ლიტერატურა

გრეგუარ ლემენაჟე – რომანის დასასრული?

ბოლო დროს, ბიოგრაფიული ნაწარმოებების ლიტპრემიებით დაჯილდოება მასიურ ტენდენციას ადასტურებს: სიტყვა “რომანის” განსაზღვრება, რაც ფიქციას აღნიშნავდა, შეიცვალა.

აქამდე, ყველაფერი ნათელი იყო: რომანის შესაქმნელად საჭირო იყო წარმოსახვა, რომლის გარეშე, ვრჩებოდით დოკუმენტურ, ისტორიულ, მემუარულ ჟანრში. ეს იყო ნათელი, მაგრამ არა – მარტივი. არსებობდა ისტორიული, დოკუმენტური რომანები. ზოგი ბიოგრაფია რომანივით იკითხებოდა, ზოგი რომანი ბიოგრაფიად საღდებოდა. რომანი შეიძლებოდა მოწმეც ყოფილიყო, თუმცა იგი ყოველთვის fictus testis-ად (“ყალბ მოწმედ”) რჩებოდა. შეზღუდვების დრო წავიდა. ეს რომანსაც შეეხო. ლექსიკონები, რომლებიც მას კვლავ “პროზაული წარმოსახვის” ნაწარმოებს უწოდებენ, ამგვარი გაგების უკანასკნელი მოჰიკანები არიან.
რომანმა გადალახა ფიქციური იმპერატივის ზღვარი, ისევე როგორც ოჯახმა, უეცრად რომ ამბობს უარს შემბოჭავ ტრადიციაზე, ყოველგვარი გამოსამშვიდობებელი ქება-დიდების გარეშე.
ბოლოდროინდელი ფრანგული ლიტერატურული პრემიები მიიღეს ბიოგრაფიულმა კვლევებმა, ნეკროლოგიურმა პორტრეტმა, ლირიკულმა ოდამ ჯიმი ჰენდრიქსისადმი… მხოლოდ “გონკურია” გამონაკლისი, რომელიც ფიქციურ რომანს გადაეცა.

სიტყვა “რომანი” კარგად აყიდინებს. ამაზე ყველა გამომცემელი თანახმაა. “რომანის” სტატუსი წიგნს თავიდან აცილებს თაროზე დამტვერვას, რაც მოსდის ესეებს. წიგნის “გარომანებას” პრემიის პერსპექტივა განაპირობებს. წიგნი, რომელიც არ არის წარდგენილი, როგორც “რომანი”, პრემიის მიღმა რჩება. იყო შემთხვევები, როცა ჟიურის უთქვამს: “ეს წიგნი რომ რომანი ყოფილიყო, პრემიას მივანიჭებდით”.

მართალია, არის პრემიები, რომლებსაც ესეებსაც აძლევენ, მაგალითად “რენოდო”, მაგრამ ეს თამამი მცდელობაა. “გრასემ” ჭკუა ისწავლა და ამიერიდან, ამ გამომცემლობაში ყველაფერი “რომანია”. ფრედრიკ ბეგბედე “ფრანგულ რომანში” მოგვითხრობს მის ხანმოკლე დაპატიმრებას ნარკოტიკის მიღების გამო, თუმცა ამ წიგნს “რომანი” ჰქვია და “რენოდოც” მიიღო. ბინე, თავის HHhH-ში, პრაღაში, 1942 წლის მკვლელობას იკვლევს. ესეც “რომანია” და “გონკურიც” გადაეცა. ლიბერატი მანსფელდის ტრაგიკულ აღსასრულს აღწერს. კვლავ – “რომანი”, პრემია – “ფემინა”.
არაფიქციური რომანი გასასაღებლადაა შექმნილი. მისი დოკუმენტური ასპექტი სამუშაოს უღეჭავს ჟურნალისტებს, რომლებმაც ლიტერატურაზე ლაპარაკი აღარ იციან.

ნუთუ “რომანის” მნიშვნელობის ამგვარად გაფართოება მხოლოდ მარკეტინგის და ჟურნალისტების სიზარმაცის ბრალია? საქმე არც ასე მარტივადაა. თავად მწერლებშიც ხდება რაღაც. ავტორები დაიღალნენ ფიქციით. მათ რეალური ცხოვრების აღწერა ურჩევნიათ.

ბოლოს და ბოლოს, თუ მზად ვართ ვუსმინოთ ტიპს, რომელიც გვიყვება ისტორიას, რომელიც არ უცხოვრია, რატომ არ უნდა მოვუსმინოთ მას, ვინც, ყველაფერთან ერთად, ეს იცხოვრა კიდეც?!

ფიქცია კრიზისშია. პოსტმოდერნიზმმა და თვითფიქციამ შეუძლებელი გახადა ძველი, კეთილი რომანის დაბრუნება.
ჯერ კიდევ სიურრეალისტები დასცინოდნენ გამოგონილი ამბებით შეზღუდულ რომანს. ამგვარი რომანი დღეს კომაშია, მიუხედავად აქა-იქ შემორჩენილი მოყვარულისა.

საინტერესო რომანები ერიდებიან ძველ ფორმულებს, რომელთა მეშვეობით, ავტორი, წარმოსახვის ბურუსში, ერთსა და იმავე სტერეოტიპულ ინტრიგას გვაყლაპებს. რომანი “ნამდვილისკენ” შეტრიალდა, პირადი ან კოლექტიური გამოცდილებისკენ. აღარაფერია უფრო სასაცილო, ვიდრე შენ მიერვე გამოგონებული პერსონაჟის აღწერაა.

მაგრამ თუ რომანი ფიქცია აღარაა, მაშ, რაღაა?

ერთი რამ ცხადია, წარმოსახვა იქნება თუ არა, რომანს ლიტერატურული ხარისხი ქმნის. “რომანი” გახდა “ლიტერატურის” სინონიმი. ამ შემთხვევაში, მართებული იქნებოდა ახალი სახელის გამოგონება.
შეიძლება, ნებისმიერი წერითი აქტი უკვე ფიქციაა.

და თუ ყველაფერი ფიქციაა, ყველაფერი რომანია.

ხოლო, თუ ყველაფერი რომანია, რომანი აღარაფერს წარმოადგენს.

ალბათ, დროა, ლექსიკონებმა ახალი განსაზღვრება შემოგვთავაზონ.

გრეგუარ ლემენაჟე, “ბიბლიობსი”
ფრანგულიდან თარგმნა ბაჩანა ჩაბრაძემ

კომენტარები

კომენტარი