ვიზუალური ხელოვნება

ქართველი ფოტოგრაფის ნამუშევრები, რომლებიც კომერციული სექსმუშაკების ცხოვრებას ასახავს – გიორგი დუნდუა დაგეგმილი გამოფენის შესახებ

9 მარტს, 18:00 საათზე ფონდ „ღია საზოგადოება -საქართველოს“ საგამოფენო დარბაზში ქართველი ფოტოგრაფის გიორგი დუნდუას პერსონალურ ფოტოგამოფენა სახელწოდებით “კანი, რომელშიც ვცხოვრობ” გაიმართება.
ექსპოზიცია ასახავს კომერციულ სექს მუშაკთა ყოფას, ეკონომიკურად არამდგრად და საზოგადოებრივად მარგინალიზებულ გარემოში.

ფოტოკოლექცია აერთიანებს ავტორის 30-მდე ნამუშევარს. ექსპოზიცია არის ღრმად კონცეპტუალური ხაზი, სადაც დომინანტია იდეა, ინტუიციური აღქმა და განცდები. თავის ნამუშევრებში ფოტოგრაფი გვიჩვენებს „შიშველ“, უგულებელყოფილ ცხოვრებას და ადამიანებს.
ფოტოგამოფენის მიზანია საზოგადოებრივი ცნობიერებისა და მგრძნობელობის გაზრდა საკითხის ირგვლივ.

გამოფენის, სამუშაო პროცესის და ფოტოგრაფის გეგმების შესახებ დუნდუამ “არტნიუსთან” ისაუბრა:

“ფოტოგრაფიისადმი ინტერესი დიდი ხნის განმავლობაში ღვინდებოდა, ეს დაღვინების პროცესი ყველგან მნიშვნელოვანია. ბევრი სწავლა, მიგნება, თვითგანვითარება სჭირდება. სწორედ ამიტომ, მართალია, მე არ ჩამიბარებია ფოტოგრაფიის სასწავლო პროგრამაზე უნივერსიტეტში (აღნიშნული პროგრამა მხოლოდ 1 თუ 2 უნივერსიტეტში იკითხება), ამასაც თავისი გამართლება აქვს და საერთოდ არ ვნანობ, თუმცა არაფორმალურ გარემოში შევიძინე ძალიან დიდი გამოცდილება და ცოდნა. მასობრივი კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებები იძლევა მრავალფეროვან საშუალებას თვითგანვითარებისთვის. ამჟამად ვარ სოციალური ფოტოდოკუმენტალიზმის ქსელის წევრი, სადაც მსოფლიოს რამდენიმე ძალიან კარგი ფოტოგრაფი მუშაობს. ქსელი გვაწვდის ინტენსიურ სასწავლო კურსებს და პლატფორმას, აგრეთვე ჟურნალს, სადაც ჩვენი ნამუშევრები ქვეყნდება. იგეგმება გამოფენებიც, თუმცა ეს პროცესი ჩემთვის მარტივი არ არის, რის გამოც, ჯერ მაქსიმალურად ვცდილობ ბევრი ვიმუშაო. ძირითადი მიმართულება, რომელშიც ვმუშაობ ადამიანთა უფლებებს ეხება, მათ შორის, განსაკუთრებულად მაინტერესებს გენდერული, დევნილ-მიგრანტთა და უმცირესობების საკითხები. აქტიურად დავინტერესდი რელიგიური უმცირესობების პრობლემებით, გასულ წელს ქოლგა თბილისის ფოტოფესტივალის ფარგლებში გვქონდა კოლექტიური ფოტოგამოფენა, ქართველ, სომეხ და აზერბაიჯანელ ფოტოგრაფებს მედიაპლატფორმა “ჩაიხანას” დახმარებით, სადაც თავისუფალ ფოტოგრაფად ვმუშაობ. როგორც ფოტოგრაფს მიზიდავს ჩვენი ქვეყნის მრავალფეროვნება, შეუძლებელია ამას გაექცე, ვმოგზაურობ ხშირად და მოკლე რეპორტაჟებს ვაქვეყნებ რამდენიმე გამოცემაში.

დაგეგმილი გამოფენის თემა ნამდვილად სპეციფიკურია და საკმაოდ მყარ ნაჭუჭშია გამოკეტილი, რადგან საზოგადოება მუდმივად გაურბის ამ ტაბუდადებულ საკითხს. ჩვენ ვიცით, რომ იქ, სადაც ტაბუ არსებობს, ყოველთვის ჩანს კარგად გამოხატული პრობლემაც. ამ თემის ირგვლივ კი ერთიანდება სტიგმატიზირებულ გარემოში მცხოვრები ქალების პრობლემები. ერთი მხრივ, ის, რომ მათ იძულებით უწევთ არამდგრად ეკონომიკურ მდგომარობაში ასეთი გზით თავის რჩენა და მეორე მხრივ, ეს თვითარჩეული სტილი ცხოვრების ბევრ განსაცდელს უწყობს მათ, რომელთაგან კვლევიდან გამოვყოფდი – ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობას, რეპროდუქციული ჯანმრთელობის პრობლემებს, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებით გამოწვეულ სნეულებებს, ფსიქიკურ პრობლემებს, რომელსაც თან ახლავს საზოგადოებრივი გულგრილობა, გარიყვა და ზოგჯერ დევნაც კი. სწორედ ამიტომ მოვიხსენიე კონცეფტის აღწერისას ორი მეტად თვალშისაცემი სიტყვა- პრობლემა: ეკონომიკური სიდუხჭირე და საზოგადოებრივად მარგინალიზებული გარემო. იდეა, გადამეღო ეს ყოველივე, რომელსაც სარჩულად გააჩნდა მეცნიერული კვლევა (ეს კვლევა იყო საერთაშორისო დონის მენტორების მეთვალყურეობით მომზადებული ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში), დაიბადა 2016 წელს, როცა შევხვდი იტალიელ ფოტოგრაფს, რომელიც იტალიაში ფლობს გალერეას. სწორედ მან შემომთავაზა ერთად გვემუშავა გენდერულ პრობლემატიკაზე და რამდენადაც ეს თემატიკა საკმაოდ ახლოა ჩემს ინტერესებთან, ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტეთ ეს საკითხი ამოგვერჩია პრობლემათა ფართო სპექტრიდან. ეს საჭირბოროტო საკითხი საკმაოდ აქტუალურია მთელ მსოფლიოში, თემა კი ტაბუდადებული, რაც მეტად აღრმავებდა ჩვენს ინტერესს. მუშაობის პროცესში მე აღმოვაჩინე, რომ საკითხი უფრო და უფრო მეტ ინტერესს მიჩენდა. პროცესი იყო უაღრესად რთული, ამას გამოფენაზე მოსული დამთვალიერებელიც მარტივად დაასკვნის. როგორ ვთქვა, არ ვიცი – რთულია მოიპოვო იმ ადამიანის გულახდილობა, რომელსაც ჰგონია, რომ შენც ერთი ტყვიით მიხვედი მასთან და რთულია, რომ დაარწმუნო ის იმაში, რომ დიალოგის შემდეგ დასტრესილი კი არ წავა, თავდაჯერება შეემატება.

ფოტოები კონცეპტუალურია თემასთან მიმართებით, ეს ხაზი მოიცავს მათი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტს, გამოწვევას. ყველაფერი ერთიანდება ერთი იდეის გარშემო – გაზარდოს საზოგადოების მგრძნობელობა და
ცნობიერება პრობლემის ირგვლივ. დამთვალიერებელი დაინახავს ჩვეულებრივი ადამიანების ტკბილ-მწარე ყოფას, პრობლემებს, რომლებიც ყველას აწუხებს. გამოფენის სახელზეც ბევრი ვიფიქრე და საბოლოოდ, გადავწყვიტე, რომ ერქვეს “კანი, რომელშიც ვცხოვრობ” – ზუსტად ეს კანი, ეს შეფუთვა, თვითდიზაინი ადამიანისა ქმნის ერთგვარ საბაბს გაუცხოებისა და ჩაგვრისათვის. მოცემულობა, რომელიც გონების მასალად გვეძლევა, გვაიძულებს სამყარო ორ ნაწილად გავყოთ – “ჩვენ” და “სხვები”. როცა კომერციულ სექსმუშაკებზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში ნეგატიურ შეფასებებს ვისმენთ, რასაც მათი ცხოვრების წესი აქვს არგუმენტად, მთლიანადაა ნიველირებული ან თუ გააზრებულია პრობლემები, საზოგადოება მაინც შეუმწყნარებელია. გამოფენაზე ასეთი არ ჩანს მოცემულობა – აქ მნახველს არ ეძლევა მასალა, რომ საზოგადოება ორად გაყოს, აქ წინ წამოწეულია პრობლემატიკა, რომელსაც გვერდს ვერ ავუვლით. მსურს გამოფენა იქცეს ერთგვარ პლატფორმად, რომელიც შესაძლოა ჩავთვალოთ ერთ ბწკარად პრობლემასთან ბრძოლის საქმეში.

გასულ წელს მქონდა გამოფენა, რომელიც ქალთა პრობლემებს ეხებოდა. ძირითადი პრობლემა – ქალი, როგორც ძალადობის მსხვერპლი. ვფიქრობ, გამოფენის ეს შინაარსიც უცხო არ იქნება ადამიანებისთვის. გასულ წელს ვნახე, რომ ბევრი დააინტერესა საკითხმა. რამდენიმე ღია წერილიც მივიღე და გამიხარდა, რომ გამოფენას არა მხოლოდ შეძლებია ცნობიერება გაეზარდა მნახველში, არამედ გამოეწვია თავდაჯერებაც. მწამს, რომ ფოტოგრაფიას თავისი გამომსახველობითი , ვიზუალური ენით შეუძლია არა მხოლოდ კათარზისი გამოიწვიოს ადამიანებში, არამედ გააჩინოს გარკვეული კითხვები, დააფიქროს ადამიანი. ვალტერ ბენიამინი წერდა, რომ თანამედროვე ეპოქაში, როცა გამოფენადობა შემოვიდა მოდაში, ფოტოგრაფიამ და ზოგადად სახვითმა ხელოვნებამ აურა დაკარგა. რამდენადაც მეც ვეთანხმები გარკვეულწილად ამ თვალსაზრისს, ყოველთვის ვცდილობ ისეთი სივრცე შევქმნა, სადაც ადამიანს საშუალება ექნება ფოტოს შრეებში შევიდეს და არა მხოლოდ ამოეწონოს ან არ მოეწონოს იგი. ამ მხრივაც ეს გამოფენა იტყვის თავის სიტყვას – მნახველს მიეცემა შესაძლებლობა მოთავსდეს ფოტოგრაფის კანში და აღმოჩენის გზით ჩაწვდეს იდეას”,-ამბობს დუნდუა.

გიორგი დუნდუას ნამუშევრებმა, რომლებიც შესულია ფოთოექსპოზიციაში “კანი, რომელშიც ვცხოვრობ”, მოიპოვა I ადგილი კონკურსში, რომელიც ქალთა საინფორმაციო ცენტრის ინიციატივითა და კოალიცია ,,განათლება ყველასათვის- საქართველოს’’ მხარდაჭერით 2017 წლის ქალთა მიმართ ძალადობის 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი