შემოქმედებითი ინდუსტრიები

ქართველი დიზაინერების ნამუშევრების გამოფენა ტოკიოში

19-დან 24 მაისის ჩათვლით იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში ქართველი დიზაინერების ნამუშევრების გამოფენა იმართება, სახელწოდებით: What’s New, Georgia?. ღონისძიების ფარგლებში ქართველ დიზაინერებს საშუალება ექნებათ საკუთარი ნამუშევრები უცხოელ აუდიტორიას გააცნონ, დაამყარონ ბიზნესკონტაქტები და  საერთაშორისო ბაზარზე სახელი გაითქვან.

გამოფენის კვირეულში საკუთარ კოლექციებს წარადგენენ ისეთი ქართული ბრენდები, როგორებიცაა: ლაკო ბუკია, ლალო კარდიგანსი, ჩუბიკა, ლაშა დევდარიანი და რია ქებურია. ორგანიზაცია „Project ArtBeat“, რომელიც 2014 წელს დაარსდა და ქართული ხელოვნების სფეროში ინოვაციურ წამოწყებას წარმოადგენს, კვირეულის ფარგლებში გამართავს ფოტოგამოფენას სახელწოდებით “Mother Georgia”, by Brian Griffin, რომელზე გამოსაფენი ფოტოებიც ბრიტანელმა ფოტოგრაფმა 1989 წელს საქართველოში იაპონური ცნობილი ბრენდის დაკვეთით „Comme des Garçons“ გადაიღო.

ღონისძიებების მთავარი ორგანიზატორი ახალგაზრდა იაპონელი ხელოვანი Yoshie Itasaka-ია, რომელმაც ბოლო 6 წლის მანძილზე მოგზაურობის პერიოდში, საქართველოში 3 თვე გაატარა. სწორედ საქართველოში ყოფნის პერიოდში, Yoshie Itasaka-მ სხვადასხვა ფოტო გადაიღო, რომლებზეც აღბეჭდილია საქართველოს კულტურული სიმდიდრეები, გამორჩეული არქიტექტურა, ტრადიციული სამზარეულო, ბუნება და ქართველი ხალხის ცხოვრების სტილი.

კომენტარები

კომენტარი