვის თავისუფალი იქნება.

კომენტარები

კომენტარი