არქიტექტურა, არქეოლოგია კულტურა

რა ხდება თანდოიანცის ეკლესიის ირგვლივ?

2017 წლის ივლისში ხელისუფლებამ თბილისში, აღმაშენებლის გამზირის #38-ში მდებარე დაზიანებული ეკლესია და მისი მიმდებარე ტერიტორია საქართველოს საპატრიარქოს გადასცა. ერთი შეხედვით, ამ ფაქტში გასაოცარი და აღსაშფოთებელი არაფერია, თუმცა ყველაფერს თავისი მეორე მხარე აქვს.

პირველი პროტესტი, რომელიც ამ ნაბიჯს მოჰყვა, იყო ის, რომ ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუმა ხელისუფლება ამხილა, რომ მათ ტაძრის ისტორიული წარმომავლობა და კულტურულ–კონფენსიური მახასიათებლები შესწავლილი არ ჰქონდათ.

“ეკლესიის სომხური წარმომავლობა და ის ფაქტი, რომ ტაძარი საბჭოთა ოკუპაციამდე სომეხთა სამოციქულო ეკლესიის ეპარქიას ეკუთვნოდა, არაერთი წყაროთი დასტურდება. აღმაშენებლის N38-ში შემორჩენილია სომხურენოვანი წარწერა შემდეგი შინაარსით:

“ეს სასწავლებელი აშენებულია პირადი სახსრებით, თბილისელი ქვრივის, კეკელ გრიგორიან-თანდოიანცის მიერ, წარმომავლობით ბაბასიანისა, მისი ძმის ალექსანდრე გრიგორიან-ბაბასიანის ხელშეწყობით   მათი  და  ამ ეკლესიის ამშენებლების სულების მოსახსენიებლად, რომლებიც დაკრძალულნი არიან ამ  ტაძარში –  სააკ თანდოიანცის ეკლესიაში … 1883 წ.

არქივში დაცული სხვადასხვა წყაროების თანახმად, 1866 წელს თბილისის საპატიო მოქალაქე ისააკ მარტიროსიან თანდოიანცმა მითითებულ ადგილზე სომხური ეკლესია ააშენა. მანამდე 1850-იანი წლებიდან ძველი სასაფლაოს ტერიტორიაზე აშენდა ხის დროებითი ეკლესია სომხური ადგილობრივი მრევლისთვის.

Image may contain: outdoor

საბჭოთა ტოტალიტარული მმართველობის დროს, სხვა საკულტო დანიშნულების ნაგებობების მსგავსად, განხორციელდა მითითებული სომხური ეკლესიის ჩამორთმევა და მისი გამოყენება ბოლო პერიოდში ხორციელდებოდა კინოთეატრის დანიშნულებით (ე.წ კინოთეატრი კოლხიდა).

აღმაშენებლის გამზ. N38-ში მდებარე, თანდოიანცის ტაძრის კონფესიური კუთვნილება სომხური ეკლესიისადმი,  არც სახელმწიფოს და არც საქართველოს საპატრიარქოს მხრიდან 2017 წლამდე, მითითებული საკულტო ნაგებობის საქართველოს საპატრიარქოს საკუთრებაში დარეგისტრირებამდე,  სადავო არ გამხდარა.

აღმაშენებლის 38-ში მდებარე საცხოვრებელ სახლს, მათ შორის ეკლესიას მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი, შესაბამისად მასზე ვრცელდება „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სათანადო დაცვის სტანდარტები.  ძეგლთა დაცვის სააგენტოს მიერ, 2017 წლის დეკემბერში მითითებულ ტერიტორიაზე კვლევითი სამუშაოების ნებართვა გაიცა, თუმცა რეალურად ადგილზე არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობდა.

საპატრიარქოს არქეოლოგის შეფასების თანახმად, თავდაპირველ ეტაპზე იყო ვარაუდი, რომ ამ ტერიტორიაზე სომხური ტაძარი იყო, თუმცა არქეოლოგიური გათხრების შედეგად დადასტურდა, რომ ტერიტორიაზე ოთხჯერ, ქართული ტაძარი აშენდა, რაც საბოლოოდ განადგურდა. არქეოლოგი მერაბ ძნელაძე, რომელიც უძღვება საპატრიარქოს მხრიდან ეკლესიაში განხორციელებულ სამუშაოებს უთითებს, რომ :”გაწმენდითი სამუშაოების შედეგად ოთხი ეკლესიის ნანგრევები და საფლავის ქვები აღმოაჩინეს. ჩვენი ვარაუდით, ამ ადგილზე ოთხჯერ მოხდა ტაძრის აშენება და შემდგომში დანგრევა. ამ ეკლესიის ერთ-ერთი აღმდგენელი იყო ცნობილი საზოგადო მოღვაწე საეკლესიო პირი პეტრე იმნაძე. მისი დამსახურებით არის ასევე აშენებული წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი. აქ არის ქართული საფლავები აღმოჩენილი, რომელიც დათარიღებულია 1773 და 1786 წლებით. არქიტექტორები ვარაუდობენ, რომ ნანგრევები შენარჩუნებული იქნება საჩვენებლად, შემდგომში კი ახალი ტაძარი აშენდება. ამ ადგილზე წლების მანძილზე ანტისანიტარია იყო, მეზობლები აქტიურად გვეხმარებიან, მათ შორის არიან მართლმადიდებელი სომხებიც”

“არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ არქიტექტორი დებდა მიკერძოებულ, ყალბ დასკვნებს. რითიც ზიანი მიადგა კულტურულ მემკვიდრეობას, ქალაქ თბილისის იერსახეს. საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, ვალდებულნი ხართ დაიწყოთ საქმის შესწავლა და გამოძიება დაუყოვნებლივ” – მიმართავენ თბილისის მერიას მოქალაქეები.

Image may contain: outdoor

 

კომენტარები

კომენტარი