არქიტექტურა, არქეოლოგია ვიზუალური ხელოვნება

უნგრელი ფოტოგრაფის საოცარი სიზუსტით შექმნილი ნამუშევრები

ფოტოები, რომელსაც ამ სტატიაში შემოგთავაზებთ, ერთი შეხედვით ძალიან გავს ცნობილი კინორეჟისორის, უეს ანდერსონის მიერ შექმნილი რომელიმე ფილმის კადრებს, თუმცა მათი ავტორი უნგრელი ფოტოგრაფი, შოლტ ჰლინკა გახლავთ.

ჰლინკა ძირითადად ურბანული ფოტოგრაფიით და არქიტექტურით არის დაინტერესებული, თუმცა მისი ნამუშევრები შექმნის განსაკუთრებული ტექნიკითაა გამორჩეული. ის უბრალო მოცემულობას განსაკუთრებულად რამდენიმე ნიშნით ხდის. უნგელი არ იღებს ამ შენობებს რეალური სახით. მისთვის არ არის საინტერესო ის, რისი დაფიქსირებაც ნებისმიერ ფოტოგრაფს შეუძლია თავისი პატარა კამერით. ჰლინკა ამ შენობების არა მთლიან ფორმას, არამედ მხოლოდ არეკლილ ნაწილებს იღებს.

შესაძლოა რთულად ჟღერდეს, თუმცა არც მისი ფოტოებია ერთი შეხედვით აღსაქმელი.

თითოეული ფოტო გადაღებულია საოცარი სიმეტრიით, გეომეტრიული სიზუსტით. ყურადღებამისაქცევია ის ფაქტიც, რომ ფოტოები სარკის ეფექტით არის შექმნილი – იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ფოტოს შუა ნაწილში, ზევიდან ქვევით გავავლებთ წრფეს, მივხვდებით, რომ ერთი მხარე მეორის შებრუნებული ვერსია და აბსოლუტური ანალოგია. დიდი ყურადღება აქვს მიქცეული ფერთა გამას და შენობის თითოეულ დეტალს. სწორედ არქიტექტურული ნიმუშის ფერებიდან გამომდინარე ხელოვანს შეცვლილი აქვს ცის ფერიც. საბოლოოდ კი ვიღებთ საოცარ შედეგს – ეს რეალური შენობები თავისი უნიკალურობით თოჯინების მინიატურულ სახლებს გვაგონებენ.

კომენტარები

კომენტარი