ბლოგი

რა არის დეკონსტრუქცია? (დამწყებთათვის)

ალან კირბი საკუთარ ესეს „პოსტმოდერნიზმის სიკვდილი და შემდეგ“ ბრიტანული უნივერსიტეტის განმარტებების მოდულის ციტირებით იწყებს, სადაც პოსტმოდერნიზმი ცალსახად დეფინიცირებულია, როგორც თანამედროვე კულტურული კონტექსტი, რომლის პროდუქტებიც თავად ვართ. ბრიტანელი კულტურის კრიტიკოსი ცხადია, რომ ამ ციტირებას ირონიულად იყენებს, რადგან მას მიაჩნია, რომ პოსტმოდერნიზმი უკვე შეუდგა საკუთარი თავის გაქრობას, რადგან ის წინააღმდეგობრივია: „პოსტმოდერნიზმმა, ისევე, როგორც მოდერნიზმმა და მანამდე – რომანტიზმმა გააფეტიშა ავტორი, მაშინაც კი, როცა ავტორმა არჩია გაეკრიტიკებინა ან თავი მოეჩვენებინა, რომ გააუქმა საკუთარი სტატუსი.დღესდღეობით კი ერთადერთი ადგილი, სადაც პოსტმოდერნიზმი შენარჩუნებულია ისეთი მულტფილმებია, როგორებიც „შრეკი“ და „უჩვეულონია“. კირბის აზრით, თუ ჟანრის კონტექსტუალურ კრიტიკას შევუდგებით, დავინახავთ, რომ პოსტმოდერნიზმი სამიზნე აუდიტორიას დროდადრო ივიწროებს, რაც მისი გაქრობის მომასწავებელია. თუმცა, ჯერჯერობით, ჩვენ კიდევ გვაქვს ლეგიტიმური უფლება არ დავეთანხმოთ ბრიტანელ კრიტიკოსს და ცოტა ხანი კიდევ გავერთოთ პოსტმოდერნიზმის მოედანზე ცალკარას თამაშით.

თანამედროვე ლიტერატურულ კრიტიკაში პოსტმოდერნიზმი ეფუძნება პოსტსტრუქტურალიზმისა და დეკონსტრუქტივიზმის თეორიასა და პრაქტიკას. ძირითადი ცნებები, რომლებითაც ოპერირებენ ამ მიმართულების მომხრეები, ესენია: „სამყარო, როგორც ტექსტი“. (არაფერი არსებობს ტექსტს მიღმა – დერიდა); ცნობიერება როგორც ტექსტი, ავტორის სიკვდილი,  გრანდნარატივების დეკონსტრუქცია და ა.შ. მაშასადამე, მივედით იმ აზრამდე, რომ პოსტმოდერნიზმმა წინ წამოწია ტექსტის ცნება და ყველანაირი ტექსტოლოგიური საწარმოო ძალები მისი კვლევისკენ მიმართა. ცხადია, რომ თუ არაფერი არსებობს ტექსტის გარეშე, ე.ი. ყველაფერი ტექსტობრივია. ჩვენ, მკითხველებს კი გვჭირდება მეთოდი თუ როგორ მივუდგეთ ტექსტს. ერთ–ერთი ასეთი მეთოდი კი დეკონსტრუქციაა.

ტერმინი „დეკონსტრქუცია“ 1960-იანების პარიზში გაჩნდა და ფრანგი ფილოსოფოსის ჟაკ დერიდას სახელთანაა დაკავშირებული. დეკონსტრუქცია, როგორც აღვნიშნეთ, არის ფილოსოფიური და მხატვრული ტექსტების კრიტიკული ანალიზის მეთოდი, რითიც შეგვიძლია ტექსტის კლასიკური ინტერპრეტაციის დემონტაჟი, ტექსტზე გაბატონებული დისკურსის მოშლა, ტექსტის ახალი გააზრება, ტექსტში შინაგანი წინააღმდეგობების გამორკვევა, რაციონალურობას დაპირისპირება, მთელის ბინარულ ოპოზიციებამდე დაყვანა და ა.შ.

დეკონსტრუქციის პრაქტიკები

დეკონსტრუქცია თეატრში

Related image

ერთი შეხედვით, ყველას გვგონია, რომ სპექტაკლის ზოგადი არსი და მიზანი რელიგიურ და რწმენით კატეგორიების ნაკლებად მიეკუთვნება. პლუს, იმის გათვალისწინებით, რომ სეკულარულ ეპოქაში ყოველთის ვცდილობთ, ინსტიტუციები ზებუნებრივი ძალებისგან გამიჯნულად და დამოუკიდებლად დავინახოთ, მაგრამ ფრანგი ფილოსოფოსი და დეკონსტრუქტივისტი ჟაკ დერიდა სპექტაკლის შესახებ გაბატონებულ შეხედულებას, დომინანტურ დისკურსს ანგრევს და ამბობს, რომ სცენა მთელი თავისი შინაარსითა და სტრუქტურით, თეოლოგიურია: „სცენა თეოლოგიურია იქამდე, სანამ მისი სტრუქტურა, ტრადიციის მთელი სისრულის თანახმად,შემდეგ ელემენტებს მოიცავს: ავტორ – შემოქმედს, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ სახეზე არ არსებობს და შორს იმყოფება, შეიარაღებულია ტექსტით და წარმოდგენის დროს ან მნიშვნელობას აერთიანებს და არეგულირებს… იგი სპექტაკლს ნებას რთავს მისი წარმომადგენლების, რეჟისორების ან აქტორების დათრგუნული, დამორჩილებული ინტერპრეტაციების მეშვეობით გამოითქვას… რომლებიც მეტი თუ ნაკლები უშუალობით

“შემოქმედის” აზრებს გამოთქვამენ. მონა ინტერპრეტატორებს, რომლებიც ერთდროულად “ბატონის” წინასწარგანსაზღვრულ ჩანაფიქრებს ასრულებენ… და ბოლოს, თეოლოგიური სცენა თავის თავში პასიურ, ადგილების მიხედვით დამსხდარ პუბლიკას მოიცავს. პუბლიკას, რომელიც მაყურებლებისაგან, მომხმარებლებისგან და მოსარგებლეებისაგან შედგება”.

დეკონსტრუქცია მხატვრობაში

Image result for ეს არ არის ჩიბუხი

ჩვენ ვიცით, რომ დეკონსტრუქციის ერთ–ერთი მიზანი შინაგანი წინააღმდეგობების გამოაშკარავებაა. მხატვრობაში ამ თეზის გასამარტივებლად რენე მაგრიტის ნაშრომი „ეს არ არის ჩიბუხი“ გამოგვადგება, სადაც დახატულია ჩიბუხი, მაგრამ ავტორი ტექსტით მიგვანიშნებს, რომ ეს არაა ჩიბუხი და თუ არ გვჯერა, ვცადოთ მისი თუთუნით გატენვა. ცხადია, რომ აქ ირაციონალურ აღქმას აქვს ადგილი. თუმცა უნდა გავიხსენოთ მიშელ ფუკოს სიტყვები ნაშრომის შესახებ: “რაც ამ ფიგურის (ჩიბუხის) უცნაურობას ქმნის, სულაც არ არის სურათსა და ტექსტს შორის არსებული „წინააღმდეგობა“. ამას ერთი უბრალო მიზეზი აქვს: წინააღმდეგობა შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ორ ნათქვამს შორის. ან ერთსა და იმავე ნათქვამში. აქ, როგორც ვხედავთ მხოლოდ ერთია ნათქვამი და ის წინააღმდეგობრივი ვერ იქნება.“ ამგვარად, წინააღმდეგობის დისკურსი ფუკოს ერთ–ერთი თეორიით მაგრიტის ნახატში გამორიცხულია.

დეკონსტრუქცია პოეზიაში

Related image

ილიას უნივერსიტეტის რექტორმა გიგა ზედანიამ ლექციაში „დეკონსტრუქცია ანუ სიკვდილი სიცოცხლეში“ ლექსის დეკონსტრუქციის მაგალითად მოიყვანა მუხრან მაჭავარიანის ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ლექსი, სადაც მკვეთრ შინაგან წინააღმდეგობას აქვს ადგილი. პოეტი ლექსში საუბრობს იმაზე, თუ როგორი მრავალფეროვანი ბუნება და ენა გვაქვს: „სიტყვა გინდა?! – მარტო წვიმას აქვს სახელი ცხრა“. ლექსში დეკონსტრუქცია ხდება თავისივე დასაწყისით: „ტა, ტა, ტა, ტა, რანაირად ბრდღვინავს არაგვი! –  საინტერესო ისაა თუ როგორ ხდება ენაში, სადაც მარტო წვიმას აქვს 9 შესატყვისი, არაგვის ბრდღვინვის ხმა არარსებული სიტყვებითაა გამოხატული. ცხადია, რომ „ტა, ტა, ტა,ტა“ ქართული ენისთვის შინაარსმოკლებული ასოთა კომპლექსია.

კიდევ ერთი მაგალითი პოეზიის დეკონსტრუქციისა, ტარიელ ჭანტურიას ერთი პატარა ლექსი შეიძლება გამოდგეს. ლექსს ბუკოლიკური საწყისები აქვს, იგი კლასიკური პეიზაჟით წარმოგვიდგება, თუმცა ლექსში ორმაგი რევოლუცია ხდება.

ქარი არხევდა ჭადრებს,

მწყემსი მისდევდა ნახირს.

ტყის პირას ბიჭი გოგოს

პირში აძლევდა… ნაყინს.

დეკონსტრუქცია არქიტექტურაში

architecture deconstructivism new architects modern arts works eisenman architectural

დეკონსტრუქცია არქიტექტურაში უნდა ხასიათდებოდეს არალინეალური, არასწორხაზოვანი შენონებით, უნდა უპირისპირდებოდეს რაციონალურობას. თუ ჩვენ შენობა–ნაგებობას შევხედვათ, უნდა გვეგონოს რომ იგი შეიძლება დაინგრეს, მაგრამ სინამდვილეში მას მყარი საფუძველი აქვს.

უოლტ დისნეის საკონცერტო დარბაზი, სადაც დეკონსტრუქციისთვის კიდევ ერთი დამახასიათებელი თვისება – კონტროლირებადი ქაოსი იჩენს თავს.

დეკონსტრუქცია პროზაში

Image result for sherlock holmes

არსებობს ასეთი მოთხრობა შერლოკ ჰოლმსის შესახებ, კონან დოილის ცნობილი კორპუსიდან. მოთხრობა არის ძალიან არატიპური, იმიტომ, რომ შერლოკ ჰოლმსი იქ კი არ იძიებს საქმეს, არამედ გადაწყვეტს, რომ თვითონ გახდეს დამნაშავე. მოთხრობის შინაარსი ასეთია: პერსონაჟ ქალს აშანტაჟებენ იმით, რომ მათ ჩაუვარდათ ქალის თავქარიანი წერილები, რომელთა გასაჯაროების შემდეგ ქალის ოჯახური კონფლიქტი გარდაუვალი ხდება. ქალი გადაწყვეტს, დასახმარებლად შერლოკს მიმართოს და შერლოკს არ აქვს სხვა გზა, გარდა იმისა, რომ შეიჭრას შანტაჟიორთა სახლში და მოიპაროს წერილები.

ამ სტატიის დეკონსტრუქცია

პოსტმოდერნისტული კულტურის ერთ–ერთი თვისების საილუსტრაციუად ბორხესის სიტყვები გამოგვადგება: ახალს ვერაფერს შექმნი, ერთადერთი რაც შენ შეგიძლია, წარსულის განსხვავებული ინტერპრეტირებაა. ამიტომაც, ხშირად შევხვდებით სააზროვნო ველსა თუ ტექსტებში ციტაციას.  გამონაკლისი არც ეს სტატიაა. როგორც დღეს დაწერილი ტექსტების 70 პროცენტი, ამ სტატიაში უამრავი ციტირებაა. ისე კი უმბერტო ეკო მართალი იყო, როცა ამბობდა: „ერიდე ციტატებს, მართალი იყო ემერსონი, როცა ამბობდა: „მძულს ციტატები. მარტო ის თქვი, რაც თავად იციო.“

ლექსო ლობჟანიძე

კომენტარები

კომენტარი