ლიტერატურა

რას ამბობს ქართული პოეზია დედაზე?

დღეს 3 მარტია, შესაბამისად, დედების დღეა. ამ მხრივ, ქართული პოეზია ძალიან მგრძნობიარეა. მეტიც, არსებობენ პოეტები, რომლებიც დედაზე იმიტომ არ წერენ ლექსებს, რომ ეს თემა ძალიან ფაქიზად მიაჩნიათ და ფრთხილობენ მასთან მოპყრობისას, თუმცა მადლობა გვეთქმის, რომ ქართულმა პოეზიის ისტორიამ არაერთი ულამაზესი, საინტერესო და მტკივნეული ლექსი შემოგვინახა:

ვახტანგ ღლონტი – დედა

შენ რომ გიყვარდა ყავადანი,

დედის ნახსოვარი ყავადანი,

მეზობლის გოგოს გავატანე, დედა!

ხომ გახსოვს გოგო ალვისტანა…

იქვე დავმარხეთ, – ალვებთანა…

მე დარდი ვეღარ ავიტანე,

დარდმა თავისი გაიტანა,დედა!

აღარც ალვატანი,

აღარც ყავადანი,

შენი ვაჟი კი ავად არი,

ძალზე ავად არი, დედა!

თვალი ჭრილობაა ჩვენი სულის, დე…და…

ცრემლი სისხლი არი ჩვენი სულის, დე…და…

თვალი – შენისლული,

სული – შეისრული,

პირობა ვეღარ შეგისრულე,

წუთისოფელი შევიძულე

და… გვედრით მშობლებს გარდასულებს,

რახან დამიწყეთ – დამასრულეთ,

ჩემი ტკივილიც გაასრულეთ, დედა!

კაცი ტალახით ნაშენია, დედა!

ცხოვრება დარდთა გამჩენია, დედა!

მიწაც ხომ ჩვენი სარჩენია,

მაქ წამოსულა რაც ჩვენია,

აქ არაფერი დამრჩენია,

სულ არაფერი, დედა!

სიკვდილი მწარე წამალია, დედა!

არ მორჩა, ვინაც არ დალია, დედა!

უმჯობესია, რაც მალია,

ყველაზე ნაღდი სამალია –

ტკივილებისგან,

კივილებისგან,

სიკვდილებისგან… დედა!

ტარიელ ჭანტურია – დედა

ყოველთვის,
როცა მერცხლები წავლენ…
ყოველთვის,
როცა ფიფქები მოვლენ…
გულო!რამხელა მოწყენას ავლენ!
გულო!რამხელა სინანულს ავლენ!
დედას მაგონებს მე ყველა ფიფქი,
სიცივეც
ქარიც,
გრიგალიც,
თოვლიც…
…გარეთ ქარბუქი არხევდა ჭადრებს,
მინებზე ზამთარს ხატავდა რთვილი,
დედა წვებოდა ყველაზე ადრე,
რომ მე ლოგინი მქონოდა თბილი,
ყველაზე ადრე დგებოდა დილით,
ცოცხლით ოთახის სიჩუმეს გვიდა,
ბავშვს ხომ უნდაო საუზმე თბილი,
-სადილი გვინდა….რაღაცა გვინდა…
მას დარდად გაჰყვა ფიქრები ჩემზე.
არა, აღარ ზის ის საჩეჩელთან
ათოვს დედის გულს, თოვლივით სუფთას.
ის ადრე მოკვდა, ვინ იცის ჩემთვის
ცივი სამარის გათბობაც სურდა……..
და მუდამ, როცა მერცხლები წავლენ,
ყოველთვის, როცა ფიფქები მოვლენ,
გულო!რამხელა მოწყენას ავლენ,
გულო! რამხელა სინანულს ავლენ,
მე ეს სიცივე მაგონებს დედას
დედის ჭაღარას მაგონებს თოვლი…

ბესიკ ხარანაული – ჩემო დედი

ჩემო დედი

დაბერდი და

ლექსებს ირჩევ

სევდიანს,

შენი ძვლები

წამ და უწუმ

სატირალზე სხდებიან,

შენნი ფიქრნი

სად არ წავლენ,

სად არ გადასწვდებიან,

ცოცხალთა და მკვდართა შორის

ბილიკს გაიტკეპნიან…

მერე უცებ

მთელს ქვეყანას

ბრაზით ზურგს შეაქცევენ,

წავლენ,

გაინაპირებენ,

კარავს ცალკე დასცემენ…

უცებ

აღარავინ უნდათ,

პურს მწარეში იწობენ,

დასხდებიან მარტოდმარტო

ქვებსაც შემოიწყობენ.

დედი,

იის ძირში ცხოვრობ

სახლი გიდგას სვეტებით,

სახლს კარიც აქვს,

მაგრამ ვაი,

მე ვერ შემოვეტევი…

დედი, რაა,

ამ ბოლო დროს

სულ საფლავზე გხედავენ,

ბებოჩემი, პაპაჩემი,

შენს თავს შემომედავენ!…

და თუ მართლა წაგიყვანეს,

თუ გაუწყრათ გამჩენი,

კიბეს ხომ მეც ამომაწვდი,

როგორც ხეზე დარჩენილს…

ჩამოვყვები კიბეს, დედი,

სისხლიანი ფეხებით,

დედი, როგორ გავიხარებთ,

როგორ გადავეხვევით!

დიმა ბახუტაშვილი – დედა(ჩემი)

დედაჩემს ცისფერი თვალები ჰქონდა,
კოლხის ქალი იყო დედაჩემი,
ხელი ეკიდა და მივდიოდით,
ბედმა გაგვწირა და აგვიჩემა.

გუშინ გადავქექე დღიურები,
ახლა, ხან ვტირი ხან მეტირება,
საფლავზე მოგიტან იასამანს,
დედა, გაზაფხულზე შეპირებულს.

ცივი, ცარიელი ოთახია,
შენ კი სურათიდან იღიმები,
ალბათ,შენს სოფელში, ქარი არხევს,
მორცხვად თავჩაღუნულ ღიღილოებს.

ქალაქს აფარია, ლურჯი ზეცა,
კადრებს ვერ ვუძებნი, ღია ტონებს,
ბავშვობამ ფრთები შეიკეცა,
შენ რომ წახვედი და მიმატოვე.

დავრჩი პატარა და უსუსური,
ჩემი პეპლებიც კი გამიფრინდნენ,
ერთხელ რაღაც მთხოვე, გამახსენდა,
სანამ სიკვდილის გზას ჩაივლიდი-

ლექსებს რომ დაწერო ამის მერე,
აღარ იქნებაო დედაშენი,
ცრემლებს მალავდი და შეგეპარა-
ხმაში, ღმერთო როგორ შემაშინე.

მერე ამოდიო საფლავზე და,
იქ თქვი, შენსას იქაც გავიგებო,
დედა, ყოველ ღამე მესიზმრება,
შენი საბოლოო დარიგება.

დავალ უცნაურად ფიქრიანი,
წყალსაც წაუღია დანარჩენი,
საფლავს ძველებურად ვასუფთავებთ,
მე და მარტოხელა მამაჩემი,

შენი ნაქსოვი და ნაქარგები,
ისევ გვილაგია ხელუხლებლად,
დედა იმნაირი ქალი იყო,
კარსაც პოეტურად შეუღებდა-

ალბათ საიქიოს მოდარაჯეს,
დედა, გაგვიუქმდა სავენახე,
რას არ გავცემდი და არ დავთმობდი,
ოღონდ ავადმყოფი არ მენახე.

კოლხის ქალი იყო დედაჩემი,
ნანას მიმღერიან კლავიშები,
ისე წავიდა და დამიღამა,
მზე რომ დასავლეთით ჩაეშვება.

 

კომენტარები

კომენტარი