ვიზუალური ხელოვნება კინო

კოკო-გარდაცვლილთა სამყაროში მოგზაური ბიჭის ისტორია, რომელიც წლის საუკეთესო მულტფილმი გახდა

ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების ცერემონია წელს უკვე 90-ედ გაიმართა. გასულ საღამოს, ჰოლივუდში, დოლბის თეატში გამართულ ღონისძიებაზე კინოინდუსტრიის 2017 წლის საუკეთესო წარმომადგენლები გამოარჩიეს. ცერემონიას ცნობილი ტელესახე ჯიმი კიმელი გაუძღვა.

როგორც წესი, ოსკარების დაჯილდოების ცერემონია თებერვლის თვის უკანასკნელ დღეებში იმართება ხოლმე, თუმცა წელს ამ მხრივ გამონაკლისი მოხდა. 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადის გამო, დაჯილდოების თარიღმა ერთი კვირით გადაიწია.

ტრადიციულად, გამარჯვებული გამოვლინდა ანიმაციის კატეგორიაშიც, რომლის გასული წლის ტრიუმფატორი ”ზუტოპია” იყო. ამ მულტფილმში საოცარი ხარისხით არის ნაჩვენები ცხოველთა ადამიანური სამყარო, ქალაქი, ბუნება, პროფესიები და ა.შ. შესაბამისად, მას საუკეთესოს წოდება ღირსეულისთვის უნდა გადაებარებინა.

ალადინი, შრეკი, მეფე ლომი და სხვა, ყველასათვის საყვარელი მულტფილმების სიას, რომელთაც სხვადასხვა დროს ოსკარი მოიგეს, ახლა უკვე ”კოკო” შეემატა.

”კოკომ” მაყურებელთა ყურადღება გამოსვლის დღიდან მიიქცია. ეს არის სიკეთით სავსე ისტორია, რომლის მთავარი გმირი, 12 წლის მიგელ რივერა მექსიკურ სოფელში მეწაღეთა დიდი ტრადიციის მქონე ოჯახში დაიბადა. პატარა ბიჭი მუსიკოსობაზე ოცნებობს და საკუთარი კუმირიც, ლეგენდარული ერნესტო დე ლა კრუზი, ჰყავს. მიგელი შემთხვევით აღმოაჩენს, რომ მასსა და ერნესტროს შორის გარკვეული კავშირი არსებობს. მოულოდნელად ის გარდაცვლილთა სამყაროში მოხვდება, სადაც მის ნათესავებს შეხვდება და მუსიკოსის მოსაძებნად ძალიან საინტერესო მოგზაურობას დაიწყებს.

ანიმაციური სურათის ავტორი ლი ანკრიჩი გახლავთ, სცენარი კი ადრიან მოლინას ეკუთვნის. მულტფილმი გამორჩეულია თავისი მუსიკითაც, რომელიც მსმენელს აუცილებლად დაამახსოვრდება.

”კოკოს” გარდა მულტფილმების კატეგორიაში წარდგენილი იყო შემდეგი ფილმები -”ჩვილი ბოსი”, ”ფერდინანდი”, ”მკვებავი” და ”სიყვარულით ვინსენტი”.

პიქსარის ანიმაციამ, ასევე, გაიმარჯვა ოქროს გლობუსის, ბაფთას, ნიუ იორკის კინო კრიტიკის და პროდიუსერთა გილდიის დაჯილდოებაზეც. ”კოკოს” გაყიდვებით შემოსულმა თანხამ უკვე 730 მილიონს მიაღწია, რაც 2017 წლის შემდეგ საუკეთესო მაჩვენებელია. ბოლოს ასეთი შედეგი ”საზიზღარი მე 3”-ს ჰქონდა.

 

კომენტარები

კომენტარი